სიახლე . 24-05-2022

„ვახტანგ მეექვსე რომ გაიქცა ქართლიდან, ასე მოუვიდა ჩემს რქაწითელს“ - ჭრაქთან უთანასწორო ბრძოლის ამბები
მევენახეობაში პროგნოზების კეთება და წინასწარ კარგ მოსავალზე ფიქრი რომ არ შეიძლება, ამას წლევანდელი გაზაფხული და ზაფხული ადასტურებს. თოვლიანი ზამთარი და გრილი გაზაფხულის პირველი ნახევარი იმედს აჩენდა, რომ შარშანდელის მსგავსად, საქართველოს მევენახეობით ცნობილ რეგიონებში წელსაც უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდოდა, მაგრამ სურვილები რეალობას ხშირად არ ემთხვევა. მაისში და ივნისში დაწყებული ცვალებადი ამინდი ივლისის დასაწყისშიც გაგრძელა, რამაც სოკოვან დავაადებებს დიდი გასაქანი მისცა და დღეს მევენახეების დიდი ნაწილი დაავდებების, განსაკუთრებით კი - ჭრაქის მომძლავრებაზე საუბრობს.
ვაზის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა წელს განსაკუთრებით იმ მევენახეებს გაუჭირდათ, ვინც ვენახების შესაწამლად კონტაქტურ პრეპარატებს იყენებს. ჭრაქის საწინააღმდეგო კონტაქტური პრეპარატების (მამაპაპური „შაბიამანი“ ან უფრო თანამედროვე ბორდოს ნარევი) ეფექტი მაშინ აქვს, როცა ვაზის ფოთოლს წამალი შეაშრება და წვიმა არ ჩამორეცხავს.
მევენახეები როგორც ამბობენ, წელს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ნალექების პარალელურად სწრაფ რეაგირებას და წვიმის დასრულებისთანავე ვენახების შეწამვლას. ეს კი, გარდა იმისა, რომ რთულად დასაორგანიზებელი და განსახორციელებელია, დიდი ეფექტითაც შეიძლება ვერ გამოირჩეს, რადგან მაისსა და ივნისში იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად, სამი დღე წვიმდა, შემდეგ ერთ დილას გადაიღო, მევენახემ მსწრაფლივ შეწამლა ვენახი, მაგრამ იმავე საღამოს ან მეორე დღეს ისევ წვიმა დაიწყო და წამლობამ ყოველგარი ეფექტი და აზრი დაკარგა.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი მარნების წარმომადგენლები NWA.GE-სთან სოკოვან დაავადებებთან უთანასწორო ბრძოლის შესახებ გვიყვებიან.
„ძალიან ცუდი წელია. კულტივაციამ დამღუპა. ვენახში ტრაქტორი ვეღარ შედიოდა, წვიმებმა ისე დაალბო. პირველი შემთხვევაა, როცა კულტივირებულ ვენახში მოსულმა გამუდმებულმა წვიმამ ტრაქტორს არ მისცა შესვლის საშუალება და ვენახი გაფუჭდა. ასე რომ, მინდა ვურჩიო კოლეგებს - ერიდეთ კულტივაციებს ივნისში! ვარდისფერი რქაწითელი ყვავილობის და ე. წ. გამოხორბვლის დროს ჭრაქის მიმართ საკმაოდ ნაზი აღმოჩნდა, არ მეგონა ასე თუ იყო. გრძელმტევანას ყვავილობისას სულ აზიანებს ჭრაქი და ეს ისედაც ვიცოდი. ვახტანგ მეექვსე რომ გაიქცა ქართლიდან, დაახლოებით ასე მოუვიდა ჩემს რქაწითელს. რქაწითელის 60-80% დავგკარგეთ ჭრაქის გამო. გრძელმტევანა კი ფაქტობრივად აღარ არის. დანარჩენი ჯიშების მდგომარეობა მისღებია“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ წარმომადგენელი.
