სიახლე . 24-07-2024

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE წელს 2-3 მაისს გაიმართება
საქართველოში ბუნებრივი ღვინის ყველაზე დიდი ფესტივალი ZERO COMPROMISE 2-3 მაისს გაიმართება და წელს მას უკვე მეორედ ტეცის (ყოფილი არტარეას შენობა) სივრცე უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორ მთავარ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს — „ამერიმერს“ და ZERO COMPROMISE-ს ატარებს.
ფესტივალის პარტნიორია აჭარა ჯგუფი.
ტრადიციულად, ფესტივალში ასოციაციის წევრი მეღვინეები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ. ღონისძიებას ესწრებიან არა მხოლოდ ღვინის მოყვარულები, არამედ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებიც.
ფესტივალში სტუმრის სტატუსით ოცამდე ევროპელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინე მიიღებს მონაწილეობას. ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და სხვა მეღვინეობის ქვეყნებიდან ჩამოტანილი ღვინოები, რომლებიც უკვე ერთი წელია, საქართველოშიც იყიდება.
დაჭაშნიკების გარდა, სტუმრები ღვინის ხელმისაწვდომ ფასად შეძენასაც შეძლებენ. ფესტივალის მონაწილეებს ასევე კულინარიული მრავალფეროვნებაც ელოდებათ — სხვადასხვა კვების ობიექტი ქართულ და ევროპულ კერძებს წარმოადგენენ. ადგილზე იქნება ბურგერები, სენდვიჩები, მექსიკური ტაკოები, ხაჭაპური, ღვეზელი, პიცა, ლობიანი და სხვა გემრიელობები.
ფესტივალი ორდღიანია, შესაბამისად, ბილეთების ფასები ასე განაწილდება: ორღიანი ბილეთი – 50 ლარი, ერთდღიანი ბილეთი – 30 ლარი.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება TKT .Ge - ზე.
მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის #10, ტეცი, 11:00 - 17:00 საათი.