სიახლე . 03-02-2023

ZERO COMPROMISE - ბუნებრივი ღვინო და ბუნებრივი ადამიანები!
ლევან სებისკვერაძის ბლოგი
მეგობარი მეღვინეებისგან განსხვავებით, ვერ დავიტრაბახებ, რომ ბუნებრივი ღვინის ბევრ ფესტივალზე ვარ მსოფლიოში ნამყოფი. თუმცა სადაც ნამყოფი ვარ და რასაც დავკვირვებივარ, ჩვენს პლანეტაზე ყველა ნამდვილ მევენახე-მეღვინეს ერთი უეჭველი თვისება აერთიანებს და ამ თვისებას ქართულად უბრალოება ჰქვია. რატომღაც მგონია, რომ ცხვირაწეული და ნარცისი ადამიანი კარგ ღვინოს ვერასოდეს დააყენებს და თუ დააყენებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იქნება. ამის გამოა, რომ მეგობრები როცა მეკითხებიან თუ რას უნდა ელოდონ ბუნებრივი ღვინის ფესტივალ ZERO COMPROMISE-დან, მე მუდამ ერთიდაიგივე პასუხი მაქვს - ნამდვილ, გემრიელ, ძველი გემოების გამაცოცხლებელ ღვინოს და ნამდვილ, უბრალო, გემრიელ ადამიანებს!
20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა თბილისში ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართული ღვინოების გარდა იტალიური, სლოვენიური შვეიცარიული, ავსტრიული, გერმანული, ესპანური, ფრანგული, ავსტრალიური, ამერიკული, იაპონური და ტაივანის ღვინოებიც დაჭაშნიკდებაო, კენიიდან იქაური ხორცის გემით შემოტანის ამბავს უფრო დავიჯერებდით, ვიდრე ამას, რადგან ნამდვილად რთული იყო მსგავსი ამბები დაგეჯერებინა ქვეყანაში, სადაც ხალხს ელექტროენერგიის მოსვლა უფრო უხაროდა, ვიდრე მაგალითად კარგი მოსავლის წელი. საკუთარ ღვინოს მხოლოდ შენ როცა მოიხმარ, მოგეხსენებათ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს მოსავლის წელს და ღვინის ხარისხს, რადგან ცუდიც და კარგიც ერთნაირად დაილევა და ასეთ დროს მეღვინე თვითრწმენას კარგავს.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მთელი მისი ცხოვრება ღვინოს აყენებს, მამამისიც ღვინოს აყენებდა, ბაბუაც, იმის მამაც, იმის მამაც და ასე დაუსრულებლად და მათი ასე მრავალსაუკუნეგამოტარებული ღვინო პირადი ანუ შიდა საოჯახო მოხმარების სივრცეს არასოდეს გასცდენია. ასეთ დროს ყველა ეჩვევა არსებულ რეალობას და მათთვის შეიძლება ყოვლად დაუჯერებელი სიურპრიზი იყოს, როცა ეს ე.წ. ოჯახის ღვინო აღმოჩნდება ისეთ ფესტივალზე, როგორიცაა ZERO COMPROMISE, სადაც უცხოელი თუ ქართველი ღვინის სპეციალისტები რწმენაშერყეულ მეღვინეს დაარწმუნებენ, რომ მისი წინაპრების ძველი ტრადიცია კარგია, მოსაწონია, ქვევრი საუკადრისო ჭურჭელი სულაც არაა, ქართული ღვინო მხოლოდ ეგზოტიკური გემოების მომცემი არაა და სწორედ ისეთია, რასაც ბუნებრივი ღვინის უკვე დიდი საერთაშორისო მოძრაობა ეძებს და აინტერესებს.
ZERO COMPROMISE-ზე ქვევრის ღვინოებით ქართველი ღვინის მოყვარულების გარდა უცხოელი სპეციალისტებიც ინტერესდებოდნენ. პირადად ვნახე ბრიტანელი იმპორტიორი, რომელიც სიტყვებს - ქვევრსა და ჭურსაც კი ცალ-ცალკე განიხილავდა და ამბობდა, რომ დასავლეთ საქართველოს ღვინო ჭურისა იყო, ხოლო აღმოსავლეთისა ქვევრისა. განსაკუთრებით მომეწონა ესპანელი ქალი მეღვინეები, რომლებიც არად აგდებდნენ ენის ბარიერს და ქართველ ღვინის მოყვარულებს ისეთი გატაცებითა და ვნებით ესაუბრებოდნენ მათი ღვინის დაყენების ტრადიციებზე, ტერუარებზე, ნიადაგზე... ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა.
ამ ფესტივალის დაარსების პირველი დღიდან მეღვინეებს სულ ვეკითხები, რა მოეწონათ ბოლო „ზეროზე“ და რით გამოარჩევდნენ თბილისის ბუნებრივი ღვინის მთავარ ფესტივალს. ახლა კი ამაზე მე გეტყვით საკუთარ აზრს. წელს ყველაზე კარგად ჩანდა, რომ ქართველი მეღვინეები მეგობრულ შენიშვნებს, როგორც წესი, ითვალისწინებენ და მათი ღვინის ხარისხის მატება იმდენად თვალსაჩინოა, ამას ნეგატიურად მიკერძოებული კაციც კი აღიარებს. ადამიანების უმეტესობას რჩევების მიღება და გათვალისწინება არ უყვარს, მაგრამ ბუნებრივი მეღვინეობა, როგორ ჩანს, ამ მხრივაც გამორჩეულია.
ფესტივალზე მომეწონა პეტნატების სიმრავლეც და ეს გვაჩვენებს, რომ ქართველი მეღვინეები ფეხს მშვენივარად უწყობენ საერთაშორისო მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებს და მოთხოვნებს. არანაირი ტექნოლოგიური სირთულე არაა დაუძლეველი, თუკი ამას გონიერი ადამიანი მინდომებს.
მომეწონა და გამიხარდა ჩვენს თვალწინ გაზრდილი ახალი თაობის მევენახე-მეღვინეების ნახვა. ფაქტობრივად ვერც კი გავიგეთ ისე სწრაფად დაფრთიანდნენ ახალი თაობის მეღვინეები. წლევანდელი „ზეროს“ მონაწილე ლამის ყოველ მესამე მარანს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. ეს ბავშვები ფაქტობრივად ვენახებში და ფესტივალებზე გაიზრდნენ და მშობლებისა თუ კოლეგა მევენახე-მეღვინეების რჩევებითა თუ დახმარებით უკვე საკმაო ცოდნაც შეიძინეს და გამოცდილებასაც იღებენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ახალი თაობა შემდეგ წლებში კიდევ უფრო განსაკუთრებულ ღვინოებს დააყენებს. ასევე ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში მევენახის და მეღვინის პროფესია ახალგაზრდებში მეტად პოპულარული გახდა, რასაც მაგალითად ჩემს თაობაზე ვერასოდეს ვიტყოდი.
ფესტივალი ZERO COMPROMISE იქცა ძველ ნაცნობთა შეხვედრის ადგილადაც. ბევრია ისეთი, რომლებსაც მხოლოდ თბილისის ღვინის ფესტივალებზე ვხვდები. ზოგის სახელი არც კი ვიცი, მაგრამ ეს ის გარემოა, სადაც ინტროვერტობა არც გჭირდება და არც გამოგივა, რადგან აქ ყველა ყველას მეგობარია და უხერხულიც კია ამდენ კეთილგანწყობილ ადამიანს შენც საპასუხო კეთილგანწყობით არ უპასუხო.