იმერული ღვინო და ქუთაისი
იმერული ღვინო და ქუთაისი

Blog25-04-2025

ლაშა გურულის ბლოგი

[ენკენი]

 

იმერული ღვინო - სულ უფრო ხშირად გვესმის ეს ტერმინი უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც და საქართველოს საზღვრებს გარეთაც, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ. იმერული ღვინის  ეს ცნობადობა გამოწვეულია ერთი მიზეზით: ბოლო წლებში მცირე საოჯახო მარნებმა აქტიურად დაიწყეს იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა, რითაც უფრო მეტი ხარისხით გამოვლინდა იმერული ღვინის ავთენტურობა და ხასიათი.

ვსაუბრობთ იმერულ ღვინოზე და მოვიაზრებთ მთელ იმერეთს, თავისი მეღვინეობის ჩამოყალიბებული ზონებით თუ ახალი ტერუარებით. ვსაუბრობთ ბაღდათზე, ზესტაფონზე, თერჯოლაზე, ხარაგაულზე, ვანზე... თუმცა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამ მუნიციპალურ ცენტრებზე, ვერ გავცდებით სოფლებზე, ვენახებზე, კონკრეტულ მარნებზე და ვაზის ჯიშებზე საუბარს... და ამ საუბარს მიღმა კი გვრჩება მთავარი დეტალი: ბოთლში ჩამოსხმული იმერული ღვინის პოპულარიზაცია, მოხმარება, შეთავაზება და გაყიდვა  როგორ ხდება იმერეთის მთავარ ქალაქში - ქუთაისში, რომელიც მიმზიდველია რეგიონში ჩამოსული ყველა ტურისტისთვის და  წარმოადგენს იმერეთის როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ ცენტრს.

თვალი რომ გადავავლოთ ბოლო საუკუნეების ისტორიას, ქუთაისი გამოირჩეოდა ღვინის წერტებით და დუქნებით, სადაც იმერული ღვინის გასინჯვა შეიძლებოდა. ამ დუქნებსა თუ ღვინის წერტებში შესულ მყიდველს ზუსტი მოლოდინი ჰქონდა, თუ რა ხარისხის და რა ასორტიმენტის იმერული ღვინო დახვდებოდა იქ. იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმის პრეცედენტი საქართველოს გასაბჭოებამდეც იყო, გასაბჭოების შემდეგ კი იმერეთში არსებულმა რამდენიმე ქარხანამაც დაიწყო ღვინის ჩამოსხმა. ერთი სიტყვით, ქუთაისი კვალდაკვალ მიჰყვებოდა ქვეყნის და რეგიონის მეღვინეობის პროცესებს და ბაზრის გამოწვევებს.

ხოლო დღეს,  უნდა ითქვას, რომ ქუთაისში ამ მხრივ არასახარბიელო ვითარებაა. მომისმენია ღვინის ინდუსტრიაში დიდი ხნის წინ ჩართული ადამიანების მოგონებები, რომ თითქმის იგივე ვითარება იყო თბილისშიც 2010 წლამდე, როცა მაღაზიების დახლებზე მხოლოდ ინდუსტრიული ღვინო იდო (ხშირ შემთხვევაში - უხარისხო) და მცირე მარნების ღვინო ბოთლში ჩამოსხმული სახით ჯერ კიდევ არსად ჩანდა. შედარებით მასშტაბური ღონისძიებების დროს კი ვერსად იყიდდი ღვინის სადეგუსტაციო ჭიქებს და კორპსაძრობებს. როგორც ჩანს, ქუთაისში ახლა გავდივართ ამ გზას. თუმცა, რაღა ახლა?! პირველი იმერული ღვინის ბარები - „საწნახელი“ და „საფერე“ 2017 წლიდან გაიხსნა. ღვინის პირველი დეგუსტაციებიც მეღვინის მიერ საკუთარი ღვინის  წარდგენით, „საფერემ“ დაიწყო. იმერელი მეღვინეების კოლაბორაციაც ქუთაისურ ღვინის ბარებთან ამ წლებიდან იწყებს ათვლას.

