ქართლის რთველი 2023
ქართლის რთველი 2023

სიახლე10-11-2023

2023 წლის რთველი, კახეთის მსგავსად, პრობლემური იყო ქართლშიც. სეტყვამ და ხშირი წვიმების გამო მომძლავრებულმა სოკოვანმა დაავადებებმა განსაკუთრებით შიდა ქართლის მევენახეები დააზარალა. არც ქვემო ქართლელებს ულხინდათ. ქართლში წელს იყო  მიკროზონები, სადაც ადგილობრივმა მევენახეებმა მოსავალი საეროდ ვერ აიღეს და ამის გამო ზოგიერთმა შეიძლება გულიც კი აიცრუოს მევენახეობა-მეღვინეობაზე. სამწუხაროდ, დაზარალებულ მევენახეთა შორის, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებიც იყვნენ. ჩვენთან საუბარში ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ წელს მოსავლის 100 ან 90% დაკარგა. 

 

ზაზა დარსაველიძის მარნის „დასაბამის“ ვენახები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისშია. ზაზა მარნის დაარსებიდანვე ვენახებს ბუნებრივი მევენახეობის წესების დაცვით უვლის. მისი თქმით, ვენახებში მოსავლის 70% განადგურებულია და ასეთი ვითარებაა გარშემო, სხვა ვენახებშიც.

„ირმას და კატოს მარანი და ვენახები“ ასოციაციას 2022 წელს შეუერთდა. მარნის წარმომადგენელი, ირმა მერებაშვილი ამბობს, რომ რასაც წელს მოსავალს ელოდნენ, იმ რაოდენობის 10% შეიძლება დაკრიფონ და იქიდანაც რა ხარისხის ღვინო გამოვა, ძნელი სათქმელია: „ასეთი ცუდი მოსავალი გვაქვს იმ დროს, როდესაც ჩვენი მარნის განვითარების ახალ სტადიაში ვიყავით და ასეთი ზარალი - როგორც ფინანსური, ასევე მორალური - კატასტროფად შეიძლება შეფასდეს. სხვა რა გზა გვაქვს?! უნდა შევეგუოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. მევენახეობა-მეღვინეობის საქმე, სამწუხაროდ, ასეთია. ურთულესია ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა და დაგეგმვა“.

ფაქტობრივად მოსავლის 100% დაკარგა „თეძამის მარანმა“, რომლის ვენახები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაშია. მარანს წელს ფაქტობრივად რთველი არ ჰქონია.

სამაგიეროდ, ძალიან გაუმართლა ნიკო ბერიაშვილს, რომლის მარანი ასევე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელიანში მდებარეობს.

ნიკო ბერიაშვილი, მარანი „ნიაბი“: „ოქტომბრის პირველ კვირას მქონდა რთველი. უქარო და მზიანი ამინდი იყო. მოსავლის ნაწილი ნაცარმა დააზიანა, მაგრამ კრეფისას მარცვლები გამოვხშირე. მტევნები კარგად იყო მომწიფებული. თეთრი ყურძენი 3 ტონამდე დაიკრიფა და წითელი 500 კილოგრამი გამოვიდა. ორივე მთლიანად ჭაჭასთან ერთად ჩავწურე და ვფიქრობ კარგი და საინტერესო ღვინო დადგება“.

მძიმე წელი ჰქონდათ გორელებსაც. აქაც მოსავლის დიდი ნაწილი სეტყვამ და ჭრაქმა გააფუჭა.

თენგიზ დვალიშვილი, მარანი TDWinery: „წელს მთელი მოსავალი  150-დან 200 კილომდე იქნება. 4 ტონას ველოდებოდი. მხოლოდ თეთრი ბუდეშურის მოსავალი გადარჩა. იმასაც მელია ჭამს.  12 და 13 ივნისს იყო ჭრაქის ყველაზე დიდი შემოტევა. წამალი გაკეთებული მქონდა, მარა ფიზიკურად ვერ შევწამლე და 23 ივნისამდე ყოველდღე წვიმდა. ძველი ვენახიდან თითქმის არაფერი გადარჩა. შარშანდელი ღვინის რეზერვი მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. მომავალი წელიც თუ ასე იქნება, მერე უკვე აღარ ვიცი, რას ვიზამ“.

ივანე სტეფანაშვილი, „ვარიანის მარანი“: „წელს ყურძენი არ დამიკრეფია. ჯერ გაზაფხულის ყინვა დაგვატყდა თავს, მერე კი მაისიდან ივლისის დასაწყისამდე არ გადაუღია წვიმას. ივლისში შერეული ამინდები გვქონდა (უკვე გაფუჭებული იყო ყველაფერი) და მერე სეტყვაც მოვიდა. შავკაპიტო ძირითადად ყინვამ დააზრო, მაგრამ რაც ესხა, ის საბოლოოდ ჭრაქმა შეჭამა. მარტო ეგ არაა პრობლემა. მუშას ვერ ვშოულობ, რომ დროულად ჩავატარო ვენახში სამუშაოები. ტრაქტორს თუ იშოვი, იმდენ ხანს წელავს მოსვლას, რომ მერე ბალახი ამოდის და ვეღარაფერს აკეთებს“.

ცუდმა წელმა მცხეთელებიც აზარალა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორ წევრ მარანს აქვს ვენახები და არსებული სიტუაციის შესახებ სწორედ მათგან შევიტყეთ. 

ბექა ასლანიშვილი, „ბეას ნები“: „რასაც ვხედავ და მესმის, იმასთან შედარებით ჩვენთან კიდევ არაუშავდა მოსავალს. დაახლოებით 2 ტონამდე დაიკრიფა მოსავალი და ეს სხვის ფონზე ნორმალურია. თუმცა, ჩვენი ყურძენიც საკმაოდ იყო გაფუჭებული. ჭრაქის გამო მოსავლის დაახლოებით 25% დავკარგეთ“.

იაგო ბიტარიშვილი, მარანი „იაგოს ღვინო“: „წელს გვიან - ოქტომბრის შუა რიცხვებში დავკრიფე ყურძენი. ასე გვიან არასდროს დამიკრეფია, რადგან ძალიან ცუდი წელი იყო. მარტო სეტყვა არ იყო პრობლემა. გვქონდა ცივი გაზაფხული ბევრი წვიმებით. სეტყვას და დაავადებას გადარჩენილი ყურძნის ხარისხიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ყურძენს შეიძლება ვიზუალურად არაუშავდეს, მაგრამ სიტკბო და სიმჟავე წელს ყველგან პრობლემატურია. ამიტომ ერთი ვენახის დაკრეფა მაქსმალურად გავწელე, რომ იქნებ მეტ-ნაკლებად სასურველი ღვინო მივიღო. წელს პირადად მე მოსავლის დაახლოებით 60% დაკარგე“.

ქართლელი მევენახეები ამბობენ, რომ მათ მხარეში ბუნება წლიდან-წლამდე უფრო მკაცრი ხდება და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს მოუწევთ უფრო მეტი მოქნილობის გამოჩენა და ზოგადად მეტი მუშაობაა საჭირო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს ცხადია არ იქნება ადვილი მცირე მარნებისთვის, რადგან უმეტესობას შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს. 

ლევან სებისკვერაძე