ახმეტური ღვინის აწმყო და მომავალი
ახმეტური ღვინის აწმყო და მომავალი

სიახლე14-03-2022

დიდი ხნის მანძილზე ახმეტა ითვლებოდა მეღვინეობისთვის ნაკლებად საინტერესო ტერიტორიად და ეს ყველაზე ნათლად საბჭოთა კავშირის ეპოქაში არსებული კოლმეურნეობების მიერ ნაწარმოებ პროდუქციაში ჩანდა. ახმეტაში არსებული კოლმეურნეობები ძირითადად მეცხვარეობაზე, მეხილეობაზე, მეაბრეშუმეობასა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაზე იყვნენ ორიენტირებული. არსებობდა საერთო აზრი, რომ ახმეტის ყურძენი მეღვინეობის კუთხით არ იყო საინტერესო და კონკურენციას ვერ გაუწევდა, მაგალითად, თელავურ ანდა გურჯაანის საუკეთესო სოფლების ღვინოს.

 

ამ შეხედულებისა და ხალხის მხრიდან არასწორი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახმეტის მუნიციპალიტეტის (ადრე ახმეტის რაიონის) მოსახლეობის კუთხური წარმომავლობაცაა. როგორც ცნობილია ახმეტაში ძალიან ცოტა კახელი ცხოვრობს და აქ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაა ჩასახლებული, რომლებიც მესაქონლეობაზე იყვნენ ორიენტირებულნი და ტრადიციად მევენახეობა-მეღვინეობა არასოდეს ჰქონიათ. ზემო და ქვემო ალვანში, ასევე სოფელ ლალისყურში (რომელიც ახლა თელავის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის) მცხოვრები თუშები, ქისტაურში, ოჟიოში, ახშანში და საკუთრივ ქალაქ ახმეტაში მცხოვრები ხევსურები და ფშავლები, მატანში მცხოვრები მთიულები ადრე თავადაც არ ინტერესდებოდნენ ახმეტის მიწის სავენახე შესაძლებლობებით და აქედან გამომდინარე არსებობდა მოსაზრება, რომ ახმეტა უფრო საძოვარად იყო, ვიდრე ვენახის მხარედ.

 

ამას ემატებოდა ისიც, რომ ისტორული მთა-თუშეთი ადმინისტრაციულად სწორედ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და დღესაც, ახმეტის ერთ-ერთი ძირითად შემოსავალს სწორედ თუშეთი იძლევა თავისი ტრადიციული მეცხვარეობითა და ბოლო წლებში გააქტიურებული ტურისტული ბიზნესით.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს ახმეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - პანკისის ხეობა. მნიშვნელოვანია პანკისის ხეობის ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობაც, სადაც სავარაუდოდ ისედაც არ მოვიდოდა ხარისხიანი ყურძენი, როგორიც მაგალითად დღეს არგოხში ან ქისტაურში მოჰყავთ. ახმეტის სოფლებში (მაღრაანი და ფიჩხოვანი) ასევე ცხოვრობენ ოსები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მელუდეობობით არიან ცნობილი, ვიდრე ღვინის დაყენებით.

 

მევენახე-მეღვინე ლექსო ციხელიშვილს ვენახები ძირითადად სოფელ ქისტაურში აქვს, მარანი კი ზემო ალვანში მოაწყო. იგი ბუნებრივი, „ბიო“ ღვინის დამზადებზეა ორიენტირებული და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრი მეღვინეა. ღვინოს ევროკავშირის ქვეყნების გარდა აშშ-ში აშშ-სა და იაპონიაშიც ყიდის. განსაკუთრებით მის მარანში დაყენებული კახური მწვანეა ცნობილი და პოპულარული.

 

ლექსო ციხელიშვილი, “ციხელიშვილების მარანი“ : “ახლა უკვე ყველამ დაინახა და აღიარა, რომ ახმეტა გამოირჩევა თავისი ორიგინალური კლიმატით. ვაზის ჯიშებს რაც შეეხება, ოდითგანვე ცნობილი იყო ახმეტის ქისი და ახმეტის მწვანე. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ გაჩნდა ჩვენი მხარესადმი ინტერესის საერთო ტენდენცია და გამორჩეულ ტერუარად ჩამოვყალიბდით.

 

ახმეტა, რომელიც სამი მდინარის, ორვილის, ილტოს და ალაზნის შესაყარზე მდებარეობს გამორჩეული მიკრო კლიმატით ხასიათდება, აქ ზამთარი ზომიერად თბილია, ხოლო ზაფხული ზომიერად ცხელი, რაც ყურძნის სრულ ფიზიოლოგიურ სიმწიფეში შესვლის საშუალებას იძლევა. გამორჩეული მიკროკლიმატში, ალუვიური ძლიერ კარბონატული ნიადაგებზე განფენილი ვენახები არაჩვეულებრივ მოსავალს იძლევა. ისტორიულად ახმეტის ღვინო ყოველთვის გამორჩეული იყო, ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს აღუნიშნავს ახმეტის ღვინის ღირსებები.

 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ კიდევ ერთმა წევრმა, მარან „ახმეტის ღვინის სახლის“ დამფუძნებელმა, მევენახე-მეღვინე ნიკოლოზ გარსევანიშვილმა ჩვენთან საუბარი ახმეტის გამორჩეული მიკროზონებით და ვაზის ჯიშებით დაიწყო.

 

ნიკოლოზ გარსევანიშვილი, “ახმეტის ღვინის სახლი”: „ახმეტის ჯიშური მრავალფეროვნებიდან გამოვყოფდი მწვანე კახურს, რომელისგანაც ადგილობრივად განსაკუთრებით გამორჩეულად, განსხვავებული და სხეულიანი ქარვისფერი ღვინო დგება. გამოვყოფ ხიხვს, რომელიც ახმეტაში „ჯანანურას“ სახელითაა ცნობილი და ქისს, რომელზეც ამბობენ, რომ ენდემურად მაღრანული კუმსისა და მწვანე კახურისგანაა წამოშობილი. ვგულისხმობ, რომ სწორედ ჩამოთვლილი მიზების გამო სახელმწიფომაც აღიარა ამ მიკროზონის გამორჩეული თავისებურება და საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს, ღვინო "ახმეტა" დაამატა, რომელიც თეთრი ღვინის შემთხვევაში კახური მწვანისა და ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში კახური მწვანისა და ქისის დაყენებით მიიღება“.