პანდემიის შემდეგ ბერლინში ბუნებრივი ღვინის გამოფენა RAW WINE პირველად გაიმართება
პანდემიის შემდეგ ბერლინში ბუნებრივი ღვინის გამოფენა RAW WINE პირველად გაიმართება

სიახლე14-03-2022

28 ნოემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბუნებრივი ღვინის ცნობილი გამოფენა RAW WINE გაიმართება. RAW WINE ნატურალური ღვინის ყველაზე დიდი გამოფენაა, სადაც მეღვინეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩადიან. ამ გამოფენაში ტრადიციულად მონაწილეობას ქართული მცირე მარნების წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც საკუთარ ღვინოებს მთელი მსოფლიოდან ჩასულ ექსპერტებს, ღვინით მოვაჭრეებს და ზოგადად ბუნებრივი ღვინით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ.  დეტალები იხილეთ:  https://tinyurl.com/4sbncd6d

 

RAW WINE-ს ორგანიზატორების მოთხოვნით, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მარანი იყოს ან ბიო სერთიფიცირებული (მაგალითად, „კავკასსერტის“ მიერ) ან იყოს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი. ქართველი მეღვინეები ბერლინში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიდიან. ასევე სააგენტო წლებია მეღვინეებს ეხმარება ღვინოების გამოფენებზე გაგზავნაში.

 

გამოფენებზე ხდება მეღვინეებისა და მათი ღვინის მთავარი რეალიზატორების - ღვინის იმპორტიორების, რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელების შეხვედრა. ამას გარდა, მეღვინეებს საშუალება ეძლევათ გასინჯონ ბუნებრივი ღვინოები ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან და ამ გზით გაეცნონ ბუნებრივი ღვინის მიმართულებით არსებულ ახალ  ტენდენციებს.

 

ბერლინის RAW WINE ფაქტობრივად პირველი ღვინის გამოფენაა გლობალური პანდემიის შემდეგ და ეს მეღვინეებს იმედს აძლევს, რომ სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებები აღარ გადაიდება გაურკვეველი ვადით. პანდემიის დაწყებამდე ბევრი ქართველი მეღვინე ემზადებოდა უცხოეთში გასამართი გამოფენებისთვის, ზოგს უკვე დაჯავშნილიც კი ჰქონდათ თვითმფრინავის ბილეთები და სასტუმროები, მაგრამ 2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე ყველა გამოფენა და ფესტივალი გაუქმდა.

 

2022 წელს ბუნებრივი ღვინის გამოფენები დაგეგმილია ლოს-ანჟელესში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ვენეციაში, ვერონაში, ბოლონიაში, მილანში, ტურინში, მონრეალში, ტოკიოში, პიაჩენცაში, პარმაში, გენუაში, ლონდონში და სხვა.