სიახლე . 10-05-2022
მინდვრის უკონტროლო ხანძრები ვენახებს ანადგურებს
ბაღ-ვენახების გადაწვა ბოლო წლებში ქართული სოფლის დიდ პრობლემად იქცა. ცეცხლს, როგორც წესი, ის ადამიანები აჩენენ, რომლებიც მარცვლოვანი კულტურების მომკის შემდეგ, ნაკვეთში არსებულ ნარჩენებს ცეცხლის მოკიდებით „ასუფთავებენ“. ცეცხლის გაკონტროლება ძნელია და ხშირია შემთხვევები, როცა ასე უაზროდ გაჩენილ ხანძარს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიჯრით მდებარე ნაკვეთი, მათ შორის - ბაღ-ვენახები გაუნადგურებია. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებიც არაერთხელ დაზარალებულან ასეთი ხანძრებისგან.
მარანი „ნიკას“ ვენახები კარდენახში რამდენჯერმე დაწვეს. მევენახე ნიკა ბახია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი კანონის გამკაცრებაა: „ვენახს თითქმის ყოველ წელს მიწვავენ. ერთი ხანძარი შარშანაც ჩავაქრე. ამ კუთხით კახეთში დიდი განუკითხაობაა. მე რაც დავთვალე, 23-ჯერ გაჩნდა ხანძარი ჩემს ვენახში. მერე, უბრალოდ, აღარ დამითვლია. წარაფის მიკროზონაში ერთი ჰექტარი საფერავი ფაქტობრივად მთლიანად დამიწვეს. ვფიქრობ, აუცილებელია, კანონში ჩაიწეროს, რომ სადაც ვენახია, იქ საერთოდ აიკრძალოს ცეცხლის დანთება“.
გიორგი ვოლსკი - „ანდრიას ღვინის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა კანონი კი არ არის, არამედ მისი აღუსრულებლობა: „ამ მავნე პრაქტიკის გამო, ორჯერ დამიწვეს ვენახი. უმეტეს შემთხვევებში, სახანძრო მანქანები ვერც ასწრებენ მისვლას და ძალიან დიდი ფართის ნათესები და ნარგავები ნადგურდება. ვენახს ვინ ჩივის, რამდენჯერმე სახლებიც დაეწვა ხალხს. არც ერთხელ არათუ არავინ მიუციათ პასუხისგებაში, საქმეც არ აღძრულა, რომ ვინმე საპრევენციოდ მაინც შეეშინებინათ. კანონები ხშირად კი გვაქვს ძალიან კარგი, მაგრამ აღსრულებაზე გვეშველება რამე?!“
გაჩენილ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა კასპში მდებარე „ნიაბის მარნის“ ვენახები. ნიკო ბერიაშვილს ძალიან გაუმართლა, რომ ხანძრის დროს ადგილზე იმყოფებოდა: „ორიოდე წლის წინ გვიან შემოდგომაზე ვენახის სიახლოვეს გაჩნდა ხანძარი. აქვე ვიყავი და სასწრაფოდ სახანძრო სამსახური გამოვიძახე. მეხანძრეები მალე მოვიდნენ და ცეცხლიც ჩააქრეს. ხანძარი დიდ ფართობზე არ გადასულა, მაგრამ იყო საშიშროება, ქარს ვენახამდე მოეყვანა. როგორც გაირკვა, ცეცხლი ბალახის დასაწვავად დაანთეს და შემდეგ ვეღარ მართეს. ჩემი ვენახი, საბედნიეროდ, გადარჩა“.
მინდვრის ხანძრების პრობლემის თაობაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების - CENN-ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარდა კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი. როგორც გაირკვა, უფრო მეტად პრობლემაა პრევენციული ზომების არარსებობა და სამართალდამრღვევი პირების დაუსჯელობა. კვლევის შედეგებზე ორგანიზაციებმა ინფორმაცია მიაწოდეს მევენახეებს და ფერმერებს. მომზადდა საჯარო მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სახელზე, რომლითაც 50-ზე მეტი მეურნე, პირველ რიგში, კანონის აღსრულებას ითხოვს.
