სიახლე . 14-03-2022
ქართულ ღვინოში ევროპელი მომხმარებელი ძირითადად ხარისხს, სიახლეს და რაღაც განსაკუთრებულს ეძებს
საქართველოს ღვინის ბაზარი, სამწუხაროდ, არ არის თვითკმარი და ჩვენი მეღვინეების დიდი ნაწილი მარნის შექმნისთანავე მოწადინებულია, ღვინის გასაყიდად უცხოეთის ბაზრები ეძებოს. ამ საქმეში მათ განსაკუთრებით ღვინის ფესტივალები ეხმარებათ, სადაც მეღვინე და იმპორტიორი პირისპირ ხვდება ერთმანეთს და სწორედ ასე იდება გარიგებები. დასავლეთის ბაზრებზე ყოველწლიურად იზრდება მცირე მარნების მიერ წარმოებული ქართული ბუნებრივი ღვინისადმი ინტერესი. თუმცა გაყიდვების ზრდის დინამიკა სასურველი ჯერ კიდევ არ არის.
იმპორტიორები, რომლებსაც ქართული ბუნებრივი ღვინო უცხოეთში გააქვთ, უმეტესწილად, უცხოელები არიან. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ქართველმა ღვინით მოვაჭრეებმაც აუღეს ალღო ბუნებრივი ღვინის გაყიდვებს. ერთ-ერთი მათგანია პაატა ბოლოთაშვილი, რომელიც წლებია ქართულ ღვინოს ევროპაში ყიდის. ქართული ღვინის ევროპაში გატანით 2009 წლიდან დაინტერესდა და ამ 15 წლის განმავლობაში მის ხელში უამრავი განსხვებული სტილის, რეგიონის, შინაარსისა და საფასო სეგმენტის ღვინოს გაუვლია.
NWA.GE პაატა ბოლოთაშვილს ქართული ბუნებრივი ღვინოების ექსპორტთან დაკავშირებულ რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ესაუბრა.
- თქვენს მიერ გაყიდული ღვინის დაახლოებით რამდენ პროცენტს შეადგენს ბუნებრივი ღვინო?
- ჩემი ბაზები ფრანკფურტსა და მიუნჰენშია. ამ ორი წერტილიდან ვოპერირებ გერმანიის თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და ყველა რეგიონში. მთლიანად ევროპას რაც შეეხება, ჩემი ღვინო კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, ისლანდია. რაც შეეხება ნატურალურ (ბუნებრივ) ღვინოს, ჩემს მიერ გაყიდული ღვინის დაახლოებით 30% ბუნებრივია.
- ძირითადად რომელ ღვინოზე და რა ჯიშებზეა მოთხოვნა?
- ვინაიდან ჩვენთან წითელი ღვინოებიდან ყველაზე მეტად საფერავი და თეთრებიდან რქაწითელია გავრცელებული, ჩემს სორტიმენტში უმრავლესობა ამ ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებულ ღვინოზე მოდის. ეს განსაკუთრებით ეხება საფერავს, მაგრამ ბევრი სხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი ღვინოც მაქვს, როგორიცაა: მუჯურეთული, ალექსანდროული, ჩხავერი, ოცხანური საფერე, ოჯალეში და ა.შ. თეთრი ღვინოებიდან ჩემს მომხმარებლებში ასევე საკმაოდ პოპულარულია მწვანე კახური და ქისი, ასევე - იმერული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები.
- დაახლოებით რა ფასად იყიდება ქართული ღვინო ევროპაში?
- ჩემთან საცალო ვაჭრობაში ღვინის ფასები 8,50 და 45 ევროს შორის მერყეობს. თუმცა, ღვინის უმრავლესობა სადღაც 12-16 ევროს საფასო სეგმენტში იყიდება. ფასებთან დაკავშირებით ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე: გავაკეთე შედარებით იაფი ღვინის პაკეტი და თითქმის ყოველგვარი სამოგებო დანამატის გარეშე შევთავაზე მომხმარებელს. ჩემდა გასაკვირად, მოთხოვნა საკმაოდ დაბალი იყო. ანუ, ქართულ ღვინოში მომხმარებელი, ძირითადად, უფრო ხარისხს ეძებს და ხარისხში მზადაა შესაბამისი თანხა გადაიხადოს. თუმცა, რამდენჯერმე გერმანულ ქსელურ სუპერმარკეტებში იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო, რომელიც 4-5 ევროდ იყიდებოდა და სწრაფადაც გაიყიდა. აქ ჩემი აზრით მომხმარებლის ტიპს ჰქონდა მნიშვნელობა, რაც ცალკე სასაუბრო თემაა.
- რამდენად პოპულარულია ევროპაში ქვევრის ღვინო და დაახლოებით რამდენი პროცენტია ქვევრის ღვინო თქვენს მიერ გაყიდულ ღვინოებში?
- ქვევრის ღვინო გერმანიაში და ზოგადად ევროპაში უკვე საკმაოდ პოპულარული და ცნობადია. ევროპელები ქართულ ღვინოში ხომ რაღაც ახალს, განსაკუთრებულს ეძებენ და ქვევრის ღვინოც ზუსტად ამ ნიშაში ჯდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს მიერ გაყიდული ღვინის ნახევარი მაინც ქვევრის ღვინოზე მოდის.
- ზოგადად, როგორია ახლა ევროპაში ქართული ღვინის ცნობადობა და ასევე საინტერესოა, თქვენი შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი იზრდება თუ არა?
- ქართული ღვინის გავრცელება 2009 წელს დავიწყე. შესაბამისად ჩემი ათვლის წერტილიც ეს წელია. თუკი ამ 15-წლიან პერიოდს განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავება მაშინდელსა და დღევანდელ სიტუაციას შორის ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. დღეს ქართული ღვინო უკვე საკმაოდ ცნობადია და კვლავ და კვლავ, ზეპროპორციულად იზრდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცნობადობა გასულ 5 წელიწადში გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მანამდელ 10 წელიწადში.
მიუხედავად ამისა, თავის დამშვიდება არ გვინდა. ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე დღეს მხოლოდ გარკვეული ნიშის პროდუქტია და მიუხედავად ამაღლებული ცნობადობისა, ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ ღვინოს არ იცნობს, რაც ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ კარგიცაა, რადგან გაყიდვების ზრდის დიდ პოტენციალს ქმნის. ასე რომ, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო.
რაც შეეხება ქართული ღვინის ხარისხს, ბოლო ათწლეულში ძალიან გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალი ბაზრები დაბალი ხარისხის ღვინოს არ იღებენ და შესაბამისად, მდარე ხარისხის წარმოების პირობებში, მწარმოებლებს ელემენტარულად წარმატების შანსი გაცილებით ნაკლები აქვთ. სამაგალითოდ შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემს მწარმოებლებს თავდაპირველად ხარისხიანი ღვინის მოწოდების შემდეგ მომდევნო წლებში ხარისხში პრობლემა შეექმნათ, რამაც მე მაიძულა, მათთან თანამშრომლობა შემეწყვიტა.
ამჟამად ხარისხის ზრდა იმდენად თვალსაჩინოა, რომ მე მიჭირს უამრავ კარგ ღვინოში, რომელსაც ქართველი მწარმოებლები გვთავაზობენ, არჩევანის გაკეთება.
ლევან სებისკვერაძე