RAW WINE 2021-ის მონაწილეები საქართველოდან
RAW WINE 2021-ის მონაწილეები საქართველოდან

სიახლე14-03-2022

28 ნოემბერს ბერლინში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე - „RAW WINE 2021“ საქართველოდან 12 მარანი მონაწილეობდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია. რამდენიმე ქართველი მეღვინე ბუნებრივი ღვინის ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე პირველად წარსდგა.

 

NWA.GE გთავაზობთ RAW WINE 2021-ის მონაწილეთა შთაბეჭდილებებს. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის დედაქალაქში ისინი არა მხოლოდ საკუთარ მარნებს, არამედ ზოგადად ქართულ ღვინოს წარმოადგენდნენ და ბერლინის მისია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო.

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა სოსო მათიაშვილმა და მისმა ძმამ ბერლინში თავიანთი საოჯახო მარნის ღვინოები ჩაიტანეს.

 

სოსო მათიაშვილი, „მათიაშვილის მარანი“: „მსგავსი გამოფენა ჩემთვის, როგორც მეღვინისთვის, პირველი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერმა კარგად და საინტერესოდ ჩაიარა. ყველამ დავინახეთ, რომ ქართული ღვინო, განსაკუთრებით კი - ქვევრის ღვინო, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუდამ იზრდება მისი ცნობადობა.

 

რაც შეეხება ჩვენს ღვინოს - „მათიაშვილის მარნის“ ღვინოებიდან განსაკუთრებით ორი ნიმუშის მიმართ იყო დიდი ინტერესი. მონაცემებიც გავცვალეთ რამდენიმე მყიდველთან. ველოდებით პასუხს და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შედგება.

 

ყველა ქართველ მეღვინეს ვურჩევდი - თუ აქვთ საშუალება, აუცილებლად გაიტანონ ევროპულ გამოფენებზე თავიანთი ღვინო, რადგან ეს ძალიან ეხმარება როგორც კომპანიას, ისე ზოგადად ქართულ ღვინოს, რომ უფრო ცნობადი გახდეს და კარგად გაიყიდოს“.

 

სოსო მათიაშვილის მსგავსად, გამოფენაზე თავისი ოჯახის ღვინო წარადგინა გვანცა აბულაძემ. ბერლინში ასევე იმყოფებოდა აბულაძეების ბიძა, ცნობილი მეღვინე ზურაბ ღვალაძე.

 

გვანცა აბულაძე, მარანი „ბაიას ღვინო“: „გამოფენამ ძალიან  წარმატებით ჩაიარა და ეს განსაკუთრებით სასიხარულო იყო ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ. ქართული ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ბუნებრივია, ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ამ პროცესს. ბერლინში შევხვდით ჩვენს ძველ მეგობრებს და უამრავ ახალ ადამიანს. ჩვენი ღვინით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. თუმცა, ჯერ რთულია ახალ გარიგებებზე რამე კონკრეტულის თქმა, რადგან ისევ მოლაპარაკების პროცესში ვართ. ვფიქრობ, ყველა მეღვინემ უნდა სცადოს მსგავს გამოფენებში მონაწილეობა“.

 

გერმანიაში მოღვაწე მხატვარი და სკულპტორი ნიკა ბახია დიდი ხანია, მეღვინეობითაა დაკავებული. ბუნებრივი ღვინის მიმართულება მისთვის მეღვინეობის დაწყებისთანავე უმთავრესი იყო. გერმანიის და ზოგადად ევროპის ღვინის საზოგადოება ნიკასთვის კარგადაა ცნობილი. იგი RAW WINE-ის ერთ-ერთი ვეტერანი მონაწილეა და შესაძლოა, ამიტომ გამოფენისადმი მისი პოზიცია სხვებზე კრიტიკულია.

 

ნიკა ბახია, მარანი „ნიკა“: „წლევანდელ გამოფენაზე, სამწუხაროდ, ნაკლები ხალხი იყო და პირბადის ხმარების აუცილებლობაც ბევრ პრობლემას ქმნიდა. მე განსაკუთრებული მოლოდინები არ მქონია. ისიც დავინახე, რომ ქართული ღვინის მიმართ არის გარკვეული ინტერესის კლება უცხოელებში. ღვინით დაინტერესებული ადამიანები საკუთრივ მეღვინეებს თუ იცნობენ, უშუალოდ მათთან მიდიან და მხოლოდ მათ ღვინოს სინჯავენ. ალბათ, ჯერ კიდევ რაღაც აკლია საქართველოს და ქართულ ღვინოს სათანადოდ წარმოსაჩენად“. 

 

ხაშმელი მეღვინე გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ ბერლინში მისი ღვინისადმი უფრო მეტი ინტერესი იყო, ვიდრე ორი წლის წინანდელ გამოფენაზე, როდესაც ახალი კორონავირუსის პანდემია საერთოდ არ არსებობდა.

 

გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „წლევანდელმა გამოფენამ საკმაოდ კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ორის ნაცვლად, ერთი დღით იყო. ეპიდემიასთან დაკავშირებული და გართულებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მოლოდინი მქონდა, რომ შეიძლებოდა, RAW WINE არც კი ჩატარებულიყო. ამის საპირისპიროდ, ვნახე, რომ ბევრი დაინტერესებული ხალხი მოვიდა. ორი წლის წინანდელ გამოფენასთან შედარებით, უფრო მეტად იგრძნობოდა დაინტერესება ქართული ღვინით. ეს კი მეტყველებს, რომ ცნობადობა მნიშვნელოვნად მატულობს. ამ ორი წლის განმავლობაში, თავისთავად, იმანაც იმოქმედა, რომ გამოფენასაც მონატრებული იყო ხალხი და ბიზნესის აქტიურობის ზრდასთან ერთად, ახალი ხალხიც უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე წინა გამოფენაზე. RAW WINE-ზე უკვე მეოთხე წელია, რაც დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი თვალით ვხედავ აქტიურობის და ცნობადობის ზრდას. 2018 წელს თუკი თითქმის ყველასთვის მიწევდა ახსნა, რა იყო ქვევრი, ახლა არავინ მოსულა ისეთი, ვისაც ქვევრის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგებული. პოპულარობას რაც შეეხება, ჩვენი ღვინო არის ნიშური პროდუქტი. ის ვერასდროს გახდება მასობრივი წარმოების პროდუქტი ბევრი მიზეზის გამო და ეს არც ჩვენს ინტერესშია. მთავარია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ღვინო“.

 

RAW WINE 2021-ის მონაწილე მეღვინეები კოლეგებს ურჩევენ, რომ პირველ რიგში, სწორად განსაზღვრონ თავიანთი მომხმარებლების სეგმენტი - ადამიანები, ვისაც ბუნებრივი ღვინო აინტერესებთ. ამის შემდეგ კი უნდა შეარჩიონ ისეთი გამოფენები, როგორიც მათ ინტერესებზე იქნება უფრო მორგებული. მთავარია, აწარმოონ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამის გარეშე ბუნებრივი ღვინის ბაზარზე დამკვიდრება პრაქტიკულად შეუძლებელია!