სიახლე . 31-03-2025

ორწლიანი ინტერვალის შემდეგ ასოციაციას 9 ახალი წევრი შეემატა
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ შეემატა 9 ახალი წევრი, რომლებმაც ასოციაციას გაწევრების განაცხადით 2024 წელს მომართეს. 2024 წლიდან ასოციაციაში გაწევრება საკმაოდ გართულდა. გარდა იმისა, რომ გამკაცრდა კრიტერიუმები და ასოციაციის მოთხოვნები, კანდიდატების პირველადი ინსპექტირებაც ორწლიანი გახდა.
ასეთი მკაცრი ცვლილებები მოჰყვა ბოლო პერიოდის გამოწვევებს, როდესაც ქვეყანაში პოპულარული გახდა ბუნებრივი ღვინო და გაიზარდა იმ მცირე მარნების რიცხვიც, რომლებიც მომართავდნენ ასოციაციას და აცხადებდნენ, რომ აწარმოებენ ბუნებრივ ღვინოს. ტენდენცია კი აჩვენებდა, რომ ბევრი არ აკმაყოფილებდა ასოციაციის პირობებს. დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ორწლიანი ინსპექტირება უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და პრაქტიკულად სრულ სანდოობას ახალი წევრების მიმართ.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრად ახალი მარნების მიღება კანდიდატი მარნების განაცხადების საფუძველზე ხდება. განაცხადების მიღების შემდეგ, ასოციაციის ინსპექტირების გუნდი სწავლობს წარმოდგენილ დოკუმენტებს და არჩევს იმ მარნებს, ვინც აკმაყოფილებს ასოციაციის მოთხოვნებს. ამის შემდეგ კი ახორციელებს კანდიდატების ვენახების და მარნების ინსპექტირებას.
კანდიდატი ვალდებულია, ასოციაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აწარმოოს ვენახების მოვლის ჩანაწერები, რომელიც უნდა მოიცავდეს ვენახში ჩატარებულ ყველა სამუშაოს შესახებ ინფორმაციას (გასხვლა, მოხვნა, კულტივაცია, გაფურჩქნა, შეწამვლა და ა.შ.), ასევე - გამოყენებული პრეპარატებისა და დოზების შესახებ ინფორმაციას.
ორწლიანი ინსპექტირების შემდეგ, ასოციაციის დამფუძნებლები განიხილავენ ინსპექტორების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თითოეული კანდიდატი მარნის შესახებ და ასე მიიღება გადაწყვეტილება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებად ახალი მარნების მიღების შესახებ. დამფუძნებელთა კრების მიერ კანდიდატის გაწევრიანების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანდიდატთან ფორმდება ასოციაციის წევრობის ხელშეკრულება.
დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან ასოციაციას 9 წევრი შეუერთდა. ხოლო 6 მარანს, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, უარი ეთქვათ წევრობაზე ან თვითონვე გააუქმეს განაცხადი ინსპექტირების გუნდთან გასაუბრების შემდეგ.
Nwa.ge წარმოგიდგენთ ასოციაციის ახალ წევრებს:
„პეტრიაანთ მარანი“ მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში. ვენახებში გაშენებული აქვთ რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი და მწვანე. ღვინოებს ძირითადად ქვევრში აყენებენ. მარნის მფლობელი რეზო პეტრიაშვილი არის ერთ-ერთი პირველი ბიომევენახე საქართველოში და ნატურალისტი მეღვინე. თავის ღვინოებს 2009-10 წლიდან წარმოადგენს სხვადასხვა ფესტივალებზე. მარანი ჩართულია სამასპინძლო ტურიზმში. აბრა - „პეტრიაანთ მარანი“ არის ღვინის გზის მარშრუტში.
„პაპას მარანი“ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი მფლობელია გიორგი პაპუნაშვილი. გიორგის სოფელ ოჟიოში გაშენებული აქვს ქისი, საფერავი, რქაწითელი და მწვანე კახური. სოფელ ოჟიოში მდებარეობს მარანიც, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ახლიდან აშენდა და კეთილმოეწყო. გიორგი პაპუნაშვილი ღვინოს ძირითადად კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აყენებს. ბოლო დროს ასევე ამზადებს პეტნატებს.