2019 წელს ღვინის რამდენიმე ენთუზიასტმა დააარსა იმერული ღვინის კლუბი „ცოლიკოური“. კლუბის ორგანიზებით პირველი ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა რესტორან „სოლომონში“ იმავე წლის ზამთარში. ამ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო მარან „ენკენის“, მინაძეების მარან „ფერსვის“ და დავით ლელაძის ღვინოები. აქედან იღებს სათავეს ღონისძიებები კლუბ „ცოლიკოურის“ ორგანიზებით თუ თანაორგანიზებით ქალაქ ქუთაისში. სამწუხაროდ, მერე დაიწყო კორონავირუსის პანდემია. მიუხედავად პანდემიისა, ამ პერიოდში ღვინის ბარ „საფერეში“ იმართებოდა საქართველოს ღვინის კლუბის პროექტის - „ღვინის სოფლის“ ლექციები. „საფერეშივე“ გაგრძელდა კლუბ „ცოლიკოურთან“ ერთად ორგანიზებული დეგუსტაციების ერთგვარი ციკლი - ვისი ციცქა/ცოლიკოური სჯობს... კრახუნამდე ვეღარ მივედით... პანდემია კულმინაციურ ფაზაში შევიდა და ყველაფერი დაიკეტა.

ერთ-ერთი ასეთი კრიტიკული თარიღის დროს - 2022 წლის იანვარში დაიგეგმა „ენკენის“ ღვინოების დეგუსტაცია ახალგახსნილ ბარ-რესტორანში „ლილესთან“. აქედან მოყოლებული, 2 წლის განმავლობაში, იმერული ღვინის კლუბმა „ცოლიკოურმა“ და ბარ-რესტორანმა „ლილესთან“ 20-ზე მეტი დეგუსტაციას მოაწყო და 40-მდე მეღვინის ღვინო,  ძირითადად კი - იმერული მცირე მარნები წარუდგინა დაინტერესებულ საზოგადოებას. გარდამტეხი მოვლენა იყო 2023 წელს, დეკემბერში, კლუბის მიერ დასავლური ღვინის ფესტივალის - „არაჩვეულებრივი გამოფენის“ დაარსებაც, რომელმაც ყოველწლიური სახე შეიძინა. ამ პერიოდს ემთხვევა, ასევე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეღვინეობის ორი კურსი ქუთაისში, რამაც ამ სფეროში ჩართული საინტერესო ადამიანების  გაერთიანება შექმნა. ასევე, ყოველწლიური ხასიათისაა და ერთგვარი გამოწვევა იმერული მარნებისთვის ასოციაცია „იმერული ღვინის“ მიერ დაარსებული იმერული ღვინის კონკურსი, სადაც უცხოელი კომისიის წევრები აფასებენ იმერულ ღვინოებს და ვლინდებიან ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები ყოველწლიურად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოში დაარსებული ყოველწლიური იმერული ღვინის კონკურსი/ფესტივალი „ოქონობა“, რომელიც მაისში იმართება და სადაც არც თუ ისე ცოტა იმერული მარნის ღვინის წარდგენა ხდება, რომლებსაც სპეციალურად  მოწვეული ჟიურის წევრები აფასებენ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმერული ღვინოების პოპულარიზაციის საქმეში ღვინის მაღაზია/ბარი „ვაინთიჯი“, რომელიც მიზნობრივად უცხოელ მომხმარებელზეა გათვლილი და ფართო ასორტიმენტით წარუდგენს მათ როგორც იმერულ, ასევე სხვა ტიპის და მიმართულების ღვინოს.

