სიახლე . 27-02-2025

გაიხსნა ბუნებრივი ღვინოების ონლაინ მაღაზია - 525.wine
გვანცა წულუკიძე: „ჩვენი მიზანია ბუნებრივი ღვინო ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ ღვინოზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იზრდება, ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების უმრავლესობას საქართველოში ღვინის რეალიზაციის პრობლემა აქვს. ბუნებრივი ღვინის ქართული მარნებისთვის ძირითად ბაზრად კვლავ ევროპა, აშშ და იაპონია-კორეა რჩება, საქართველოში კი ამ ტიპის ღვინის შეძენა მხოლოდ თითო-ოროლა ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტიპის ონლაინ-მაღაზიების არსებობა, რომლებიც მცირე მარნების მიერ წარმოებულ ბუნებრივი ღვინის გაყიდვას შეუწყობს ხელს.
სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი და უკვე მოქმედი პლატფორმა სახელწოდებით - 525.wine არის ბუნებრივი ღვინის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ქართულ ბუნებრივ ღვინოს სთავაზობს ყველაზე დაბალ ფასად ბაზარზე, თანაც - სწრაფი მიწოდებით. ვებ-გვერდის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ღვინო (თეთრი, წითელი, ქარვისფერი, როზე, ცქრიალა), ყველაზე იაფად, განათავსოს შეკვეთა და მიიღოს მისამართზე მისთვის სასურველ დროს.
პორტალის შემქმნელები რამდენიმე წელი აკვირდებოდნენ ქართული ღვინის განვითარების გზას და ნელ-ნელა სწავლობდნენ ბუნებრივი ღვინის არსს, რაც მათთვის პირდაპირ ნიშნავს კარგის და ცუდის გარჩევას. მალევე გააცნობიერეს, რომ კარგი ღვინო, საქართველოს მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია, რომელიც ყველასაგან გამოგვარჩევს. დაინახეს, როგორ მომრავლდა საოჯახო მარნები, რომლებიც ცდილობენ დააყენონ ბუნებრივი ქართული ღვინო, ანუ ღვინო, რომელშიც იქნება მინიმალური ჩარევა. ისიც გაარკვიეს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება ღვინით და ამ ყველაფრის შემდეგ მიიღეს ბუნებრივი ღვინის გაყიდვებზე ორიენტირებული ონლაინ-მაღაზიის შექმნის გადაწყვეტილება.
ვებ-გვერდზე განსათავსებელი ღვინის შერჩევის უმთავრესი პრინციპი არის მეღვინეობის შემოწმება, რამდენად აკმაყოფილებს ის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლის სტანდარტებს. პორტალის მფლობელებისთვის ყველაზე სანდოა, თუკი მეღვინეობა არის ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი, რადგან იციან, რომ ასოციაციის წევრები მუდმივად გადიან ინსპექტირებას და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხი თანხვედრაშია ბუნებრივი ღვინის მოთხოვნებთან.
ამ ეტაპზე გვერდის მომსახურების არეალი მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება და შემქმნელები ჯერჯერობით არ ჩქარობენ სხვა ქალაქებში მომსახურების დანერგვას. აქ მიღებული გამოცდილება მათ მისცემს შესაძლებლობას, მომავალში წარმატებით მოახერხონ გაყიდვების არეალის გაზრდა. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია არამხოლოდ ღვინო, არამედ ღვინის აქსესუარები, ღვინის მოხმარების პროცესი რომ კიდევ უფრო სასიამოვნო რიტუალად იქცეს.
ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეის ავტორი და განმახორციელებელი გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ მათი ინიციატივა ეხმიანება ბუნებრივი ღვინისადმი მზარდ ინტერესს. მათ, ერთი მხრივ, უნდათ დაეხმარონ იმ პატარა მარნებს, რომლებიც დიდ შრომას დებენ ხარისხიანი ღვინის დაყენებაში და მეორე მხრივ ბუნებრივი ღვინო გახადონ ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი.
- საიდან მოდის სახელი „525“?
