ZERO COMPROMISE 2024 - ქართული და უცხოური ბუნებრივი ღვინოებით
ZERO COMPROMISE 2024 - ქართული და უცხოური ბუნებრივი ღვინოებით

სიახლე23-05-2024

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE დიდი ხანია, რაც თბილისის ღვინის რუკაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ამ დღეებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ღვინის მოყვარულები და ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანები ელიან. 

 

ფესტივალის ჩატარების პერიოდი - მაისის დასაწყისი  ის დროა, როცა მეღვინეების დიდი ნაწილი ღვინოს სარეალიზაციოდ ამზადებს და სწორედ ამ დროსაა საჭირო მათი მხარდაჭერა როგორც ღვინის გაყიდვების, ასევე მარნის ცნობადობის გაზრდის კუთხით. მიუხედავად მთელს მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობის ზრდისა, ახალ დიდ თუ მცირე მარნებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ უცხოეთის ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება, რადგან საქართველოს ღვინის ბაზარი მცირეა და თვითკმარი.

 

წლევანდელი „ზერო“ შარშანდელის მსგავსად ორდღიანი იყო (9-10 მაისი), რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, რადგან  ნამდვილად არაა ადვილი თბილისის ცენტრში (ღონისძიება ამჯერად საპრეზენტაციო სივრცე „არტარეაში“ ჩატარდა) ორი დღის განმავლობაში ხარისხიანად უმასპინძლო ასობით სტუმარს.

 

ZERO COMPROMISE, რა თქმა უნდა, წელსაც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალში ასოციაციის წევრი 100-ზე მეტი ქართული მარანის გარდა, 25 სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მეღვინეც მონაწილეობდა, რაც ამ ღონისძიების განვითარებასა და წინსვლაზე მეტყველებს. ღვინის მოყვარულებს, ქართული ღვინის გარდა, შეეძლოთ დაეჭაშნიკებინათ ესპანური, ფრანგული, იტალიური, ავსტრიული, სლოვენიური, იაპონური, ავსტრალიური,  ამერიკული და გერმანული ღვინოები. 

 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ აერთიანებს იმ მარნებს, რომლებიც ღვინოში არანაირ დანამატებს არ ხმარობენ, ვენახებს კი ორგანული და ბიომეურნეობის წესებით უვლიან. ასოციაციის სახელით ფესტივალზე გატანილი ღვინო ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი ბუნებრივია (ნატურალური). ასოციაციის წევრი მარნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ ღვინის ისეთ ფესტივალებში, სადაც მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ. შესაბამისად, თბილისის ZERO COMPROMISE-ს სტუმარი 25 უცხოური ღვინის მარანიც ნატურალური მეღვინეობის მიმდევარი იყო. 

 

ფესტივალში მონაწილე მარნები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რამდენიმე კუთხიდან იყვნენ წარმოდგენილნი. მათ შორის კახეთს განსაკუთრებული და პირველი ადგილი ეჭირა. კახეთის შემდეგ ყველაზე მეტი მეღვინე წარმოადგენდა ქართლს (როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლს) და იმერეთს. ფესტივალზე ახალბედა მეღვინეები იყვნენ ჩამოსული რაჭიდან და ლეჩხუმიდან,  გურიიდან და სამეგრელოდან. სასიხარულოა, რომ თანდათან ფეხს იდგამს დასავლეთ საქართველოს ისეთი მხარეების მეღვინეობა, რაც აქამდე მხოლოდ ერთი ან ორი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნით შემოიფარგლებოდა. 

 

ZERO COMPROMISE-ს დაესწრო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, რომელმაც ღვინოებიც დააჭაშნიკა და ჟურნალისტებთან „ზეროს“ განსაკუთრებულ მიშვნელობაზეც ისაუბრა. 

 

ფესტივალს ჰყავდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკული მარკეტინგული კომპანიის - Marq Energie Consulting ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები. 

 

ფესტივალის ფარგლებში ცნობილმა  ამერიკელმა ღვინის მწერალმა ელის ფეირინგმა ჩაატარა სემინარი „კლიმატის კრიზისი და მისი გავლენა ბუნებრივ ღვინოზე“. ფესტივალის სტუმარმა ესპანელმა სომელიემ ნურია რენომმა ისაუბრა თემაზე: „ემოციის განცდა ღვინოში ვენახიდან ჭიქამდე“. ღვინის ექსპორტით დაინტერესებულ ადამიანებთან ლექცია ჰქონდა ქართული ღვინის დანიელ იმპორტიორ სუნე როსფორტისაც. ქართველი ღვინის მწერალი, ქეთო ნინიძე კი ფესტივალის სტუმრებს თავისი წიგნის - „აპოკრიფული სადღეგრძელოების“ შესახებ ესაუბრა.

 

ZERO COMPROMISE-ს სტუმრებისთვის „არტარეას“ ეზოში მოწყობილი იყო სპეციალური კულინარიული წერტილები, სადაც ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება იყო შესაძლებელი.

 

ფესტივალი 10 მაისს კონცერტით დაიხურა, რა დროსაც სიმბოლურად გაიჭრა ტორტი.

 

ლევან სებისკვერაძე