ხაჩიკ გიურჯიანი - ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი სომხეთში, შროშის ქვევრებით
ხაჩიკ გიურჯიანი - ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი სომხეთში, შროშის ქვევრებით

სიახლე24-04-2026

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი - ZERO COMROMISE წელს იმითაც იქნება საინტერესო, რომ მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას მარანი სომხეთიდან, რომელსაც ფესტივალის წინ ასოციაცია ბუნებრივი ღვინის ინსპექტირება ჩაუტარდა. უცხოური მარნები ZERO COMROMISE-ში ტრადიციულად მონაწილეობენ, მაგრამ ისინი წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების ცნობილ გაერთიანებებს. სომხეთში კი ასეთი კავშირი არ არსებობს. ამიტომ საჭირო გახდა ფესტივალში მონაწილეობის მსურველი Gyurjyan Wines-ის მარნის და ვენახების ინსპექტირება.

 

Gyurjyan Wines-ის მეღვინე ხაჩიკ გიურჯიანი სომხეთში თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელია. მისი მარანი მდებარეობს ერევანთან ახლოს, არარატის რეგიონში. რამდენიმე წელია ცდილობს ძველი საბჭოთა სამეურნეო შენობის მარნად რეკონსტრუქციას, რომლის დასრულებას ალბათ კიდევ 2-3 წელი დაჭირდება. თუმცა, ამ დროისთვის შენობაში უკვე მოწყობილია მარანი, რომელსაც აქვს სადუღარი და შესანახი განყოფილებები. ასევე, ცალკე არის უკვე დაბოთლილი ღვინის საცავი.

 

ხაჩიკ გიურჯიანი ხუმრობს, გურჯაანელი ვარო, თავისი გვარის ჟღერადობის გამო. წლებია გატაცებულია ტრადიციული სომხური მეღვინეობის აღორძინებით, რაც გულისხმობს ღვინის დაყენებას ქვევრის ტიპის თიხის ჭურჭელში, რომელსაც სომხები კარასს უწოდებენ.

 

სომხეთში ამჟამად თიხის ასეთ ჭურჭელს არავინ ამზადებს. როგორც ხაჩიკ გიურჯიანმა გვითხრა, საბჭოთა კავშირის დროს ე. წ. გეგმიურმა და ცენტრალიზებულმა ეკონომიკამ მთლიანად მოსპო არა მხოლოდ ამ ჭურჭლის წარმოება, არამედ ფაქტობრივად გააუქმა სომხური მეღვინეობა, ხოლო მევენახეობა, მხოლოდ სპირტიანი სასმელების, მათ შორის - სომხური კონიაკის წარმოებაზე გადააწყო. ამიტომაც, თუკი სომხურ კარასში ღვინის დაყენებას განიზრახავ, ძველი ჭურჭელი უნდა მოიძიო და გამოიყენო. ხაჩიკ გიურჯიანიც თავდაპირველად სწორედ ასე მოიქცა და ისიც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ რისკავდა, რადგან შეიძლებოდა კარგად გარეცხილ, მაგრამ მაინც ძველ ჭურჭელში ღვინოს დაავადებები გასჩენოდა. სამწუხაროდ, მართლაც ასე მოხდა.

 

ამის შემდეგ ხაჩიკ გიურჯიანმა საქართველოს მეთუნეობის უძველე კერას - შროშას მიაშურა და რამდენიმე ქვევრი ერთ-ერთი იქაური მექვევრისგან, მამუკა მუმლაძისგან შეიძინა. ჩვენ ვნახეთ ეს ქვევრები გიურჯიანის მარანში, თავისი საავტორო დამღით და შესანიშნავ მდგომარეობაში. მასში დაყენებული სომხური ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოც გავსინჯეთ, რომელსაც არც ე. წ. ქვევრის ტონი და არც სხვა ქვევრისეული ზადი არ ჰქონდა.  

 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ინსპექტირება მოიცავდა ვენახების მონახულებასაც. სამწუხაროდ, უამინდობის გამო ვერ ვნახეთ ხაჩიკ გიურჯიანის განკარგულებაში არსებული ორი ვენახი არარატის რეგიონში, სოფელ ვერინ არტაშატში. აქ მას აქვს ვაზის ორი სომხური ჯიშის - ნერკარატის (Nerkarat) და ვოსკეჰატის (Voskehat) ვენახები. ნერკარატი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, ვოსკეჰატი - თეთრი. ვოსკეჰატის ყურძნისგან ხაჩიკ გიურჯიანი შროშიდან წამოღებულ ქვევრებში აყენებს ქარვისფერ ღვინოს, რომელიც მარანშივე გავსინჯეთ და ეს იყო მართლაც შესანიშნავი კლასიკური ქარვისფერი ღვინო.

