სიახლე . 14-03-2022
2021 წლის რთველი მეღვინეების შეფასებით
საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება, შემდეგ ქართლში გრძელდება და დასავლეთ საქართველოში სრულდება. 2021 წლის რთველს ქართული მცირე მარნების წარმომადგენლები სხვადასხვანაირად აფასებენ და ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მიკროზონაში არსებულ კლიმატურ, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მევენახე-მეღვინის სურვილებზე, როგორი ყურძნის მიღება სურდა საღვინედ. ალბათ საინტერესო იქნება დასრულდებულ რთველს და ღვინის მაცერაციის პროცესს როგორ აფასებენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრები.
ალეკო ნარიმანიძე, „ალექსანდრეს მარანი“ (კახეთი): „წლევანდელი მოსავალი ჩვენთან, შიდა კახეთში ძალიან კარგი იყო. სულ შერჩევით დავკრიფე ყურძენი. გახშირებულმა წვიმებმა მართალია ცუდად იმოქმედა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ეს ღვინის ხარისხზე არ აისახება. ძირითადად რქაწითელი და მწვანე კახური დავკრიფე და ჯამში 8 ტონა დავწურე. აქედან 2 ტონამდე მწვანე კახური იყო“.
თამუნა ბიძინაშვილი, „კორტავების მარანი“ (კახეთი): „ჩვენსკენ, ყვარლისკენ, სამწუხაროდ, არ იყო კარგი მოსავალი და არ ვარ კმაყოფილი წლევანდელი მოსავლით. ღვინოს რაც შეეხება, ყველა პროცედურამ ნორმალურად ჩაიარა. ღვინის დადუღებას და შაქრის დაშლას ძირითადად უჭაჭოდ ვეცადეთ რომ ყოფილიყო და მგონი კარგად გამოგვივიდა.
სამწუხაროდ, ჩვენს ვენახს ჰქონდა ჭრაქი, ნაცარი და ალაგ-ალაგ სიდამპლეც. სეტყვაც შეგვეხო. ცოტა ხნის წინ მუხრანში ვიყიდეთ ვენახი, სადაც ჩინური მაქვს „თამუნას ღვინისთვის“ და ქართლში პირიქით - საოცარი მოსავალი მივიღეთ!“.
ამირან ვეფხვაძე, „ამირან ვეფხვაძის მარანი“ (იმერეთი): „Მიუხედავად ძალიან ჭირვეული ამინდებისა, წლევანდელი ყურძნის მოსავალი კარგად "გამოვაძვრინე" რთული სიტუაციიდან და ვფიქრობ ჯანმრთელი მოსავალი მივიღე. Წელს ვენახი მთლიანად „კოსაიდით“ და გოგირდით ვწამლე, რამაც მგონი გაამართლა. Წელს მექნება იმერული წესით დაყენებული ცოლიკოური, ციცქა, და კრახუნა. ევროპულად დავაყენე კრახუნა. ვარდისფერი ციცქა-ოცხანურის საფერე და ცალკე ოცხანური საფერე".
გოგიტა მაკარიძე, კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“ (იმერეთი): „წელს იყო უფრო წვიმიანი ზაფხული და ღვინოები შედარებით მსუბუქი და ხალისიანი იქნება. ციცქა 1800 ლიტრი დავწურე, ცოლიკოური 1700 ლიტრი, ოცხანური 1300, დონდღლაბი 400 და ალადასტური 500 ლიტრი. იმედი მაქვს, ყველა პროცესი კარგად ჩაივლის“.
გოჩა ჭრელაშვილი, მარანი „დიმის ფერდობი“(იმერეთი): „მოსავალი წელს ცოტა იყო, მაგრამ ხარისხიანი. წელს ძირითადად დავწურეთ ცოლიკოური, ოცხანური საფერე. წელს ახლადგაშენებულ ძელშავს პირველი ნიშანი ჰქონდა და დაახლოებით 100 კილომდე მოვიდა. ცოლიკოურს შაქრიანობა ერთ ნაკვეთში 20% ჰქონდა, მეორეში 24%. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ღვინოები ცალ-ცალკე დავწუროთ და ვნახოთ როგორი გამოვა“.
ელგუჯა გოდერძიშვილი, ,,გოდერძიშვილების მარანი’’ (კახეთი): ,,2021 წლის რთველით კმაყოფილები ვართ. მართალია, ივნისი-ივლისის თვეში გვალვამ მცირედით დააზიანა ახალგაზრდა ვაზი, თუმცა, მთლიან მოსავალზე ამას გავლენა არ ჰქონია. ყურძენმა კარგი შაქრიანობა დააგროვა (25-27%) და გემოზეც საკმაოდ სასიამოვნო გახლდათ. ვფიქრობთ, 2021 წლის ღვინო მაღალალკოჰოლური და ტანინიანი იქნება. არის ალბათობა, ღვინოში მცირე დონით იყოს ნარჩენი შაქრიანობა".
ბაია აბულაძე, „ბაიას ღვინო“ (იმერეთი): „ჩვენი კუთხის მევენახეობა-მეღვინეობისათვის საინტერესო წელი იყო, თუმცა, გამოწვევებით სავსე. სექტემბერშივე ძალიან აცივდა და ამის გამო ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ღვინოები მჟავიანობით იქნება გამორჩული. თუმცა, ამასთან ერთად, არომატულ ღვინოებსაც უნდა ველოდოთ, რადგან დავკრიფეთ რიგი ყურძნის ჯიშები, რომლებსაც არომატები ძალიან კარგად შეუძლიათ განავითარონ. იმედი მაქვს 2021 წლის მოსავლიდან ხარისხიანი ღვინოები გვექნება“.
ლაშა გურული, მარანი „ენკენი“ (იმერეთი): „წელს ყურძენი ცოტა ადრე დავკრიფე - სექტემბრის ბოლოს. ამიტომ წვიმებით გამოწვეულ სიდამპლეს გადავურჩი. წელს 3 ღვინო მექნება: ციცქა, ცოლიკოური და ძელშავი. სამივე ღვინო ევროპული წესით დავაყენე, ქვევრში, უჭაჭოდ".