მალხაზ ჯაყელი: „ამერიკის დიდ ქალაქებში ქართული ღვინო დღეს გაცილებით ცნობადია“
მალხაზ ჯაყელი: „ამერიკის დიდ ქალაქებში ქართული ღვინო დღეს გაცილებით ცნობადია“

სიახლე15-04-2025

ქართული ბუნებრივი ღვინის მომავალი და განვითარება დიდწილად ცივილიზებულ სამყაროში ექსპორტზეა დამოკიდებული. მართალია, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი მცირე მარნებში დაყენებული ბუნებრივი ღვინის მიმართ და ქართულმა ღვინის ბარებმა თუ მაღაზებმაც თანდათან აუღეს ალღო ბუნებრივი ღვინის მიმართულებას, მაგრამ ეკონომიკური კუთხით ქართული ღვინის ბაზარი, ცხადია, თვითკმარი ვერ იქნება და ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნების უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნებში ღვინის ექსპორტზე მუშაობს. საექსპორტო ბაზრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც გატანილი ქართული ბუნებრივი ღვინის რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.

მალხაზ ჯაყელი ქართულ მეღვინებაში ცნობილი სახელია. იგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომლებმაც საქართველოში ბუნებრივი ღვინის მიმართულება როგორც ცალკე მიმდინარეობა დანერგეს. მალხაზ ჯაყელი ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მისი საქმიანობა კვლავ ღვინოს და განსაკუთრებით ქართულ ბუნებრივ ღვინოს უკავშირდება. იგი უკვე რამდენიმე წელია, პარტნორებთან ერთად, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტიორია და სასიხარულოა, რომ საქართველოდან ამერიკაში მის მიერ წაღებული ღვინოების დიდი ნაწილი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ მარნებშია დაყენებული.

მალხაზ ჯაყელთან საუბრის დასაწყისში, პირველ რიგში, იმით დავინტერესდით, აშშ-ის რომელ ქალაქებში ყიდის ქართულ ღვინოს და მათ შორის რამდენად დიდი მოთხოვნაა ბუნებრივ ღვინოზე.

მალხაზ ჯაყელი, ქართული ღვინის ექსორტიორი აშშ-ში: „ქართული ღვინო, ძირითადად, ნიუ-იორკის მაღაზიებსა და ბარებში შეგვაქვს, მაგრამ ასევე ვოპერირებთ ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის ახლოს მდებარე ბევრ პატარა ქალაქშიც. ამას გარდა ღვინოს ვყიდი კიდევ რამდენიმე შტატში: ორეგონი, ვირჯინია, მერილენდი და ასევე ვაშინგტონ დს-ში.

- თქვენს მიერ გაყიდული ღვინის დაახლოებით რამდენ პროცენტს შეადგენს ბუნებრივი ღვინო?

- შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ფირმის მთელი პორტფოლიო ბუნებრივი (ნატურალური) ღვინოებია, რომელსაც მცირე და საქართველოს მასშტაბით საშუალო მარნები აწარმოებებ. ამ მარნებიდან ზოგი არის ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი, ზოგი - არა.

- ძირითადად რომელ ღვინოზე და რომელ ჯიშებზეა მოთხოვნა?

- ძირითადად, მაინც ქარვისფერ, აქაურად „ორანჯ“ (ფორთოხლისფერ) ღვინოებზე და რა თქმა უნდა, საფერავზე არის მოთხოვნა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ჩვენი ფირმის - „ნეკის“ პორტფოლიოს უდიდესი ნაწილი კახეთიდანაა. თუმცა, ვცდილობთ დივერსიფიკაციას და ნელ-ნელა ვამატებთ დასავლეთ საქართველოს ღვინოებს.

- გვითხარით დაახლოებით რა ფასად იყიდება ქართული ღვინო ამერიკაში და თუ ექცევა ყურადღება, რომელი ვაზის ჯიშის ყურძნისგანაა დაყენებული?

- ვაზის ჯიშებს ღვინის ფასწარმოქმნაში არა აქვს მნიშვნელობა. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამერიკელები ძალიან კარგად ერკვევიან ქართულ ღვინოში. ცხრა წლის წინ, როცა მე ჩამოვედი ამერიკაში, ღვინის სფეროში დასაქმებულებმაც კი (სომელიეები, ღვინის მყიდველები-ბაიერები და ა.შ.) არ იცოდნენ, ქართული ღვინო და გასინჯულიც კი არ ჰქონდა ბევრს. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ღვინის სფეროში დასაქმებულებმა თითქმის ყველამ გაიგო და გასინჯა ქართული ღვინოები სხვადასხვა გამოფენებსა თუ დეგუსტაციებზე. ბევრიც საქართველოშიც მოხვდა და მეტი გაიგო ჩვენს შესახებ და ჩვენებურ ღვინოზეც. ასევე, ქართული ღვინის ცნობადობაზე გავლენა იქონია 2017 წლის ნოემბერში ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ. ამ კვლევაში ოცამდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა და მათ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრეს ქვემო ქართლში, გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ქვევრის ნატეხებსა თუ ფორებში ნაპოვნი ორგანული ნარჩენი მასალის თარიღი და დაადასტურეს, რომ ეს იყო კულტურული ვაზის ყურძნისგან დაყენებული ღვინო. ამ ღვინის ასაკი აღმოჩნდა 6000-5800 წელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე. რა თქმა უნდა, საქართველო ცდილობს ამ ფაქტის მარკეტინგულ გამოყენებას და პოზიციონირებას როგორ „ღვინის აკვანი“ – Cradle of Wine. ამ საერთო ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს ქართული ღვინო გაცილებით მეტად არის ცნობადი და მოთხოვნადი ნიუ-იორკსა და ზოგადად დიდ ქალაქებში. თუმცა, მომხმარებლის დონეზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და გრძელი გზაა გასავლელი.

ფასებს ძირითადად განსაზღვრავს ღვინის ფასი ადგილზე საქართველოში და მერე ზედნადები ყველა ხარჯი მარნიდან მაღაზიების თაროებსა თუ ბარებისა და რესტორნების საცავებში.

- რამდენად პოპულარულია ამერიკაში ქვევრი და ქვევრის ღვინო. დაახლოებით რამდენი პროცენტია ქვევრის ღვინო თქვენს მიერ გაყიდულ ღვინოებში?

- „ნეკის“ პორტფელის ღვინოების 90-95% ქვევრის ღვინოებია და ჩვენ ამ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული - საინტერესო, საავტორო ღვინოებზე. მე არ და ვერ ვყიდი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტებით მასობრივად დასახლებულ ადგილებში, როგორიცაა ბრაიტონი და სხვა. განა არ მინდა, რომ გავყიდო, მაგრამ ისინი ჩემგან არ ყიდულობენ და ძირითადად შედარებით იაფფასიან და კონვენციურ ღვინოებს ეტანებიან.

- საინტერესოა, თქვენი შეფასებით, ქართული ბუნებრივი ღვინის ხარისხი იზრდება თუ არა?

- ხარისხი, რა თქმა უნდა, იზრდება და ეს მუდმივი და შეუქცევადი უნდა იყოს ნებისმიერი პატიოსანი და ხელოვანი მევენახე/მეღვინისთვის.

ლევან სებისკერაძე