სიახლე . 21-08-2023
ცოტა რამ ღვინის ეტიკეტებზე
საინტერესოა, რომ ეტიკეტები საკმაოდ გვიან გაჩნდა. როგორც ვარაუდობენ, პირველი ეტიკეტები მეთვრამეტე საუკუნეში შექმნეს. იმ პერიოდში ეტიკეტს იმისთვის იყენებდნენ, რომ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ თვალსაჩინო ყოფილიყო. ღვინის ეტიკეტი კი, იმ სახით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, მხოლოდ მაშინ გახდა აქტუალური, როდესაც ბოთლების გამოყენება დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებით ყიდდნენ, რომლებზეც მწარმოებლის ბეჭედი იყო დასმული.
მხატვარი-დიზაინერი და ღვინის საინტერესო ეტიკეტების ავტორი მამუკა ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის ბოთლის ეტიკეტი თავისი ზომითა და ფორმატით შეზღუდული ინფორმაციის გადმოცემის საშუალებას იძლევა, თუმცა, ყველაფერი რაც ღვინოსთან კავშირშია, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და შემოქმედებითი. იგი ფიქრობს, რომ მთავარია ეტიკეტის შექმნის დროს მეღვინემაც და მხატვარმაც გამოხატონ საკუთარი ფანტაზია.
მამუკა ტყეშელაშვილი, მხატვარი: „ეტიკეტის შექმნის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ღვინის გემოვნური თვისებები, წარმომავლობა, ისტორია, ტრადიციები, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ... ძალიან ბევრი ფიქრი და შრომა უნდა, რომ ჰარმონიულად წარმოჩნდეს ღვინის იერსახე და გემოვნური თვისებები (ფორმა და შინაარსი).
- ეტიკეტების შექმნის კულტურას არც ისე დიდი ხნის ტრადიცია აქვს ჩვენში. რატომ მოხდა ასე?
- თუ გავიხსენებთ უახლეს ისტორიას და საბჭოთა წარსულს, მაშინ გაყალბებული იყო როგორც ღვინო, ასევე ბოთლზე დატანილი ინფორმაციაც. უსახური, არაფრის მთქმელი ეტიკეტები. ბოლო წლებში დაიწყო ქართული ღვინის ახალი სიცოცხლე, როცა გაჩნდა უამრავი მარანი, დაარსდა ღვინის ფესტივალები და ეტიკეტების ხარისხიც ძალიან დაიხვეწა. ბოლო დროს ღვინის თაროებზე ბევრ საინტერესო ეტიკეტს შეხვდებით.
- რას გვეტყვით თანამედროვე ღვინის ეტიკეტებზე?
- ყველას გვინახავს უცხოური ღვინის ეტიკეტები და ვხედავთ როგორ ხელოვნების დონეზეა აყვანილი ეს კულტურა. დასავლეთში საოცარ სიმაღლეებს მიაღწიეს ამ კუთხით. შეიძლება ათვალიერო ღვინის ბოთლები და ისეთი ეტიკეტები ჰქონდეთ, რომ დაგემოვნების დაუცხრომელი ინტერესი გაგიჩნდეს. იმედი მაქვს, ჩვენი ღვინოებიც თავისი ვიზუალით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ როგორც მსოფლიოს ღვინის მაღაზიების თაროებზე, ასევე ღვინის მოყვარულთა გულებში.
- თქვენი აზრით, რითი უნდა გამოირჩეოდეს მცირე მარნების ღვინის ეტიკეტები?
- მცირე მარნის ღვინის ეტიკეტები, რა თქმა უნდა, განსხვავდება დიდი მწარმოებლების ე.წ ღვინის ქარხნის პროდუქციიდან. დიდი მარნების შემთხვევაში უფრო სხვა ნიუანსებზეა აქცენტი, ეტიკეტებს უფრო მეტად ამკობენ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ხაზებით და დეტალებით. მცირე მარნის ღვინოებს მეტი სისადავე, სიმარტივე უხდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე შეზღუდვა არსებობს. მხატვარი-დიზაინერის და შემკვეთის კოლაბორაცია ნიშნავს შემოქმედებითად ბოლომდე თავისუფლებას. მთავარი მაინც საბოლოო შედეგია.
- რა შეცდომები შეიძლება არსებობდეს ღვინის ეტიკეტზე?
- პირველ რიგში, ეტიკეტზე უნდა დაიტანოთ მწარმოებელის ლოგო ან სამარკო ნიშანი. შემდეგ ღვინის სახეობა, დასახელება, წარმომავლობა (ტოპონიმი), წელიწადი , როდის შეიქმნა, ალკოჰოლის შემცველობა და ბოთლის მოცულობა, რა თქმა უნდა, რომელ ქვეყანაშია წარმოებული. დაწვრილებითი ინფორმაცია ე.წ კონტრ ეტიკეტზეა მოცემული და ეს ყველაფერი ისედაც კანონით რეგულირდება.
- ღვინის ეტიკეტის მხატვრულ-ვიზუალურ მხარეზე რას გვეტყვით?
- ყოველთვის სასურველია სისადავე და ზომიერების დაცვა, თუმცა, ფანტაზიის გასაქანს არა აქვს საზღვარი. ფანტაზია არის ამოუწურავი და შედევრების შექმნაა შესაძლებელი , მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია შიგთავსი. ზედმიწევნით ჰარმონიულად უნდა შეესატყვისებოდეს გარეგნული იერსახე ღვინის ხასიათს და გემოვნურ თვისებებს. ეს არის ყველაზე მთავარი პოსტულატი.
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ძალიან ძვირადღირებულ ღვინოზე მეღვინის დიდი ამბიცია იგრძნობა. ცდილობენ ეს ყველაფერი ეტიკეტზე გადმოიტანონ და ეტიკეტს ამკობენ ოქროს და ვერცხლისფერი ჩუქურთმებით თუ სხვადასხვა პომპეზური გამოსახულებებით. ამ დროს უფრო დაბალფასიან სეგმენტში შეხვდებით ღვინოებს, სადაც ეტიკეტი ელემენტარული ლაკონურობით, ორიგინალურობით და მაღალი გემოვნებით არის შესრულებული და გეუფლებათ სურვილი რომ შეიძინო, გახსნა და დააგემოვნო“.