სიახლე . 04-07-2025

„რა არის ბუნებრივი ღვინო“ - ახალი კამპანია სექტემბრიდან სოციალურ მედიაში
„რა არის ბუნებრივი ღვინო“ - ასეთი სახელწოდებით დაიწყებს 2025 წლის სექტემბრიდან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელებით ღვინის მოყვარულების ინფორმირებას. პროექტს ერთგვარი კამპანიის სახე აქვს და ითვალისწინებს მოკლე ვიდეოების და ქარდების განთავსებას ასოციაციის ონლაინ-პლატფორმებზე (facebook, instagram, youtube).
პროექტის მიზანია ბუნებრივი ღვინის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. კამპანია ფართო აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. ასოციაციას სურს, არა მხოლოდ უფროსი თაობა, არამედ ახალგაზრდებიც იყვნენ ინფორმირებული იმ მიდგომების და სტანდარტების შესახებ, რითაც ხელმძღვანელობენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები.
საზოგადოების ინფორმირებისთვის აქამდე ასოციაცია, ძირითადად, იყენებს ოფიციალურ საიტს - NWA.GE, რომელიც მუდმივად ახლდება ქართული ბუნებრივი მეღვინეობის შესახებ ახალი ამბებით და სტატიებით. ვებგვერდს ჰყავს 40 000-მდე უნიკალური მომხმარებელი წლის განმავლობაში და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გარდა ახალი ამბებისა, საიტი აქვეყნებს სხვადასხვა ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მისი წევრი მარნების შესახებ.
ახალი პროექტის საშუალებით, სექტემბრიდან ასოციაცია მეტ აქცენტს გააკეთებს სოციალურ ქსელებზე და შეეცდება, მოკლე, გასაგები მესიჯებით გააცნოს ბუნებრივი ღვინო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებს. მოკლე ვიდეოები და ქარდები ორენოვანი იქნება - ქართული შინაარსის მასალას თან დაერთვება ინგლისური ტიტრები და პირიქით - ინგლისურენოვანი კონტენტი ქართული ტიტრებით გამოქვეყნდება. ასოციაციის სურვილია, უცხოელ მომხმარებელსაც მიაწვდინოს ხმა და გააცნოს ქართული ბუნებრივი ღვინო.
„რატომ გადავწყვიტეთ, ეს პროექტი დავიწყოთ? იმიტომ, რომ დრო იცვლება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებიც იცვლება. სოციალური ქსელები ვითარდება და ადამიანების ინფორმირების მთავარი საშუალება ხდება. ასოციაცია ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ რეალობას, ახალ მოცემულობას და ახალ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეთა უმრავლესობა სახლში ღვინოს აყენებს, ბუნებრივი ღვინის შესახებ ინფორმაცია მაინც არ არის გავრცელებული და ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები კითხულობენ ელემენტარულ რაღაცებს - არ იციან დეტალები და ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა ბუნებრივ ღვინოს და კონვენციურ (ინდუსტრიულ) ან თუნდაც მცირე მარნების სხვა ტიპის ღვინოს შორის, - ამბობს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დირექტორი ზურა მღვდლიაშვილი.
კამპანიის მიმდინარეობისას გამოქვეყნებული ქარდები და ვიდეოები, მოკლე და გასაგები მესიჯებით მოემსახურება იგივე მიზანს, რა მიზნითაც შეიქმნა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“. გამოყენებული იქნება ციტატები და ამონარიდები ორგანული მევენახეობის და ბუნებრივი მეღვინეობის აღიარებული თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი ავტორიტეტების, ასევე - წარსულში ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებიდან და შეხედულებებიდან.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბუნებრივ ღვინოს (ნატურალურ ღვინოს) ყველა თავისებურად განმარტავს. თვით კონვენციური მეღვინეობის წარმომადგენლებიც კი აცხადებენ, რომ მათი ღვინოც ბუნებრივი და ნატურალურია მხოლოდ იმიტომ, რომ ყურძნისგან არის წარმოებული. ამიტომაა, რომ გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი ხშირად იბნევა, განსაკუთრებით კი - იმ დროს, როცა მცირე მარნების ღვინოსთან უწევს შეხება. თავის მხრივ, მცირე მარნების მეღვინეების დიდი ნაწილიც თამამად აცხადებს, რომ მისი ღვინო ნატურალურია, მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა სელექციური საფუარი ღვინის დუღილისას, ან მჟავიანობის მოსამატებლად დაამატა თუ არა მაღაზიაში ნაყიდი ღვინის მჟავა, ან დაამუშავა თუ არა გამწებავი საშუალებებით გაფილტვრისას. ზოგიერთ მარანს საკუთარი ვენახიც კი არა აქვს და ყოვეწლიურად ყიდულობს ისეთ ყურძენს, რომლის წარმომავლობაც საეჭვოა. მეღვინეს ხშირად დიდად არც აინტერესებს და არც იცის, ვენახის მოვლის რა საშუალებები გამოიყენა იმ მევენახემ, ვისგანაც ყურძენი შეისყიდა. არადა, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მევენახე იყენებს ბუნებისთვის დამაზიანებელ სისტემური მოქმედების პრეპარატებს, ბალახის გამანადგურებელ ჰერბიციდებს, ქიმიურად დამზადებულ მინერალურ სასუქებს და მკვებავ ნივთიერებებს.
