ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ემშვიდობება მალხაზ ხარბედიას
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ემშვიდობება მალხაზ ხარბედიას

სიახლე05-06-2025

„ღვინის კლუბის“ ხელმძღვანელის, მწერლის და მეღვინის მალხაზ ხარბედიას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. რაც დრო გავა, მახო არა მხოლოდ მოგვენატრება, არამედ ცხადად დავინახავთ, რა სამუშაო გასწია მან როგორც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისთვის, ისე ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის.

vinoge.com - ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ და ამავე რესურსის ინტერნეტფორუმი, გაზეთი „მარანი“, ჟურნალი „მადიანი“, ღვინის კლუბი, ახალი ღვინის ფესტივალი, ცქრიალა ღვინის ფესტივალი, ღვინის სოფელი, ფესტივალი - მცირე მარნები დიდ ასპარეზზე, ქართული ღვინის გზამკვლევი... ეს არის იმ დიდი საქმეების და პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელთა ინიციატორი, სულისჩამდგმელი და აქტიური მონაწილე იყო მალხაზ ხარბედია. ამ და სხვა პროექტებს და მახოს წვლილს კიდევ არაერთხელ გავიხსენებთ, როცა ისტორია მოითხოვს პერსონიფიცირებას, თუ ვინ რა როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის ჩამოყალიბებაში.

მალხაზ ხარბედიას ინიციატივით დაარსებულმა ღვინის კლუბმა, რომლის დაფუძნებაშიც ბუნებრივი ღვინის მწარმოებელთა პიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა, გზა გაუხსნა მევენახეობა-მეღვინეობის უამრავ ენთუზიასტს, რომლებმაც საზოგადოებას თავიანთი ღვინოები პირველად ღვინის კლუბის მიერ დაარსებულ ახალი ღვინის ფესტივალზე გაასინჯეს. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნების მევენახე-მეღვინეებისთვის დაუვიწყარია მახოს ეს წვლილი, თანადგომა და ყველა ის სადღესასწაულო წუთი, რაც მოჰქონდა ღვინის კლუბის ფესტივალებში მონაწილეობას, ღვინის გურმანებთან პირდაპირ კონტაქტს, vinoge.com-ზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟებს და ღვინის პროფესიონალურ დახასიათებებს, რასაც მალხაზ ხარბედია დიდ დროს და ენერგიას ახმარდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მალხაზ ხარბედიამ სათავე დაუდო ქართული ღვინის მწერლობას და ჟურნალისტიკას, როგორც ჟურნალისტიკის ცალკე მიმართულებას. გასაკვირიც კი არის, რომ მანამდე მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაში, ვაზის და ღვინის სამშობლოში ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა ასე გამოკვეთილი და სისტემურად გამართული არასოდეს ყოფილა. მალხაზ ხარბედიას რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებსა თუ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ათასობით პუბლიკაცია, მისივე საავტორო წერილები, ბლოგები, ღვინის დახასიათებები (რაც საბოლოოდ თავს იყრიდა მის მიერ შექმნილ საიტზე - vinoge.com) კვლავ სიცოცხლისუნარიანია და დიდი ინტერესით იკითხება.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ უსამძიმრებს მალხაზ ხარბედიას ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და ათასობით ადამიანს, ვინც დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით.

მალხაზ ხარბედიას აწმყოშიც და მომავალშიც ყოველთვის ვახსენებთ როგორც ჩვენს გვერდით მყოფ ცოცხალ ადამიანს, რადგან მისი ღვაწლი არ კვდება.

ნახვამდის, მახო!