გვანცა წულუკიძე: ჯერ ბევრმა კიდევ არ იცის, რომ საქართველოში 525 უნიკალური ვაზის ჯიშია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს შევძლებთ ყველა ქართული ვაზის ჯიშის ღვინო შევთავაზოთ მომხმარებელს.
- რამ განაპირობა ამ პორტალის შექმნა, რა იყო მთავარი მიზეზი?
- ჩვენს ქვეყანას ვაზის მოვლის, ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების ძალიან მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ 15 წლის წინ ძალიან ძნელი იქნებოდა, გეპოვა ქართული წარმოების ღვინო, რომელიც არ იქნებოდა გაჯერებული ქიმიითა და ტექნოლოგიური მანიპულაციებით. სამწუხაროდ, ღვინო აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ თრობის საშუალება, სადაც მთავარი იყო მისი რაოდენობა და არა ხარისხი. ნაკლებად ვფიქრობდით, რომ ღვინით შესაძლებელი იყო სიამოვნების მიღება, მისი დაგემოვნება, არომატების შეგრძნება, რომ ღვინო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლური სითხე. ჩვენ გვინდა მომხმარებლამდე ნამდვილი ღვინო მივიტანოთ.
- რატომ მხოლოდ ბუნებრივი ღვინო?
- იმიტომ, რომ ის ზუსტად აღწერს თუ როგორია ქართული ღვინო და სწორედ მასში შეგიძლიათ ამოიცნოთ ჩვენი ღვინის უნიკალურობა. ჩვენი მიზანია ბუნებრივი ღვინო გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის.
- უკვე არსებობს ღვინის (მათ შორის ბუნებრივი ღვინის) მიტანის მომსახურება. რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა, რაც იმედს გაძლევთ, რომ იქნებით კონკურენტებზე საინტერესო და მოთხოვნადი?
- დიახ, საბედნიეროდ არსებობს სხვა ვებ-გვერდებიც, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ მუდმივი კონკურენციის პირობებში ვიყოთ ორგანიზებული და დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ჩვენი სერვისები.
განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ვყიდით მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს და ვყიდით ყველაზე დაბალ ფასში, რადგან სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, გვაქვს ძალიან დაბალი ფასნამატი. ბუნებრივ ღვინოს სჭირდება განსაკუთრებული შენახვის პირობები, ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, რაც ხშირ შემთხვევაში, არ არის ხოლმე დაცული მაღაზიებში. ამან კი შესაძლოა ღვინის ხარისხის გაფუჭება და მომხმარებლის მოლოდინების გაცრუება გამოიწვიოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, მომხმარებელმა ღვინო მიიღოს ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორც მეღვინემ შექმნა.
ჩვენთვის ეს საქმე არ არის უბრალოდ ბიზნესი, რომლიდანაც დიდი შემოსავლის მიღებას ველით, ეს პირველ რიგში არის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში კარგი ღვინის მოხმარების კულტურის ზრდასა და ზოგადად ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციას.
- როგორი იქნება კონკრეტულად თქვენი როლი პორტალის მართვაში და რამდენი ადამიანი გაინაწილებს ფუნქციებს?
- მე თავად ვიყავი ჩართული პორტალის შენებაში. გვინდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ მაღაზია, სადაც ადამიანები შეიძენენ ღვინოს პირადი მოხმარებისა თუ ახლობლისთვის, არამედ ეს იყოს ციფრული სივრცე ბუნებრივი ღვინით დაინტერესებული ადამიანებისთვის, სადაც შეძლებენ, უკეთ გაეცნონ ვაზისა და ღვინის სამყაროს. მე პირადად ბოლომდე ვარ ჩართული ამ პროცესში და მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ სივრცე, რომელიც სასიამოვნო გამოცდილებას შეუქმნის ჩვენს მომხმარებლებს. ამ ეტაპზე სულ რამდენიმე ადამიანი ვართ ამ პროექტში ჩართულები, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ სამომავლოდ გაფართოებას.