ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები WinExpo Georgia 2025-ზე
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები WinExpo Georgia 2025-ზე

სიახლე04-07-2025

მცირე მარნების და ბუნებრივი მეღვინეობის მხარდაჭერის მიზნით, ღვინის გამოფენა WinExpo Georgia-ს საორგანიზაციო ჯგუფისა და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა მარნებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენაში WinExpo Georgia 2025.

 

გამოფენა 13-15 ივნისს თბილისში, ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ქართული კომპანიების გარდა, მასში მსოფლიოს 7 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი 16 მარანი, რომლებსაც წელს მონაწილეობის გადასახადის გადახდის გარეშე გამოეყოთ ადგილი გამოფენაზე. ეს მარნები განთავსდა ExpoGeorgia-ს ღია ტერიტორიაზე ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ლოგოს ქვეშ, გადახურული დახლებით.

 

ნინო გამრეკელი, „ექსპო ჯორჯიას“ კრეატიული დირექტორი: „WinExpo Georgia უკვე 17 წელია აერთიანებს ქართული მეღვინეობის სრულ სპექტრს. წლევანდელ ღონისძიებას ახალი ელფერი შემატა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ 20-მდე მცირე მარანმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოფენის დამთვალიერებლებს - ღვინის პროფესიონალებს თუ მოყვარულებს შეხება ჰქონოდათ თვითმყოფად, განსხვავებული ფილოსოფიით შექმნილ ღვინოებთან, რომელიც ასოციაციის წევრებმა წარადგინეს გამოფენაზე.  ნატურალური მეღვინეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ძლიერი, განსხვავებული იმიჯის ჩამოსაყალიბებლად და ზედმიწევნით აჩვენებს დარგის მრავალფეროვან განვითარებას. გამოფენა მეწარმეებს აძლევს ურთიერთობის, ცოდნის გაცვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას, ხოლო დამთვალიერებლებს — მთლიანი ინდუსტრიის ერთ სივრცეში გაცნობას“.

 

Nwa.ge ესაუბრა გამოფენის რამდენიმე მონაწილეს - ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებს.

 

ალექსანდრე მეტრეველი, მარანი „უნარი“: „კარგად ჩაიარა წლევანდელმა „ვაინექსპომ“ და შედეგებიც კარგი იყო. „უნარის“ მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად გაამართლა ასოციაციის და „ვაინექსპოს“ კოლაბორაციამ. ჩვენთვის, ნატურალური მეღვინეობებისთვის პრობლემა ისაა, რომ ვტრიალებთ ერთსა და იგივე ხალხში და არ გვაქვს საშუალება, მეტ ადამიანს გავაცნოთ თავი. „ვაინექსპომ“ მოგვცა ეს საშუალება - ვნახეთ ბევრი უცხო ხალხი, ვინც შეიძლება დაინტერესდეს ჩვენი ღვინით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა მარნებისთვის. დაფინანსება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩავერთეთ ამ ფესტივალში, არის ძალიან  სასარგებლო, რადგან ფინანსურად ბევრ მცირე მარანს არ აქვს მონაწილეობის გადასახადის გადახდის საშუალება. მომავალ წლებშიც თუ იქნება ასეთი საშუალება, ვაპირებთ შემდეგშიც ჩავერთოთ. ჩვენი მიზანია, რომ ნატურალური ღვინო გავაცნოთ ღვინის მოყვარულებს და ეს ვფიქრობ, ამ ფესტივალზე მშვენივრად სრულდება“.

 

მონაწილეთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭათ მარნებს, რომლებიც

აკმაყოფილებენ „ვაზისა და ღვინის“ შესახებ კანონით განსაზღვრულ მცირე მარნის სტატუსს.

 

მარინა კაკიაშვილი-რუაძე, „ექიმის ბიო მარანი“: „WinExpo Georgia 2025-ზე მონაწილეობა აშკარად ნაყოფიერი იყო. მრავლად იყვნენ ღვინის მაღაზიების და რესტორნების მმართველი პირები და სომელიეები. ასევე, ჩამოსული იყო რამდენიმე ექსპორტიორი და ღვინის მწერალი. პირადად მე ჩემს ღვინოზე რამდენიმე საინტერესო წინადადება მივიღე და ველი შემდეგ ეტაპებს როგორც ქართულ ბაზარზე ღვინის რეალიზაციის მხრივ, ასევე ექსპორტის მიმართულებით. ასოციაციის მხრიდან მონაწილეობის ხელშეწყობა კი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი წევრი მარნისთვის“.

 

გოგიტა მჭედლიშვილი, „იასეს მარანი“: „წლევანდელ „ვაინექსპოზე“ სტუმრების რაოდენობა ძაან მცირე იყო. თუმცა, სამდღიანი ფესტივალის ბოლო დღეს შედარებით ამოძრავდა ხალხი და გამოსწორდა სიტუაცია. ასოციაციის წევრების რიგი რომ ცალკე ჰქონდათ გამოყოფილი აღნიშვნებით - ეს კარგი იყო. თუმცა, ბუნებრივი ღვინის ნიშნით სტუმართა ინტერესი ნაკლებად შეიმჩნეოდა. საბოლოო ჯამში, მაინც საინტერესო ინიციატივა იყო და იმედია, სამომავლოდ ამ ფესტივალზე ბუნებრივ ღვინოს მეტი მოყვარული გამოუჩნდება“.

 

ნინო ჩიტოშვილი,  „ჩიტოს მარანი“: „წელს ასოციაციის დახმარებით ჩვენც უნდა მიგვეღო „ვაინექსპოზე“ მონაწილეობა და ვემზადებოდით კიდეც, მაგრამ ფესტივალის წინა დღეს დაგვესეტყვა ვენახი და გავქანდით კახეთში, რის გამოც, სამწუხაროდ, ვერ ჩავერთეთ ვერაფერში. იმედია, მომავალ წლებში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და შემდეგში ამინდი და იღბალი შეგვიწყობს ხელს მონაწილეობაში“.

 

ნიკო ბერიაშვილი, „ნიაბის მარანი“: „კარგია, რომ ნატურალური მეღვინეობის სტენდებთან აღნიშნული იყო ასოციაციის ნიშანი და განცალკევებით ვიმყოფებოდით. იყო დაინტერესებაც, მაგრამ ეს გამოფენა არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, ბუნებრივი ღვინისთვის, როგორიც მაგალითად არის ბუნებრივი ღვინის ფესტივალი Zero Compromise. არც დიდი გამოხმაურება ჰქონია „ნიაბის ღვინოს“. მიუხედავად ყველაფრისა, ნატურალური ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ამ გამოფენამ თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა“.

 

„ვაინექსპო“ საქართველოში ღვინის ყველაზე ძველი გამოფენაა და უკვე 17 წელია, რაც მას თბილისი მასპინძლობს. სხვადახვა დროს ამ გამოფენაში მონაწილეობა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრმა არაერთმა ახლა უკვე ცნობილმა და წარმატებულმა მცირე მარანმა მიიღო. თუმცა, ასოციაციისა და „ვაინექსპოს“ წლევანდელი თანამშრომლობა მაინც ერთგვარი სასიამოვნო სიახლე იყო, რადგან მცირე მარნებს საქართველოს ყველაზე ძველ ღვინის გამოფენაში მონაწილეობის საშუალება სრულიად უფასოდ მიეცათ და ეს ბევრი (განსაკუთრებით კი - ახალი) მარნისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი დახმარებაა.

 

ლევან სებისკვერაძე