„ბუნებრივი ღვინის წარმოება  ფინანსურად მომგებიანი გახდა“ - ინტერვიუ ზურა მღვდლიაშვილთან
„ბუნებრივი ღვინის წარმოება ფინანსურად მომგებიანი გახდა“ - ინტერვიუ ზურა მღვდლიაშვილთან

სიახლე14-03-2022

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ 2017 წლის 11 მარტს დაფუძნდა. ორგანიზაციის წინამორბედი იყო ასოციაცია „ქვევრის ღვინო“, რომელსაც ცნობილი მეღვინე სოლიკო ცაიშვილი ხელმძღვანელობდა. „ქვევრის ღვინო“ მისი სახელიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ქვევრში ღვინის დამყენებელ  მეღვინეებს აერთიანებდა. შემდეგ გადაწყდა, რომ მთავარი იყო ბუნებრივი პროდუქტი და შანსი ყველასთვის უნდა მიეცათ განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჭურჭელს მიანიჭებდა უპირატესობას. 

 

ახალი ასოციაციის მიზანი პირველყოვლისა იყო ისეთი მარნების გაერთიანება, რომლებიც ეწეოდნენ მხოლოდ ორგანულ მევენახეობას და ბუნებრივი წესით ღვინის დაყენებას. ამისათვის გადაწყდა შექმნილიყო სახელმძღვანელო, რომელიც ჩამოაყალიბებდა და განსაზღვრავდა ბუნებრივად ღვინის დაყენების წესებს. ასევე შეიქმნა ამ წესების დაცვისთვის საჭირო მონიტორინგის სისტემა, რომლითაც დღემდე ხდება ასოციაციის წევრი მარნების ინპექტირება.  

 

ასოციაცია ასევე უნდა ყოფილიყო მისი წევრი მარნების საერთო ინტერესების დამცველი  ხელისუფლებასთან ან სხვა მესამე პირებთან ურთიერთობაში. ასეც მოხდა. ორგანიზაციის შექმნიდან ძალიან მალე ასოციაცია აქტიურად ჩაერთო იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა მომზადებული. ეს ცვლილებები მოიცავდა საექსპორტო ღვინოების სავალდებულო დეგუსტაციაზე გატანის ვალდებულებას, რაც ძალიან გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა ბუნებრივი ღვინის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, ბუნებრივი ღვინოები ხშირად ისეთი არასტანდარტული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, რომელიც სრულად უცხოა და ხშირად მიუღებელი სტანდარული, ინდუსტრიული ღვინის შეფასებისას. საბედნიეროდ, ასოციაციის დამფუძნებლების ძალისხმევამ და რამდენიმე თვიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და სოფლის მეურნების სამინისტროსთან მიღწეულ იქნა ისეთი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. 

 

ასოციაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ),  რომელიც დღესაც აგრძელებს, გერმანიის მთავრობის სახელით, ასოციაციის  მხარდაჭერას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.

 

გლობალური პანდემიის მიუხედავად, ასოციაცია არ გაჩერებულა. კვლავინდებურად  გრძელდება წევრობის კანდიდატებისა და უკვე მოქმედი წევრი მარნებისა და ვენახების ინსპექტირება, ახალი წევრების მიღება და, რაც მთავარია, კვლავ იგეგმება ღვინის მოყვარულებში უკვე ძალიან პოპულარული ბუნებრივი ღვინის ფესტივალები. ასოციაციის დამფუძნებელს, ზურა მღვდლიაშვილს იმედი აქვს, რომ 2022 წელს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ და  მისი წევრი მცირე მარნები საქმიანობას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებენ.  

 

ზურა მღვდლიაშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს დირექტორი: „გლობალური პანდემიის გამო ჩვენ, სამწუხაროდ, გამოვტოვეთ ასოციაციის მიერ ორგანიზებული სამი ფესტივალი. მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა ჩვენი წევრების ღვინოების უცხოეთში გაგზავნა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინის გაყიდვა არ შეჩერებულა. ცუდი ისაა, რომ დამწყებ მეღვინეებს არ მიეცათ იმპორტიორებთან შეხვედრის საშუალება.

 

- ღვინის მოყვარულები განსაკუთრებულად ელოდებიან თქვენს მიერ ორგანიზებულ ბუნებრივი ღვინის ფესტივალებს - „ Zero Compromise" -სა და „ამერ-იმერს“...

