ZERO COMPROMISE 2025 - ბევრი მზე, ქარვა, ბუნებრივი ენერგია და კოსმიური ერთობა
ZERO COMPROMISE 2025 - ბევრი მზე, ქარვა, ბუნებრივი ენერგია და კოსმიური ერთობა

სიახლე31-03-2025

ფესტივალის მონაწილე მეღვინეთა მოლოდინები

 

საქართველოში ბუნებრივი ღვინის მთავარი ფესტივალის - ZERO COMPROMISE-სთვის მზადება, როგორც წესი, ჯერ კიდევ ზამთარში იწყება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ მაისში ატარებს. წელს ფესტივალი 2 და 3 მაისს ჩატარდება და უკვე მეორედ, გასული წლის მსგავსად, ტეცის (ყოფილი არტარეას შენობა)  სივრცე უმასპინძლებს.

 

ფესტივალისთვის ემზადებიან ქართველი თუ უცხოელი ღვინის მოყვარულები, რომლებსაც უკვე დაუგროვდათ ბუნებრივი ღვინის ამ ფორუმზე  სტუმრობის საკმაო გამოცდილება და დაახლოებით მაინც აქვთ წარმოდგენილი, ფესტივალზე რას ნახავენ, რას უნდა ელოდონ და  სასურველი ღვინოები სად უნდა იპოვონ.

 

ცხადია, ემზადებიან ღვინის იმპორტიორები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტებიც, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი ფესტივალის უშუალო მასპინძლებს, ანუ იმ მეღვინეებს აქვთ, რომელთა მთელი წლის გარჯის ნაყოფი - საუკეთესო ღვინოები უნდა წარსდგეს მთავარი „სამსჯავროს“ - ღვინით დაინტერესებული ადამიანების წინაშე.

 

მეღვინეები მიიჩნევენ, რომ ეს ფესტივალი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მცირე მარნებისთვის, რათა ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი პროდუქტი და გაზარდონ ცნობადობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი მომხმარებლების მოზიდვას, გაყიდვების ზრდას და მომხმარებლებისგან შეფასების მიღებას. ასევე ჩნდება შესაძლებლობა მეღვინეებმა სტუმრებს პირადად გააცნონ თავიანთი მეღვინეობის პროცესი და ტრადიციები.

 

NWA.GE ფესტივალის მონაწილე მეღვინეების ნაწილს წინა საფესტივალო მოლოდინებზე ესაუბრა.

 

ზაზა მუშკუდიანი, მარანი „თამანი“ (ლეჩხუმი): „ჩვენი მთავარი მოლოდინია უფრო ფართო აუდიტორიასთან დაკავშირება, ჩვენი ღვინის წარმდგენა და მომხმარებლისაგან უკუკავშირის მიღება. ასევე, ველით უკვე ნაცნობ და ახალ მეღვინეებს, რომელთაც დიდი სიამოვნებით გავიცნობთ. ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი ფესტივალი გადააჭარბებს მოლოდინებს, იქნება სასიამოვნო გარემო, მრავალი სტუმარი და დაგვრჩება მორიგი კარგი გამოცდილება. გასული წლის განმავლობაში ჩვენმა მეღვინეობამ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი - ავაშენეთ ახალი მარანი, შესაბამისი აღჭურვილობითა და პირობებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მეტად განვავითაროთ ჩვენი ღვინის წარმოება და შევთავაზოთ ღვინის მოყვარულებს საუკეთესო გამოცდილება.  წელს ფესტივალზე წარმოდგენილი ვიქნებით ლეჩხუმის ცოლიკოურით“.

