სიახლე . 10-11-2023
RAW WINE 2023 - ქართული ბუნებრივი ღვინოები ბერლინში
3 დეკემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბუნებრივი ღვინის ცნობილი გამოფენა RAW WINE 2023 გაიმართა. ბოლო წლებში ბუნებრივი ღვინის მიმართულება მსოფლიოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და ამ მოძრაობაში ქართველი მეღვინეები აქტიურად არიან ჩაბმული.
გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი 15 ქართული მარანი მონაწილეობდა. ბერლინის ფესტივალში მონაწილე მარნების უმეტესობა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრია.
RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეჟერონი. ბერლინის გარდა, RAW Wine 2023 წელს ნიუ-იორკში, კოპენჰაგენსა და ლოს ანჯელესშიც გაიმართა და საქართველოს წარმომადგენლებმა ამ გამოფენებშიც მიიღეს მონაწილეობა.
გერმანიაში გამოფენილი ქართული ღვინის უმეტესობა ქვევრში იყო დაყენებული. ბუნებრივი ღვინის მოყვარულები ქართული ღვინით ძირითადად სწორედ ტრადიციული საღვინე ჭურჭლის - ქვევრის გამო ინტერესდებიან და ჩვენი მეღვინეებიც ცდილობენ ეს ინტერესი სათანადოდ გამოიყენონ. RAW WINE 2023-ში მონაწილე მარნების ძირითადი ნაწილი კახეთიდან იყო. ასევე გამოფენილი იყო იმერეთის და რაჭის მარნების ღვინოები.
მონაწილეთა სია:
1. „მეღვინეობა კონდოლი“ (კახეთი),
2. „ლომთაძეების მარანი“ (კახეთი),
3. „ანბანი“ (კახეთი),
4. „დო რე მი“ (კახეთი),
5. „პატარიძის რაჭული“ (რაჭა),
6. „ჩიტოს ღვინო“ (კახეთი),
7. „მალატი“ (კახეთი),
8. „ანდრიას ღვინო“ (კახეთი),
9. „სიმონ ჩხეიძის მარანი“ (იმერეთი),
10. „ექიმის ბიო-მარანი“ (კახეთი);
11. „ახმეტის ღვინის სახლი“ (კახეთი),
12. „მახარებელი“ (კახეთი),
13. „პატარა მარანი“ (კახეთი),
14. „ველინო“ (კახეთი),
15. „თედოს მარანი“ (კახეთი).
ქართველი მეღვინეები ამბობენ, რომ ქართული ღვინის ევროპის და მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრება და ამ მხრივ, ღვინის მწარმოებლების, განსაკუთრებით კი, მცირე მარნების მხარდაჭერა, ცალსახად, სახელმწიფო პრიორიტეტია და მეტი ძალისხმევა მეტი შედეგის მომტანი იქნება.
შორენა პატარიძე, მარანი „პატარიძის რაჭული“: „ქართული ბუნებრივი ღვინოებით დაინტერესება ბერლინში იყო ძალიან დიდი. გამოფენაზე მოდიოდნენ სტუმრები, რომლებმაც უკვე ძალიან კარგად იცოდნენ ქართული ღვინო, აგემოვნებდნენ ჩვენს ღვინოებს და იმახსოვრებდნენ. ეს ძალიან კარგი გამოფენაა და უნდა აღინიშნოს, რომ მცირე მარნებისთვის ბევრს ნიშნავს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინისა“ და „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“ მსგავსი ხელშეწყობა“.
გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „ბერლინის გამოფენა, სხვა Raw Wines გამოფენებთან შედარებით, ნაკლებად დატვირთულია. ამის გამო, ეს გამოფენა ერთდღიანია. წელს ცუდი კლიმატური პირობები დაემთხვა. ჩემი რეისიც გაუქმდა ბერლინამდე - მიუნჰენის ნაცვლად ფრანკფურტში დასვეს თვითმფრინავი და შემდეგ მატარებლით მომიწია წასვლა. დამატებით კიდევ დიდი ყინვები იყო, რამაც გამოიწვია მგზავრობების შეფერხება და ამიტომ ხალხიც გამოფენაზე შედარებით ნაკლები იყო. ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრს შეექმნა პრობლემა - მეღვინეებსაც და იმ მონაწილეებსაც, ვისაც მოსვლა უნდოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელთან შედარებით, საკმარისად ბევრი ხალხი იყო გამოფენაზე. ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ნამდვილად შესამჩნევად მზარდია. არათუ მხოლოდ ღვინის მოყვარული სტუმრები მოვიდნენ, არამედ სხვა ქვეყნების მეღვინეებიც კი მოდიოდნენ (ფრანგები და იტალიელები - განსაკუთრებით), სინჯავდნენ ღვინოებს და შემდეგ ტექნოლოგიას გვეკითხებოდნენ“.
ნინო გზირიშვილი, „თედოს მარანი“: „საინტერესო იყო ბერლინის ფესტივალზე ზედიზედ მეორედ მონაწილეობა. რამდენად შედეგიანი იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. პირველ რიგში, ის ადამიანები მოდიოდნენ, ვისაც ქართული ღვინის შესახებ სმენია. ბევრი მათგანი, ჩვენი დაკვირვებით, ერთმანეთს ურჩევდნენ, სად მისულიყვნენ, ანუ ვინც უკვე გასინჯა და მოეწონათ მათი რეკომენდაციით. ჩვენი მარნის არაორდინალური ეტიკეტი დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობდა. რამდენიმეს ჩვენ გავასინჯეთ, დავპატიჟეთ და ეგრე დავალევინეთ. დანარჩენ ქართულ მარნებიც ყველას თავისი საინტერესო მიმართულება აქვს. იტალია, ესპანეთი და მეღვინეობის უფრო ცნობილი ქვეყნების მარნების წარმომადგენლებთან ბევრად მეტი ხალხი მიდიოდა. როგორც ჩანს, კიდევ მეტი ინფორმაციაა საჭირო ქართული ღვინის ცნობადობისთვის ევროპაში. მსგავსი გამოფენები ძალიან კარგი საშუალებაა, ნახო და შეადარო მსოფლიოს სხვადასხვა ღვინოს ქართული ღვინო და უფრო ნათლად დაინახო განსხვავება“.
ბერლინის გამოფენაზე 20 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეღვინეების მთავარ ინტერესს ღვინის რეალიზატორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა წარმოადგენს. ასეთ გამოფენებში ნატურალური ღვინით დაინტერესებული ადამიანები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და ხშირად იქვე თანხმდება ბიზნეს-გარიგებები.
ლევან სეფისკვერაძე