 

- მომავალი ფესტივალი "Zero Compromise 2022" იგეგმება სავარაუდოდ მომავალი წლის მაისში. იქიდან გამომდინარე, რომ „რო-ვაინმა“ უკვე დააანოსა მომავალი ღონისძიებები, იმედი გვაქვს ჩვენი ფესტივალებიც არ მოექცევა შეზღუდვის ქვეშ. მიხარია, რომ ბევრი ახალი მარანია, რომელთა შესახებ ღვინის მოყვარულებმა და იმპორტიორებმა ჯერ არ იციან და დარწმუნებული ვარ ჩვენს ფესტივალებზე სასიამოვნო სიურპრიზები მუდამ იქნება. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ  ჩვენს ღონისძიებებზე ტრადიციულად მართლაც  მრავალფეროვანი ღვინოების ასორტიმენტია და ამ ღვინოებს მხოლოდ ჩვენი ასოციაციის წევრი მეღვინეები ქმნიან.

 

- თქვენი ფესტივალები რამდენად ეხმარება მეღვინეებს ღვინის რეალიზაციაში?

- ეს ფესტივალები არის უნიკალური შესაძლებლობა დამწყები მარნებისთვის, რომ ღვინო ისეთ ქვეყნებში წარადგინონ, სადაც წასვლასაც სხვადასხვა მიზეზებით ვერ ახერხებენ.  ფესტივალებით ამ ადამიანებს ფანჯარას ვუხსნით საუკეთესო ბაზრებისკენ. მევენახე-მეღვინეს შესაძლებლობა აქვს პირდაპირ დაელაპარაკოს იმპორტიორს და აუხსნას თუ როგორი მარანი აქვს, როგორ ღვინოს აყენებს და ეს ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

- ასოციაციაში კვლავ გრძელდება ახალი წევრების მიღება?

- ჩვენ ვაგრძელებთ „ღია კარის“ პოლიტიკას და ახალი მარნების მიღება პანდემიის მიუხედავად გრძელდება. განაცხადების მიღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა, ყოველი წლის 25 აპრილის შემდეგ შემოტანილი განაცხადები განიხილება 1 წლის შემდეგ. განაცხადის შემოტანიდან 4 თვის ვადაში ტარდება ვენახისა და მარნის პირველადი ინსპექტირება, რა დროსაც მზადდება შემაჯამებელი ანგარიში და განსახილველად გადაეცემა ასოციაციის დამფუძნებლებს. ამის შემდგომ, ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება დამფუძნებელთა კრება, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას მარნების გაწევრიანების შესახებ.  

 

- თქვენი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში რამდენად განვითარდა და პოპულარული გახდა ბუნებრივი ღვინის მიმართულება?

- ის რომ ბუნებრივი ღვინო პოპულარული ხდება  - ეს უკვე თვალშისაცემია. ის ხალხიც კი ეძებს ბუნებრივ ღვინოს, რომლებმაც ჯერ კარგად არ იციან ამ ფენომენის შესახებ. ეს ხდება მასობრივად. არის ბევრი დახურული ინტერნეტ-ჯგუფი, სადაც ადამიანები ერთმანეთს სთავაზობენ სხვადასხვა სასმელს და იქაც აშკარაა, რომ იკვეთება ინტერესი „ბიო“ ყურძნისა და ღვინის მიმართ. ეს იმითაც დასტურდება რომ ამ ტენდენციას ფეხი დიდმა მარნებმაც კი აუწყვეს და მათაც დაიწყეს ისეთი ღვინის წარმოება, სადაც დამატებითი მინარევები და არასასურველი შხამ-ქიმიკატები მათი განცხადებით მინუმუმამდეა დაყვანილი.

 

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივი ღვინო მოდური გახდა?

- შეიძლება ასეც ითქვას. ფაქტია, რომ თბილისში სულ უფრო მეტი ცნობილი რესტორანი ავსებს თავის მენიუს მცირე მარნების ბუნებრივი ღვინოებით  და გაყიდვები ასევე ყოველწლიურად იზრდება ძირითად საექსპორტო ბაზრებზე, როგორიც არის აშშ, ევროკავშირის და აზიის ქვეყნები“.