მარანი „რერო“ იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში მდებარეობს და ეკუთვნის ირაკლი და გიორგი სირაძეების ოჯახს. ვენახებს ძირითადად უვლის მათი მამა - დიდი გამოცდილების მქონე მევენახე. მარანი აშენებულია სახლის ეზოში. ამზადებენ როგორც მშრალ, იმერულ ღვინოებს, ისე პეტნატს. ძირითადად, გაშენებული აქვთ ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე. თუმცა, საკოლექციო ვენახის სახით ასევე აქვთ მცირე რაოდენობით: რკო შავი, დონდღლაბი, ადანასური, ძელშავი, კუნძა, შავი კრახუნა და სხვა.
„კოხტა მარანი“ დაარსდა მეგობრების (გიორგი ნაჭყებია, რევაზ ფრუიძე, ალეკო ალექსიშვილი, ავთანდილ ჯიბლაძე) მიერ 2021 წელს. დიდი გავლენა იქონია ოჯახში ღვინის კეთების ტრადიციამ და რევაზ ფრუიძის მამის - ირაკლი ფრუიძის გამოცდილებამ, რომელიც არის „ჩვენი ღვინის“ დამფუძნებელი საქართველოში ბუნებრივი მეღვინეობის პიონერთან, სოლიკო ცაიშვილთან ერთად. „კოხტა მარნის“ ვენახებიც იქვეა, სადაც „ჩვენი ღვინის“ მარანი - სოფელ ბაკურციხის ერთ-ერთ ცნობილ ზვარში (ჭორტაული). „კოხტა მარნის“ ღვინო იყიდება თბილისის ღვინის ბარებში. ძირითადად ქვევრში აყენებენ რქაწითელს.
„ნიკოლაძეების საღვინეს“ სახელწოდებით ასოციაციას დაემატა კიდევ ერთი მარანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელიდან. აქვეა ასოციაციის დამფუძნებლის, რამაზ ნიკოლაძის მარანი და ვენახები. „ნიკოლაძეების საღვინე“ ეკუთვნის გიორგი ნიკოლაძეს, რომელსაც გაშენებული აქვს ციცქა, ცოლიკოური და ოცხანური საფერე. ღვინოს აყენებს როგორც ქვევრებში, ასევე უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. მარანი კეთილმოწყობილია და იღებს ტურისტებს. ეზოში არსებულ ორსართულიან დიდ სახლში აპირებენ საოჯახო სასტუმროს მოწყობას და სამასპინძლო ბიზნესის უფრო განვითარებას.
„მილორაული“ სანდრო მილორავას და მის ოჯახს ეკუთვნის. აქვთ ბიოსერტიფიცირებული ვენახი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, მარანი კი ქალაქ თელავში მდებარეობს. მარნის ტერიტორიაზე განთავსებულია პატარა საოჯახო სასტუმროც. გაშენებული აქვთ როგორც ქართული, ისე უცხოური ვაზის ჯიშები: კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი, ალექსანდროული, სირა, მონტეპულჩიანო, ტემპრანილიო და სხვა. ღვინოს 2015 წლიდან აყენებენ.
„გონჯების ღვინო“ სანდრო ადამიამ, ირაკლი ევდოშვილმა და გიორგი რაჯებაშვილმა თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენში დააარსეს. ორნითოლოგმა და ახლა უკვე მეღვინე, გიორგი რაჯებაშვილმა, თავის რქაწითელს სახელად „ბიჭო გოგია“ დაარქვა და ეტიკეტზეც სწორედ ეს ფრინველი გამოსახა. ქვემო ხოდაშენში გაშენებულ ვენახში აქვთ რქაწითელი, მწვანე კახური და ქისი.
„ლიქოკელის მარანი“ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარეობს. გიორგი ლიქოკელს გაშენებული აქვს რქაწითელი, მწვანე კახური და საფერავი. წელს ახალ მოსავალს ახალაშენებულ მარანში დაწურავს. ლიქოკელები ძირითადად ქვევრებს იყენებენ, სადაც ღვინოს ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ამზადებენ.
„გიგაურა“ არის გიორგი გიგაურის კუთვნილი მარანი, რომელიც მდებარეობს ქართლში, კერძოდ - ქალაქ გორთან ახლოს, ბერბუკის დასახლებაში. ძირითადი ვენახიც იქვე მარანთან ახლოს აქვთ. ერთ ვენახს კი ფლობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. გაშენებული აქვთ შავკაპიტო, გორული მწვანე და ჩინური.
ლევან სებისკვერაძე