 

თეა სტურუა, „პატარა მარანი“ „ნებისმიერი ფესტივალი, რომელიც კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის პოპულარიზაციის მიზნით იმართება, მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რომელთაც მარკეტინგული ხარჯების შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა რესურსებსა და ბაზრებზე. ფესტივალ ZERO COMPROMISE-ს აზრიც ხომ სწორედ ისაა, რომ თავი მოუყაროს ქართული ღვინით დაინტერესებულ მომხმარებლებს, იმპორტიორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და პრომოუტერებს. ფესტივალი, მასში მონაწილე მარნებს, საშუალებას გვაძლევს პირადად გავუწიოთ რეკლამირება საკუთარ პროდუქტს, წარვმართოთ უშუალო მოლაპარაკებები, მცირე მასშტაბებით ადგილზე მოვახდინოთ ღვინის რეალიზაცია. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თავად ამ ფესტივალის მაღალი ცნობადობა და ნდობა - მასში მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები მონაწილეობენ და ეს არის პრესტიჟიც და პასუხისმგებლობაც. თავად ფესტივალის სახელწოდებაც - ZERO COMPROMISE ხომ ერთგვარი გზავნილია - აქ წარმოდგენილი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები, უკომპრომისოდ იცავენ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც თავის მხრივ, ფესტივალის სტუმრებისთვის დამატებითი მოტივაციისა და ინტერესის განმსაზღვრელია. „პატარა მარანი“ წარმოდგენილი იქნება 3 სახეობის ღვინით, რომლებიც სოფელ კარდენახის წარაფისა და ახოების მიკროზონებში არსებული, საკუთარი ვენახების ყურძნისგან, ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრში იწურება. გვექნება წარაფის რქაწითელი 2020 და 2022, ასევე - ახოების საფერავი 2022“.

 

დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო“: "ჩვენი მოლოდინები, როგორც ყოველთვის, დიდია. „ზერო“ მარტო ფესტივალი არ არის. ყოველი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს ის ადგილია და გარემო, სადაც არის ძალიან ბევრი მზე, ქარვა, ბუნებრივი ენერგია და შენც ამ კოსმიური ერთობის ნაწილი ხარ. მთავარია ის, რომ კატასტროფულად უმოსავლო 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს გვაქვს კარგი მოსავალი. დაგვემატა 2 ახალი ღვინო. მიუხედავად მცირე რესურსებისა, ამ ფესტივალზე ყველას გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი შრომის ნაყოფი წარვუდგინოთ ღვინის მოყვარულებს, შევიდეთ კონტაქტში ჩვენნაირად მოაზროვნე მეღვინეებთან. წელს წარმოდგენილი გვექნება 6 სახის ღვინო: „ხორნაბუჯი“ ქვევრის (რქაწითელი 180 დღე ჭაჭაზე); „ხორნაბუჯი“ ქარვა (რქაწითელი 14 დღე ჭაჭაზე); „ხორნაბუჯი“ წითელი კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, საფერავი;&nbsp„ნონას მზიანი ღვინო“ (გრძელმტევანა, კახური მწვანე, რქაწითელი, ბუერა); ვარდისფერი რქაწითელი+რქაწითელი; რქაწითელი უდედო (1 დღე ჭაჭაზე). ყველა ეს ღვინო 2024 წლის მოსავლისაა“.

 

თორნიკე ლომთაძე, „ლომთაძეების მარანი ველისციხე“: „ზეროს“ ჩვენთვის ორმაგი დატვირთვა აქვს: ახალი მყიდველების და ღვინით დაინტერესებული პირების გაცნობა დაჩვენი ასოციაციის წევრების კიდევ ერთხელ შეკრება, მათიახალი ღვინოების დაჭაშნიკება თუ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ასოციაცია მცირე მარნებს აძლევს საშუალებას, მინიმალური ხარჯით მოახდინონ ღვინის პოზიციონირება ნატურალური ღვინის სამყაროში, გაიმყარონ რწმენა, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, რათა მიეცეთ მეტი მოტივაცია საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევის და გაფართოების. გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლის მოსავალი სრულად გაგვინადგურდა, 2024 წელს ძირითადად ძველი მარაგები ამოვყიდეთ და მოვემზადეთ,რათა ახალი ღვინოები შევთავაზოთ მომხმარებლებს. ამ ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება, საფერავის, რქაწითელის, ღვინის თეთრის ღვინოები, ასევე - რქაწითელი / მწვანე (50/50)  და შავკაპიტო-თავკვერი (50/50).თუ მოვახერხე ლუდიც შეიძლება მოვხარშო“.