 

ასოციაციის ინსპექტირების ჯგუფმა მოინახულა ხაჩიკ გიურჯიანის განკარგულებაში არსებული ვენახები სრულიად სხვა რეგიონში - ვაიაძორში, კერძოდ, ორ სოფელში - არენში და აღავნაძორში, საიდანაც მას ყოველწლიურად მოაქვს რამდენივე ვაზის ჯიშის საღვინე ყურძენი.

 

არენი (Areni) ახლა უკვე ცნობილი სოფელია, სადაც მეღვინეობის უძველესი კერებია აღმოჩენილი. მათ შორის ბოლო წლებში სომეხმა არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს ახლა უკვე სახელგანთქმულ არენის გამოქვაბულში, სადაც ათასწლეულების წინანდელი საღვინე ჭურჭელი აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვევრში და მსგავს ჭურჭელში ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ტრადიცია თავის დროზე გასცდა ახლანდელი საქართველოს ფარგლებს და მოიცავდა სხვა მოსაზღვრე რეგიონებსაც. რა თქმა უნდა, საქართველოში, კერძოდ - გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტი - ქვევრის ტიპის ჭურჭელი და მასში არსებული წიპწები, ასევე ღვინის მჟავა დღესდღეობით ადასტურებს, რომ არქეოლოგებმა სწორედ აქ იპოვეს ყველაზე ძველი ქვევრის მსგავსი ჭურჭელი, რომელშიც კულტურული (მოშინაურებული) ვაზის ჯიშის ყურძნის ღვინო იყო დაყენებული. თუმცა, არენის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა სომხებსაც გაუმძაფრათ ამბიცია, რომ მსოფლიოს მეღვინეობის უძველესი კერა სომხეთშია. ვიდრე მეცნიერები არქეოლოგიურ აღმოჩენებს ნაშრომებად გარდაქმნიან და საბოლოო დასკვნებს გააკეთებენ, სოციალურ ქსელებში გრძელდება სომეხი და ქართველი ეთნონაციონალისტების კლავიატურის ომები საკითხზე - ვის ეკუთვნის პირველობა. ამ საკითხებს ჩვენ ახლა აქ აღარ განვავრცობთ.

 

არენსა და აღავნაძორში გაშენებულმა ძველმა თუ ახალმა ვენახებმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის მთიანი რეგიონი, სადაც ზღვის დონიდან, დაახლოებით 1000 მეტრ სიმაღლეზე გაშენებულია სხვადასხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშის ვენახები. არენის გამოქვებულის აღმოჩენებმა ამ რეგიონში მევენახეობის განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ვნახეთ მრავალი ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობდა მიწის დამუშავება ვენახების გასაშენებლად.

 

სოფელ არენში ხაჩიკ გიურჯიანი თანამშრომლობს ავაქ და მაის ღაზარიანებთან. ავაქ ღაზარიანი 70 წელს მიტანებული მშრომელი სომეხი გლეხია, რომელიც ამაყობს, რომ ვენახებს მისი წინაპრებიც უვლიდნენ და მის შვილიშვილსაც აქვს ინტერესი, ეს საქმე გააგრძელოს. სომეხი მევენახეების ამ სამ თაობას ერთობლივი ფოტოს გადაღება ვთხოვეთ, მაგრამ ავაქის შვილიშვილს უფროსებთან ფოტოს გადაღება მოეხათრა და არ შემოვიერთდა. ავაქ და მაის ღაზარიანების ვენახში გაშენებული ვაზის ჯიშის სახელწოდებაა „ხაჩხარჯი“. ეს არის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში. „ხაჩ“ სომხურ ენაზე ჯვარს ნიშნავს. შესაბამისად, ამ ვაზის ჯიშის სახელწოდებაში რელიგიური მოტივი ჟღერს.

