სიახლე . 15-07-2023
ჭაჭის წარმოება - მცირე მარნების საფიქრალი
საქართველოში ფაქტობრივად ვერ ნახავთ საოჯახო მარანს, რომელსაც ღვინის დაყენების გარდა, ქართული ტრადიციული მაღალალკოჰოლური სასმელის - „ჭაჭის“ გამოხდის მიმართულებითაც არ მუშაობდეს. სხვა თუ არაფერი, ღვინის ძვირფასი ნარჩენის - ჭაჭის გადაყრა დასანანია, როცა იცი, რომ ამ ნარჩენისგან შესანიშნავი „ჭაჭა“ მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ „ჭაჭა“ თითქის ყველა მცირე მარანში იხდება, ამ სასმელს, სარეალიზაციოდ, მხოლოდ ერთეულები აწარმოებენ. ამის მიზეზი კი „ჭაჭის“ აქციზზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული განსაკუთრებულად დიდი გადასახადია. ასევე, არც თუ ისე ადვილია ღვინის დაყენებით დაკავებულმა ადამიანებმა დისტილაციის საქმესაც ხელი სერიოზულად მოკიდონ და ორივე მიმართულებაზე ერთმანეთის პარალელურად იმუშაონ.
ბოლო წლებში საქართველოში ახალი თაობის (ძირითადად - იტალიური) სახდელები შემოვიდა. ამ გზით სასმელი ბევრად სუფთად იხდება და კარგად იფილტრება. თუმცა, მცირე საოჯახო მარნები ჯერ კიდევ იყენებენ მამაპაპურ სპილენძის სახდელ ქვაბებს. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მხდელი ისე იყოს დაოსტატებული, რომ კარგი ხარისხის სასმელი გამოხადოს.
როგორც ჩვენთან საუბარში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრი მევენახე-მეღვინე, დათო კაპანაძე ამბობს, საკმაოდ რთულია დისტილაციის მიმართულებაზე მუშაობა, საამისოდ საბუთების მომზადება, კანონების ძირეულად დაცვა და მოგებაზე გასვლა. გარდა ამისა ლაბორატორია, აქციზი, დღგ ძალიან აძვირებს სასმელის თვითღირებულებას. მისი თქმით, ერთი 0.5-ლიტრიანი ბოთლი „ჭაჭა“ მინიმუმ 30 ლარი უნდა დააფასონ, თუნდაც მცირე მოგებაზე რომ გავიდნენ. ამიტომ, ბოთლირებული სახით „ჭაჭის“ წარმოებაზე მან ამ ეტაპზე უარი თქვა.
დათო კაპანაძე, „ტყლაპის მარანი“: „ზესტაფონში, ჩემს მარანში მაქვს საკმაოდ ხარისხიანი, ევროპიდან გამოწერილი სახდელი, მაგრამ ჯერ ექსპერიმენტებს ვატარებ და პირადი მოხმარებისთვის ვხდი ჭაჭასაც და საკონიაკე სპირტსაც. კარგად ვიცნობ ხალხს, ვინც დაიწყეს „ჭაჭის“ ბოთლით რეალიზაცია და როგორც იტყვიან, ბოლომდე შეერკინნენ პრობლემებს. რეალობამ აჩვენა, რომ მცირე მარნებისთვის კანონიერად მუშაობა რთულია და სასმელის ცნობადობის გაზრდაც არაა ადვილი. მათგან სასმელს მხოლოდ ახლობლები და ნაცნობები ყიდულობენ და ამიტომაც, აქვთ ძალიან მცირე რაოდენობის გაყიდვები“.
დათო კაპანაძის თქმით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიან, რათა დისტილერები დააჯარიმონ: „მაგალითად, საგადასახადოს თანამშრომელი დისტილერების „ფეისბუქის“ ჯგუფში წერს, რომ ეძებს ხარისხიან მაღალალკოჰოლიან სასმელს და არ დაეძებს მის „უსაბუთობას“. ამ დროს ბევრს „ჭაჭა“ გაუყიდავი აქვს და სიხარულით სთავაზობს მის მიერ გამოხდილ წლების მანძილზე დაგროვილ „ჭაჭას“. შემდეგ ამ კაცს შეხვდებიან, აღმოუჩენენ უსაბუთოდ გამოხდილ სპირტს თუ ჭაჭას, იჭერენ და შეიძლება ციხეშიც კი ჩასვან, რადგან 1500 ლარის ღირებულებაზე ზემოთ უკანონო სპირტის ქონაზე, კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ბოლო დროს ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტესობა ცდილობს, კანონიერად იმუშაოს, მაგრამ ზოგი ვერ უძლებს ცდუნებას და ამის გამო დიდ შარში ეხვევა“.
