ხშირად დასმული შეკითხვები

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ დაარსდა თბილისში 2017 წელს ქართველი მეღვინეების მიერ. ასოციაცია არის იმ მევენახე-მეღვინეების გაერთიანება, ვინც ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების მხოლოდ ბუნებრივ, ორგანულ, ბიო ან ბიოდინამიკურ მეთოდებს იყენებს და აღიარებს.

ასოციაციის მთავარი მიზანია, ერთმანეთს დააკავშიროს ასოციაციის წევრი მეღვინეები და ბუნებრივი ღვინით დაინტერესებული ადამიანები. ასოციაციას სურს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციას და მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც ბუნებრივი ღვინის ფილოსოფიას იზიარებს.

ასოციაციის სახელმძღვანელო დოკუმენტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაციის ოფიციალური პორტალიდან  www.nwa.ge.

ასოციაციაში გაწევრიანების ძირითადი მიზანი უნდა იყოს იმ შეხედულებების და ფილოსოფიის გაზიარება, რომელსაც ასოციაცია ატარებს. ასოციაციის წევრობა მეღვინეს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ გამოფენებში, სადაც მონაწილეობა შეზღუდულია და მხოლოდ ასოციაციის წევრებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგალითად, „ამერიმერი’’ და ,,ზერო კომპრომაისი‘‘ ,  ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი ღვინის გამოფენა RAW WINE, რომელიც ტარდება მსოფლიოს ისეთ დიდ ქალებში, როგორიცაა ლოს ანჯელესი, ბერლინი, ტოკიო, ნიუ-იორკი და სხვა. ამ გამოფენებში საქართველოდან მონაწილეობა მხოლოდ ასოციაციის წევრს ან  ბიოსერთიფიცირებულ მარანს შეუძლია. 

ასოციაციის წევრობა ღვინის ადგილობრივ მყიდველებს ეხმარება, იოლად მოახდინონ ნატურალური ღვინის იდენტიფიცირება და  ეს მეღვინეს ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ღვინის გაყიდვაში. ასევე, გზას უხსნის იმპორტიორებს, ადვილად მოიძიონ ბუნებრივი ღვინო  და მეღვინეებს შუამავლების გარეშე დაუკავშირდნენ. თუმცა, ეს არ  ნიშნავს რიამე სახის გარანტიას ღვინის რეალიზაციის კუთხით. 

ამას გარდა, ტურისტული სააგენტოები, გიდები ხშირად სარგებლობენ ასოციაციის ვებ-გვერდით (www.nwa.ge), რათა გაარკვიონ კონკრეტული მარანი არის თუ არა ასოციაციის წევრი და აწარმოებს თუ არა ბუნებრივ ღვინოს. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ბუნებრივი ღვინის მოძიება შეუძლიათ.

ასოციაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ასოციაციისთვის განაცხადით მიმართვა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა და 2-წლიანი ინსპექტირების პროცესის წარმატებით გავლა.

იურიდიული პირს, რომელიც აკმაყოფილებს ასოციაციის მიერ დადგენილ ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესებს შეუძლია შეავსოს განაცხადი წევრობის შესახებ.

განაცხადების მიღებისას  გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის: 

  • რეკომენდატორების ვინაობა და რაოდენობა;
  • საკუთარი ვენახის გარდა, სხვა ვენახის ყურძნის შესყიდვის პრაქტიკა;
  • იმ მომენტისათვის ასოციაციის წევრების დათქმული მაქსიმალური რაოდენობა.

ასოციაციაში გაწევრიანების ინიცირება შეუძლია ნებისმიერ კანდიდატ მარანს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 

  • გაცნობილია ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას (დანართი 1) და პასუხისმგებლობას იღებს დაიცვას აღნიშნულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები.
  • სრულყოფილად აქვს შევსებული წევრობასთან დაკავშირებით ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული განაცხადი  (დანართი 2) და იანვრიდან მარტის ბოლომდე პერიოდში გაგზავნილი აქვს ასოციაციის ელ. ფოსტაზე: [email protected].  (მარტის შემდგომ გაგზავნილი განაცხადი განხილული იქნება მომდევნო წელს).
  • არ ფლობს კონვენციურ ვენახს და მარანს, რომელიც მოიცავს ნებისმიერ იმ ვენახსა და მარანს, რომლის მოვლაც არ იწარმოება ასოციაციის წესების შესაბამისად.
  • საკუთრებაში აქვს სულ მცირე 1000 (ათასი) კვ.მ. მსხმოიარე ვენახი და მარანი, რაც უნდა დასტურდებოდეს მის მიერ წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტებით - ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან. (დასაშვებია მშობლების, დედმამიშვილების, მეუღლის, ან/და შვილების სახელზე გაფორმებული მარნის და ვენახის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საკუთრების მფლობელი პირის თანხმობა ასოციაციაში გაწევრიანებაზე).
  • გადახდილი აქვს ასოციაციის კანდიდატის საწევრო გადასახადის პირველადი შენატანი არა უგვიანეს 1 აპრილამდე.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მაგრამ მიმდინარე წლის ინსპექტირებაში მოხვედრისთვის აუცილებელია ასოციაციაში განაცხადი შემოვიდეს შესაბამისი წლის 1 იანვრიდან მარტის ბოლომდე. (მარტის შემდგომ გაგზავნილი განაცხადი განხილული იქნება მომდევნო წელს).

ასოციაციის წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის დამფუძნებელი წევრების უმრავლესობა. მათ წარედგინებათ წევრობის კანდიდატის მეურნეობის ინსპექტირების ანგარიში, რის საფუძველზეც დამფუძნებლები იღებენ გადაწვეტილებას ასოციაციაში მისი გაწევრიანების შესახებ. კრიტერიუმები, რითაც დამფუძნებლები ხელმძღვანელობენ, დეტალურად გაწერილია კანდიდატთან ხელშეკრულებაში.