„საქართველოს კანონმდებლობით, ნაკვეთების სტიქიურ და უკონტროლო გადაწვას და დაუცველ ზონებში კოცონის გაჩაღებას აქვს სამართალდარღვევის კლასიფიკაცია, დაწესებულია საკმაოდ მაღალი სანქციები, განსაზღვრულია აღსრულების პროცედურები და დადგენილია უფლებამოსილი ორგანო - საპატრულო პოლიცია. თუმცა, ხანძრების პრევენციის ეს საკვანძო რეგულაციები ე.წ. „მკვდარი ნორმებია“ და პრაქტიკაში არ ხორციელდება. მათი ამოქმედება, სიფრთხილისა და ჰუმანურობის პრინციპების გათვალისწინებით, მოიტანს სწრაფ შედეგებს ქვეყნის ხანძრებისგან დასაცავად. ამისთვის საჭიროა ზომების მიღება, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, პირველ რიგში, შსს-ს მიერ“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორთა განცხადებით, თუკი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი შეესწრო ნაკვეთის ნამწვერალი ნარჩენის გადაწვის ფაქტს, პოლიციელი ვალდებულია, ადგილზევე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს ცეცხლის გამჩენი პირი. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ვიდეო ან ფოტო გადაღებით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
მიმართვის ერთ-ერთ ხელმომწერი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ამავდროულად ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია. მისი მარანი - „ჭორტაულის ვენახები“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარეობს, სადაც გლეხები ასევე ხშირად უკიდებენ ცეცხლს ნაკვეთებს „გასუფთავების მიზნით“.
„ორი მთავარი პრობლემაა - დაბალი ცნობიერება და კანონის აღუსრულებლობა. კვლევაზე მუშაობისას, როცა მევენახეებს შევხვდით, იყო დისკუსია - ჯერ ცნობიერება ავამაღლოთ იმ ხალხის, ვინც ცეცხლს უკიდებს ნაკვეთებს თუ კანონის აღსრულებაზე ვიფიქროთო. ზაფხულში თითქმის ყოველ დღე ხანძარია და პრაქტიკულად არავინ არ არის დასჯილი. ეს საჯარო ინფორმაციით დასტურდება. ამიტომ კანონი თუკი აღსრულდება და ცეცხლის წამკიდებლები დაჯარიმდებიან, ამით ცნობიერებაც კარგად აუმაღლდებათ“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი ასევე ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია - „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ მეღვინე. მისი თქმით, ხანძრის ხელოვნურად გაჩენა, თუნდაც - საკუთარ ნაკვეთზე და თუნდაც - „კეთილი განზრახვით“, აკრძალულია და 500 ლარით ისჯება, მაგრამ ეს არავინ იცის და კანონსაც არავინ იცავს. „მიზეზი მარტივია - მსგავს სამართალდარღვევაზე დღემდე არავინ რეაგირებდა. ცეცხლი კი დღისითაც ჩანს და ღამითაც, თან - შორიდანაც და ნებისმიერ მანძილზე მოძრავი საპატრულო ეკიპაჟისთვის მარტივი აღმოსაჩენია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, როცა ერთ დღესაც ეს ნორმა ამოქმედდება, მით უმეტეს, თუ ეს ნაკვეთებისა და ფოთლების დაწვის სეზონს დაემთხვა, როცა სოფლები კვამლშია გახვეული. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ მეორე დღიდან უკვე ყველა დაფიქრდება, ვიდრე ცეცხლს გააჩენს. ამიტომ ეს ინიციატივა მარტო ხანძრების კი არა, ჯარიმების პრევენციაცაა.
რეზო გეთიაშვილი: „ცეცხლის გაჩენისთვის არანაირი „კეთილი განზრახვა“ არ არსებობს - ვანადგურებთ საკუთარ და სხვის ქონებას და რესურსებს; ცეცხლში ვბუგავთ ცხოველებს და ფრინველებს; ვწამლავთ ჰაერს, რომელსაც მერე ჩვენივე შვილებს ვასუნთქებთ; ჰაერში ვუშვებთ სათბურ აირს, რომ კლიმატის ცვლილების კიდევ უფრო მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გამოვცადოთ; არ ვიცავთ უსაფრთხოების უმარტივეს ნორმებს, რის გამოც ხანძარი შედის ტყეებში, ბაღებში, ყანებში… შეიძლება, გაანადგუროს ქარსაცავები, გადავიდეს საცხოვრებელ სახლებზე, გამოიწვიოს მასშტაბური კატასტროფა... რა თქმა უნდა, ამ ქმედებისკენ ზოგჯერ ობიექტური გარემოებებიც გვიბიძგებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის გამოუვალი მდგომარეობა და უმეტესწილად მარტივად, იაფად და პირიქით, სარფიანადაც გვარდება. ამიტომ, სანქციების ამოქმედების პარალელურად, სახელმწიფომ მოსახლეობას სწორედ ეს გზები უნდა შესთავაზოს, პირველ რიგში კი, ყველა საშუალებით გაავრცელოს ინფორმაცია როგორც ჯარიმების, ასევე ხელოვნური ხანძრების სხვა სიავის შესახებ. ეს არის მავნე ტრადიცია და დროა, შევცვალოთ“.
მიმართვაზე ხელმომწერი მევენახეები აცხადებენ, რომ რაკი კანონი უკვე არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რამდენიმე წლის წინ მიღებული რეგულაცია დღეს თუ ხვალ აუცილებლად ამოქმედდება. სახელმწიფომ, პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული საქმიანობით, უნდა უზრუნველყოს, რომ მოსახლეობა კანონს მომზადებული შეხვდეს.