ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ 5 დეკემბერს გაიმართება
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ 5 დეკემბერს გაიმართება

სიახლე23-09-2026

ბუნებრივი ღვინის მოყვარულებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიება - სოლიკო ცაიშვილის სახელობის ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“  5 დეკემბერს კვლავ წყალტუბოში გაიმართება. ფესტივალი სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ (წყალტუბო რუსთაველის ქ. №23) ჩატარდება. ტრადიციულად, ღონისძიებაში მონაწილეობას „ასოციაცია  ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები მიიღებენ, რომლებიც სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და დეგუსტაციის შესაძლებლობას შესთავაზებენ.

„ამერიმერი“ პირველად 2017 წელს ქუთაისში ჩატარდა და ფესტივალს უკვე 10 წლის ისტორია აქვს. თავდაპირველად ფესტივალის იდეა საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში მისი ჩატარება და ქვეყნის ყველა კუთხის ღვინის წარმოჩენა იყო. პირველი „ამერიმერი“ ქუთაისში სწორედ იმიტომ გაიმართა, რომ იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ბუნებრივი ღვინის სპეციალიზებული ფესტივალი, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

ფესტივალი დღემდე იმერეთში ტარდება და მისი უმთავრესი მიზანია, დასავლეთ საქართველოს ღვინის მოყვარულებისთვის ბუნებრივი ღვინო უფრო ხელმისაწვდომი იყოს და მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, უშუალოდ შეხვდნენ და გაესაუბრონ ბუნებრივი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს. „ამერიმერი“ ორი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ ჩატარებულა, თუმცა 2022 წელს ფესტივალი წყალტუბოში დაბრუნდა.

2024 წლიდან, ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ გადაწყვეტილებით, ფესტივალს სოლიკო ცაიშვილის სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება მის ღვინის კულტურაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. სოლიკო ცაიშვილი „ამერიმერის“ ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი იყო, თავად მოიფიქრა ფესტივალის სახელწოდებაც და პირველ ფესტივალშიც, 2017 წელს, „ჩვენი ღვინის“ მარნით მონაწილეობდა. სოლიკო 2018 წელს გარდაიცვალა, თუმცა ფესტივალის წარმატება დღემდე მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სახელთან და ამ სფეროს განვითარებაში შეტანილ მის მნიშვნელოვან წვლილთან.

„ამერიმერი“ ყოველწლიურად თავს უყრის როგორც ღვინის მოყვარულებს, ისე მეღვინეებს, სომელიეებს, რესტორნების წარმომადგენლებს, ღვინის იმპორტიორებსა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს. ფესტივალი არა მხოლოდ დეგუსტაციის, არამედ გამოცდილების, იდეებისა და პროფესიული ურთიერთობების გაზიარების სივრცეცაა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცირე საოჯახო მარნების მიერ დაყენებული ბუნებრივი ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშისა და სტილის ღვინოები, უშუალოდ მეღვინეებისგან მოისმინონ თითოეული ღვინის ისტორია, გაეცნონ მათი წარმოების მეთოდებსა და იმ ფილოსოფიას, რომელიც ბუნებრივი მეღვინეობის საფუძველს წარმოადგენს.

ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვისაც, ვინც ქართულ ბუნებრივ ღვინოს ახლა ეცნობა. ასეთ ღონისძიებებზე სტუმრები ერთმანეთისგან განსხვავებულ ღვინოებს ადარებენ, უკეთ ეცნობიან ქართულ საღვინე ჯიშებს და პირადად ხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ვენახიდან ბოთლამდე ღვინის შექმნის ყველა ეტაპში მონაწილეობენ.

 

ბილეთების ლინკი: tkt.ge/AMERIMERI2026