შესაბამისად, ასოციაციამ გადაწყვიტა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თვითონ რას უწოდებს ბუნებრივ ღვინოს და რა სტანდარტების და წესების დაცვას მოითხოვს წევრი მარნებისგან.
მაგალითად, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მოთხოვნაა, წევრ მარნებს ჰქონდეთ საკუთარი მსხმოიარე ვენახი და მარანი. უვენახო მეღვინე და უმარნო მევენახე ასოციაციის წევრი ვერ გახდება. გარდა ამისა, ასოციაცია მკაცრად კრძალავს პარალელურ წარმოებას როგორც მევენახეობაში, ისე მეღვინეობაში. ეს ნიშნავს, რომ ასოციაციის წევრს ორგანული ვენახის გარდა, დამატებით ცალკე არ უნდა ჰქონდეს კონვენციური ვენახი და ბუნებრივი ღვინის გარდა, დამატებით არ უნდა ჰქონდეს ინდუსტრიული მეთოდებით დამუშავებული ღვინო.
ასოციაციის წევრი მარნები ვალდებული არიან ვენახების მოვლისას გამოიყენონ მხოლოდ კონტაქტური და ბიოპრეპარატები სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და მავნებლების წინააღმდეგ; არ გადააჭარბონ ვენახებში შეტანილი მეტალური სპილენძი ასოციაციის მიერ დადგენილ დოზას; ვაზის გასაძლიერებლად გამოიყენონ მხოლოდ ორგანული სასუქები და ამავე დროს - შეზღუდული დოზებით; ბალახის გასანადგურებლად არ გამოიყენონ ორგანულ მევენახეობაში სასტიკად აკრძალული ჰერბიციდები; ნიადაგის მოვლის მეთოდებით და საშუალებებით დაიცვან ნიადაგის ნაყოფიერება და ბიომრავალფეროვნება ვენახებში.
უშუალოდ ბუნებრივი ღვინის დაყენებისას, ასოციაციის წევრი მარნები ვალდებული არიან გადაამუშაონ მხოლოდ ასოციაციის მიერ ინსპექტირებული ვენახების ნედლეული; არ დაარღვიონ ბუნებრივი ღვინის დაყენების სტანდარტები, რაც გულისხმობს მხოლოდ ტრადიციული, ბუნებრივი მეთოდების გამოყენებას როგორც დუღილის პროცესში, ისე ღვინოების გადაღებისას და შენახვისას. ასოციაცია მკაცრად კრძალავს ღვინოში ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების, ასევე სელექციური საფუვრების, ენზიმების, გემოს მარეგულირებელი ღვინის მჟავების, ბექმეზის და სხვა ათასგვარი ინდუსტრიული დანამატების გამოყენებას. ასევე მკაცრად არის აკრძალული შაქრის გამოყენება - ღვინის ფალსიფიკაცია, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც აკრძალულია.
სწორედ ეს მრავლისმომცველი საკითხები გაშუქდება სექტემბრიდან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ კამპანიით სოციალურ მედიაში. საზოგადოება მიიღებს მოკლე და გასაგებ განმარტებებს ბუნებრივი ღვინის რაობის შესახებ, ასევე - ინფორმაციას ქართული ბუნებრივი ღვინის წარმოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.