გარეკახეთში გვიან გაზაფხულზე დაწყებულ ხშირ წვიმებს და ამის თანმდევ სოკოვან დაავადებებს ვენახების საგრძნობი დაზიანება მოჰყვა. მსგავსი სიტუაცია სიტუაცია შეიქმნა ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებში. თელავის ზოგიერთ ვენახში ჭრაქმა ყვავილშივე გააფუჭა მოსავალი. ფოთლები საღი იყო და მტევნები დაავადებული. შემდეგ, როცა ვაზმა დაიყვავილა, გადარჩენილი მტევნები უფრო გამოჩნდა. გურჯაანში მთელი მაისი და ნახევარი ივნისი წვიმდა, თან ხშირად - დღეში ორჯერ და ზოგჯერ სამჯერაც მოდიოდა წვიმა. ამ წვიმებს შორის მზე გამოდიოდა და ამან დაავადებების განვითარებისთვის იდეალური პირობები შექმნა.
„კარდენახში ჭრაქმა რქაწითელი წელს ძალიან გამიფუჭა. საფერავმა მეტ-ნაკლებად უფრო გაუძლო. ქისმა გაუძლო, სხვათაშორის, კარგად. არადა, ქისი რქაწითელზე სუსტია ხოლმე და ისე კარგად დაიჭირა თავი, ჭრაქი საერთოდ ვერ მოერია. რქაწითელის სადღაც 70-80% დავკარგეთ. ამინდები 4-5 დღეში უცებ გაფუჭდა. ბოლოს წამალი რომ დავასხი, ჭრაქი ფოთოლზე იყო და მტევანში ჯერ არ ჰქონდა დაწყებული პროცესი. 5 დღეში მტევანში იყო გადასული და შეიწირა. გაფურჩქნაც დავაგვიანე, მაგრამ ზოგს ადრე გაფურჩქნულიც გაუფუჭათ, ისეთებსაც კი, ძლიერი სისტემურებით რომ წამლავენ. ადრე რაც გამოვიდა კვირტიდან, იმ ტოტებზე მტევნები შედარებით გადარჩა, რაც ცოტა გვიან გამოვიდა, ისინი სულ გაფუჭდა. როგორც ვთქვი, საფერავზე ჯერ არაა პრობლემა და ვნახოთ, იქნებ საფერავმა და ქისმა მაინც დაიჭირონ თავი ბოლომდე“ - ასე აფასებს მიმდინარე წელს „ღვინო ხვთისიას“ მევენახე-მეღვინე ზურა ხვთისიაშვილი.
იმერეთში, განსაკუთრებით კი ბაღდათსა და ზესტაფონში მაღალმა ტენიანობამ და მისმა თანმხლებმა წვიმებმა მარტიდან-მაისამდე ჭრაქის გავრცელების მაღალი რისკები შექმნა. ამას შემდეგ ცხელი პერიოდი მოჰყვა და ჭრაქი მოსავლის დაკარგვის მიზეზი გახდა. თერჯოლაში სანამ გახშირებული წვიმები დაიწყებოდა, მარტის დასაწყისში, გაზაფხულის ყინვის გამო, ვენახის მოყინვის შემთხვევებიც იყო. ჭრაქისგან განსხვავებთ, ნაცარი იმერეთში წელს თითქმის არ ყოფილა, მაგრამ ეს კარგი წლით არ იყო განპირობებული.
გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“ : „მაისში და ივნისის დასაწყისში ჭრაქმა დიდი ზიანი მოგვაყენა. ახლა მტევანი აღარ აქვს ვაზს და ფოთოლს მაინც ვწამლობთ. ივნისის შუიდან თითქოს ცოტა დასტაბილურდა, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა? რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ჭრაქისთვის ხელსაყრელი ამინდი და ცოტა ზედმეტი თვითდაჯერებულობა, რომ ცოტა წამლით გავიდოდით ფონს. ასევე, მე არ ვიყავი რამდენიმე დღე საქართველოში და მაშინ დაემთხვა ყველაზე ცუდი პერიოდი და წამლობა დაგვიანდა“.
წვიმიანმა ამინდებმა და ჭრაქმა ქართლელებიც ძალიან აზარალა. გორში
ზოგადად ბევრი პრობლემაა. მუშის შოვნაც კი ურთულესი საქმეა. თუმცა, აქაც წელს მთავარი საფიქრალი სეტყვამ და ჭრაქმა შექმნა.
წელი რთული აღმოჩნდა ქვემო ქართლელებისთვისაც. დმანისში და ბოლნისში კლიმატური პირობების გამო, ბევრი მევენახე დაზარალდა. ბოლნისში, მართალია, სეტყვა არ ყოფილა, მაგრამ წვიმებმა და სიცხემ გააჩინა ჭრაქი და ეს ვაზისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.
ლევან სებისკვერაძე