ვისაც დრო, შესაბამისი ფართის საცავი და ფინანსები აქვს, მუხის კასრებშიც აძველებს ჭაჭას. ვისაც ფინანსურად უჭირს - პირდაპირ ბოთლში ასხამს ანდა ცდილობს ლიტრობით გაყიდოს.
მნიშვნელოვანია, ასევე, თუ როგორი ხარისხის და რა მეთოდით გამოხდილი „ჭაჭა“ მიდის მომხმარებლამდე. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები ჭაჭის გამოხდის დროსაც ბუნებრივ მეთოდებს იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმელს არ ამატებენ არანაირი არომატიზატორებს და ესენციებს. შესაბამისად, ასეთ „ჭაჭას“ ნამდვილად ბუნებრივი გემო აქვს.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ კიდევ ერთი წევრი, მეღვინეობა „დანოს“ დამფუძნებელი დავით მოსულიშვილი კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში, ჭაჭას უჟანგავი ფოლადის სახდელში ხდის. მის გასაკეთილშობილებლად კი სხვადასხვა ბუნებრივ საშუალებებს იყენებს. ჯერჯერობით ჭაჭას არ ყიდის, მაგრამ სამომავლოდ იმედი აქვს, რომ რეალიზაციასაც მოახერხებს.
დავით მოსულიშვილი, მეღვინეობა „დანო“: „სახლში გვაქვს სახდელი ქვაბი - უჟანგავი ფოლადის, რომელშიც ღვინის გარდა, ჭაჭასაც ვხვდით. იხდება ცეცხლზე, რა თქმა უნდა, ე. წ. თავის და ბოლოს მოცილებით - ანუ ვაცილებთ სპირტს და საიას (რახს). გამოხდილ სასმელს ვინახავთ შუშის ბოცებში. ზოგიერთში დამატებული გვაქვს ტარხუნა და პიტნა, ზოგან - მუხის ჩიფსი. ვაპირებ თუთის გულის დამატებასაც. რეალიზაციას ამ ეტაპზე არ ვახდენთ. თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში შევთავაზებთ ბაზარს“.
ქართლში მდებარე „ნიაბის მარნის“ დამფუძნებელმა ნიკო ბერიაშვილმა ჭაჭის სარეალიზაციოდ გამოხდა ახლახანს დაწყო. ნიკო „ჭაჭას“ ტრადიციულ 80-ლიტრიან სპილენძის ქვაბში ხდის და სასმლის სიმაგრეს 40 გრადუსამდე აბალანსებს. იგი ამ სფეროში ახალბედაა და ჭაჭის დაძველების კუთხით გამოცდილება ჯერ არ ჰქონია.
ნიკო ბერიაშვილი, „ნიაბის მარანი“: „ჭაჭის გამოხდა სარეალიზაციოდ რეალურად წელს გადავწყვიტეთ, როცა ყურძნის კარგი მოსავალი მივიღეთ. ყურძნის ჩაწურვისას ტკბილს ჭაჭასთან ერთად ვადუღებთ და ერთი თვის შემდეგ ვაცლით უკვე დადუღებულ ღვინოს. ჭაჭას ცალკე ჭურჭელში ვათავსებთ და ვინახავთ. ვხდით ტრადიციულად სპილენძის 80-ლიტრიანი ქვაბით. „თავს და ბოლოს“ ვაცლით, რათა ეთერზეთები და მავნე ნივთიერებები არაყში არ გადავიდეს. საბოლოოდ ჭაჭის არაყში სპირტშემცველობა დაგვყავს დაახლოებით 40-42 გრადუსამდე. სამწუხაროდ ამ დროისთვის დაძველება არ გვიცდია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც მალე შევძლებთ“.
მიუხედავად სფეროში არსებული მთელი რიგი პრობლემებისა, ჭაჭის ხდა ქართულ მცირე მარნებში (თუნდაც პირადი მოხმარებისთვის) ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არ შეწყვეტილა. ჭაჭის ხდის ტრადიციები იმ კუთხეებშიც კი შენარჩუნდა, სადაც მევენახეობა არასოდეს ყოფილა განვითარებული. მნიშვნელოვანია, რომ „ჭაჭა“ როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით დაცული სახელწოდებაა და მხოლოდ საქართველოს აქვს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელწოდებით მაღალალკოჰოლური სასმელი აწარმოოს. ამიტომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ტრადიციული ქართული სასმელის განვითარებას, რაც პირველ რიგში, საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებით უნდა გამოიხატოს.
ლევან სებისკვერაძე