 

კიდევ უფრო გაოცებული დავრჩით სოფელ აღავნაძორში (ქართულად ითარგმნება, როგორც მტრედის ხეობა) გაშენებული ვენახებით, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც ჭიგოები ჰქონდა შედგმული და არც რიგებზე გაჭიმულ მავთულებზე იყო ფორმირებული. ეს ვენახები ათწლეულების განმავლობაში სპეციფიკურად ისხვლება ისე, რომ პატარა ხის მსგავსი ფორმირება ჰქონდეს. მწიფობისას, როცა მტევანი ლერწებს ამძიმებს, მცირე ზომის ჯოხების შედგმა მაინც სჭირდება, რათა ყურძენი მიწასთან შეხებისას არ დაზიანდეს. როგორც აგვიხსნეს, ვენახების ასეთი წესით ფორმირება უკავშირდება აქაურ ცხელ კლიმატს. ვაზი მიწასთან ახლოსაა და მაქსიმალურად იღებს სინესტეს, რათა არ გახმეს.

 

აღავნაძორში ხაჩიკ გიურჯიანი თანამშრომლობს სამველ ავაქიანთან, რომელიც ამბობს, რომ მისი ვენახი უკვე ასი წლისაა. სოფლის ამ ზვარს ჰქვია ხამერი, სადაც ერთმანეთის მიყოლებით მრავალი ვენახია გაშენებული. ეს ვენახები ადრე საბჭოთა კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა. ახლა კი პრივატიზებულია და კერძო მევენახეები უვლიან. სამველ ავაქიანის ვენახში ოთხი აბორიგენული ვაზის ჯიშია გაშენებული - Tchilar (ჭილარი), Kharji (ხარჯი), Khach Kharji (ხაჩხარჯი), Areni (არენი). ეს უკანასნელი წითელი ვაზის ჯიშია, რომლისგანაც ხაჩიკ გიურჯიანი ამ ეტაპზე ღვინოს არ აყენებს. დანარჩენი სამი ვაზის ჯიშის ყურძენს კი ყიდულობს და ქვევრებში წურავს. როგორც სამველ ავაქიანმა გვითხრა, აღავნაძორში ყურძენი შემოდგომაზე 20-21 შაქრიანობისას უნდა დაიკრიფოს, რადგან მერე მთიდან დათვები ჩამოდიან და ყურძენს ერთიანად ჭამენ.

 

ხაჩიკ გიურჯიანის თქმით, არენშიც და აღავნაძორშიც მევენახეები ვენახებს ძირითადად ორგანული წესით, კონტაქტური პრეპარატებით უვლიან. რეგიონში ცხელი კლიმატია და 2-3-ჯერ შეწამლა ყოფნის. იშვიათად შეიძლება 4-5-ჯერ შეიწამლოს, თუკი წვიმიანი წელიწადია. ეს კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ ამ რეგიონში ორგანული და ბიოდინამიკური მევენახეობა განვითარდეს.

 

რაც შეეხება ბუნებრივ ღვინოს, ხაჩიკ გიურჯიანი წუხს, რომ საბჭოთა ინერცია და სტერეოტიპები ჯერ კიდევ მყარად არის გამჯდარი სომეხ ხალხში, რის გამოც სომეხი მომხმარებელი ადგილობრივი თუ იმპორტული წარმოების სპირტიან სასმელებზე უფრო აკეთებს არჩევანს, ვიდრე ღვინოზე. ამიტომ ბუნებრივი ღვინის წარმოება სომხეთში ფაქტობრივად ახლა იწყება. მწარმოებლები იმდენაც მცირე რაოდენობით არიან და იმდენად ახალი დაწყებული აქვთ ეს საქმიანობა, რომ ჯერჯერობით ერთმანეთსაც არ იცნობენ და არც რაიმე გაერთიანება აქვთ შექმნილი. ამიტომაც ამ ეტაპზე ხაჩიკ გიურჯიანმა ქართულ გაერთიანებას - ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ სთხოვა, მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბუნებრივი ღვინის ფესტივალში, რათა თავისი ღვინო გააცნოს ფესტივალით დაინტერესებულ უცხოელ თუ ქართველ ღვინის ვაჭრებს. ასოციაციის ინსპექტირების ვიზიტიც მისთვის წარმატებით დასრულდა. ასე რომ, ხაჩიკ გიურჯიანის მარანს - Gyurjyan Wines-ს ZERO COMROMISE-ზე ვიხილავთ.

 

ალეკო ცქიტიშვილი