 

შორენა პატარიძე, მარანი "პატარიძის რაჭული": „ამ ფესტივალიდან, პირველ რიგში, საქართველოს ღვინის ბაზარზე არსებული საინტერესო ობიექტების გაცნობას ველით. ჩვენ წარმოდგენილი გვექნება: წითელი მშრალი ღვინო 2022 წლის მოსავლის, რომელიც არის IWSC ვერცხლის მედალოსანი; წითელი მშრალი ღვინო 2023 წლის - IWSC ბრინჯაოს მედალისანი; რაჭული „ცოლიკაური“ - მშრალი თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჭკარა"; წითელი მშრალი ღვინო "BIO" ნიშნით (კავკასერტის სერტიფიცირება). ცოტა ხნის წინ დავნერგეთ ISO სტანდარტები საწარმოში; გერმანიაში გვაქვს საწყობი. დაგვემატა რამდენიმე ახალი ქვეყანა, სადაც გაგვაქვს ღვინო. „ზერო კომპრომაისი“ ემსახურება საქართველოში ღვინის ბაზარზე მცირე მარნების ღვინის პოპულარიზაციას და ასევე უცხოეთის ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში ღვინის გაყიდვის შესაძლებლობების შექმნას“.

 

იოსებ ხუციშვილი, მარანი „მახარებელი“: „ჩვენი მთავარი მიზანია იმპორტიორებთან ახალი კონტაქტების დამყარება და მათი დაინტერესება. ბოლო წლებში ქართულ მეღვინეობაში ვითარება სამწუხაროდ უფრო უარესობისკენ წავიდა და ამიტომაც აუცილებელია ახალი ურთიერობები, მეტი ინფორმირებულობა და იმპორტიორების გაცნობა. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება: რქაწითელი-მწვანე 2018, 2023, 2024, პეტნატი 2024, საფერავი (მუკუზანი) 2020, 2023, და 2024“.

 

კოტე თოფურია, მარანი „იორა“: „მცირე მარნების როლი, ჩემი აზრით, გადამწყვეტია ქვეყნის მეღვინეობის განვითარებაში. სწორედ ასეთი მარნები ქმნიან უნიკალურ ღვინოს, რადგან მათთვის თითოეული ბოთლი ძვირფასია და დიდი შრომის შედეგად მიღებული პროდუქტია. თუ ამას ემატება ისიც, რომ მარანი აწარმოებს ბუნებრივ ღვინოს, ეს კიდევ უფრო რთული საქმეა, რასაც შესაბამისი ცოდნაც ჭირდება და გამბედაობაც. ეს მიმართულება სწორად ვითარდება საქართველოში და კარგი მესვეურებიც ყავს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ სახით. ჩვენც ამ ასოციაციის წევრობამ მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბუნებრივი ღვინის ფესტივალებზე. ჩვენ წლევანდელ ფესტივალზე გვექნება წარმოდგენილი ჩვენი ვენახიდან მოწეული 2022 წლის მოსავლის ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ქისი-რქაწითელი და ქისი-ბუერა. ვფიქრობ, რომ თითოეული ღირსეული ღვინოა ასეთი დონის ღონისძიებისთვის. თუმცა, შეფასება მომხმარებლისთვის მიგვინდია. თითოეული აზრი, თუნდაც - კრიტიკული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ღონისძიება პირდაპირ კავშირშია ცნობადობის გაზრდასთან, ასევე გვექნება შესაძლებლობა შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს ჩვენი პროდუქცია პირდაპირი კონტაქტით, მივიღოთ და გავაზიაროთ გამოცდილება ჩვენს კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ საინტერესო დღეები გველოდება“

 

ფესტივალს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს. ფესტივალის პარტნიორია აჭარა ჯგუფი.

 

ფესტივალზე დასასწრები  ბილეთები იყიდება TKT .Ge - ზე.

 

tkt.ge/ZEROCOMPROMISE2025

 

მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის #10, ტეცი, 11:00 - 17:00 საათი.

 

ლევან სებისკვერაძე