მიუხედავად ამდენწლიანი მცდელობისა და მონდომებისა, იმერეთში და კერძოდ - ქუთაისში ღვინის კულტურა, თავისი ნამდვილი მნიშვნელობით,  აქამდე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. აქ საუბარია ისევ და ისევ იმერულ ბოთლის ღვინოზე, რომლის ნამდვილ ხასიათსაც ძირითადად მცირე საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინოები გამოხატავს. ხოლო მთავარი მიზეზი კი ამ ნელი განვითარებისა, ერთია: შემოდგომაზე საქართველოში ერთი კარგი ტენდენცია შეინიშნება - ბევრი ოჯახი ცდილობს ყურძნის შესყიდვას, საკუთარი ღვინის დაყენებას. მიუხედავად პირობებისა, მიუხედავად გამოცდილებისა, მიუხედავად ჯიშობრივი სხვაობისა, მაინც აყენებენ თავიანთ ღვინოებს სარდაფებში, ავტოფარეხებში, კორპუსებში, საოჯახო სასტუმროებში. ზამთარში მასობრივად შეიძლება კარგი ღვინოების გასინჯვა აქ, მაგრამ მთავარი ზაფხულია, როგორ გადაიტანს ღვინო ზაფხულს, რასაც ბევრის ღვინო ვერ უძლებს. აქ კი ქართველი კაცის ერთი არცთუ სახარბიელო ხასიათი იჩენს თავს: ყველა სხვა ღვინოზე კარგი რომ საკუთარი ღვინო ჰგონია - ან მართლა რომ ვერ ხვდება ღვინის ნაკლს, ან აღიარება არ შეუძლია. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სანამ თავისი ღვინო აქვს, შეუძლებელია მან დახლიდან შეიძინოს იგივე ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ბოთლის ღვინო თუნდაც მარნის ფასად. ამიტომ ქუთაისის ბარ-რესტორნები ისევ შემოსული ტურისტის იმედად რჩებიან. საბედნიეროდ ტურისტები უკეთ ერკვევიან ღვინოში და რეგიონის მიხედვით ლოკალური ღვინო აინტერესებთ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მხოლოდ სპეციალიზებულ ბარებსა და მაღაზიებში ხდება ადგილობრივი ღვინის შესაბამისად შეთავაზება და გაცნობა მათთვის.

2024 წლის აგვისტოდან კიდევ ერთი ობიექტი შეემატა ქუთაისს, სადაც როგორც ნატურალური ღვინის, ასევე სოფლის ნატურალური პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ესაა აგროსივრცე/ღვინის ბარი „სხვენი“, წერეთლის გამზირზე. „სხვენის“ სივრცეში 20-დე იმერული და არა მხოლოდ იმერული მარნის ღვინოა წარმოდგენილი. თვეში ერთხელ ერთობლივად ორი მარნის 8 ღვინის დეგუსტაცია ეწყობა. რამდენიმე ახალი სახის გამოჩენაც კი სტუმრებს შორის ამ დეგუსტაციებზე უკვე სასიხარულოა, იმედისმომცემია.

გვესმის, რომ რთულია ბოკალით ღვინის სმას შეეჩვიოს  საზოგადოება, როცა ქალაქის შემოგარენში არსებულ რესტორნებში ჯერ კიდევ „ოციანებით“ შეაქვთ ე.წ. ჩამოსახმელი ღვინო და განსხვავებული სასმისებით სვამენ. კარგი ისაა, რომ ფალსიფიცირებულ - შაქარზე დაყენებულ ღვინოს სულ უფრო იშვიათად წააწყდებით ქალაქში. ამ მხრივ ღვინის მოყვარულების რეცეპტორებიც დაიხვეწა. ეს ტენდენცია იძლევა იმედს, რომ ბოთლში ჩამოსხმულ იმერულ ღვინოებსაც გაუჩნდება ადგილობრივი მომხმარებელი, შესთავაზებენ ერთმანეთსაც და უცხოელ სტუმართანაც ეცდებიან თავის მოწონებას საკუთარი მხარის ღვინით. საბედნიეროდ იმერეთის ყველა მეღვინეობის ზონაში არის საკმაო რაოდენობით მცირე მარანი, რომლებიც კარგ ღვინოს აწარმოებენ და ნამდვილად ღირს მათი შეძენა და დაგემოვნება.