სიახლე . 11-12-2023
ბერლინის RAW WINE-ზე 12 ქართული მცირე მარანი მონაწილეობდა
28 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მსოფლიოში ცნობილი ბუნებრივი ღვინის გამოფენა-ფესტივალი - RAW WINE 2021 გაიმართა. ეს იყო გლობალური პანდემიის შემდეგ მეღვინეების, ღვინის მოყვარულების, ღვინით მოვაჭრეებისა და მეღვინეობის სპეციალისტების პირველი საერთო დიდი ღონისძიება, რაც იძლევა იმედს, რომ მსგავსი გამოფენები მომავალ 2022 წელს აღარ გადაიდება და ბუნებრივი ღვინის განვითარებას პანდემია სამომავლოდ ვეღარ შეაფერხებს.
ბერლინის RAW WINE 2021-ში მთელი მსოფლიოდან 130 ღვინის მარანი და მაგარი ალკოჰოლური სასმელის სახდელი მონაწილეობდა. მონაწილე მარნების აბსოლუტური უმრავლესობა მცირე საოჯახო მარნების კატეგორიაში გადის და მათ ყველას პირველყოვლისა ბუნებრივი ღვინის ფილოსოფია აერთიანებს, რაც ყურძნის მოყვანას და შემდეგ უკვე ღვინის დაყენებას ყოველგვარი დამატებითი ჩარევისა და მინარევების გარეშე გულისხმობს.
ესაა თანამოაზრეების ერთგვარი გაერთიანება, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ ღვინოებს მთელი მსოფლიოდან ჩასულ ღვინის მოვაჭრეებს აცნობენ, ასევე იცნობენ ერთმანეთს, სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურას, დაყენების ხერხებს, მეთოდებს, ვენახის მოვლის საშუალებებს და ამ გზით ყალიბდება ერთგვარი მოძრაობა, რომელსაც „ნატურალური ღვინის მსოფლიო მოძრაობა“ შეიძლება ეწოდოს.
წელს ბერლინის ღვინის გამოფენაში მონაწილეობას მეღვინეები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, დანიიდან, ჰოლანდიიდან, სლოვენიიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ფინეთიდანაც კი იღებდნენ.
RAW WINE რა თქმა უნდა არც ქართული ღვინის გარეშე დარჩენილა. ბერლინში ქართული ღვინო 12-მა მცირე მარანმა წარადგინა კახეთიდან, მესხეთიდან, ქართლიდან და იმერეთიდან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს წევრია.
ბერლინში ქართული ღვინო შემდეგმა მარნებმა წარადგინეს:
- „ბაიას ღვინო“ (იმერეთი);
- „ნათენაძის ღვინის მარანი“ (მესხეთი);
- „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“ (კახეთი);
- „გოცას მარანი“ (ქვემო ქართლი);
- „ანაპეა“ (კახეთი);
- „ანბანი“ (კახეთი);
- „ეთნო“ (კახეთი)
- „ლევანის ღვინის მარანი“ (კახეთი);
- „ნიკას ღვინო“ (კახეთი);
- „მათიაშვილის ღვინის მარანი“ (კახეთი);
- „თედოს მარანი“ (კახეთი);
- „ანდრიას ღვინო“ (კახეთი).
გამოფენა თავიდან ბოლომდე კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციებით წარიმართა და ღონისძიების მიმდინარეობისას ორგანიზატორების მხრიდან გერმანული წესრიგით მუდამ კონტროლდებოდა ანტისაპანდემიო წესების დაცულობა. თუმცა, ამას ღვინის ექსპორტით დაინტერესებულთათვის ხელი არ შეუშლია დაეგემოვნებინათ მათთვის სასურველი ღვინო და დაედოთ სარფიანი გარიგებები.
RAW WINE 2021 არ ყოფილა გამონაკლისი და წინა გამოფენების მსგავსად, ამ გამოფენაზეც ქართული ღვინისადმი არაერთმა ღვინით მოავაჭრე ნეგოციანტმა გამოთქვა ინტერესი. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ და მარტივად არჩევდნენ ჩვენს ღვინოს სახეობებისა და ყურძნის ჯიშების კუთხითაც კი. თუმცა, წელს გამოჩნდნენ ამ სფეროში სრულიად ახალი ადამიანები, რომლებმაც ქართული ღვინო ახლა აღმოაჩინეს და ირწმუნეს მისი პერსპექტიულობა თუნდაც ბიზნესის კუთხით.
ზოგადად, იშვიათად ნახავდით ღვინის სპეციალისტს, რომელსაც სხვადასხვა წლებში არ გაესინჯა ევროპაში უკვე ჰიტად ქცეული ქართული ღვინოები - საფერავი, რქაწითელი, ცოლიკოური, მწვანე კახური და სხვა... ამგვარი ცნობადობა, მაგალითად, 20 წლის წინ ქართველი მეღვინეებისთვის საოცნებო და წარმოუდგენელი იყო, ახლა კი უკვე რეალობაა და ეს პირველყოვლისა ბოლო წლებში მეღვინეების, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და მცირე მარნების აქტიურობის დამსახურებაა.
ბერლინის ბუნებრივი ღვინის გამოფენის შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი, როდესაც გერმანიაში წარმოდგენილი ქართული ღვინის კონკრეტული ნიმუშები ევროპის და მსოფლიოს ცნობილ ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში დაიდებს ბინას. ხოლო RAW WINE 2021-ზე მონაწილე ქართული მარნების წარმომადგენლების შთაბეჭდილებებსა და გამოფენაზე წარმოჩენილ, მეღვინეობაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე მომავალში ვისაუბრებთ.