2023 წლის მოსავალი კახეთში დაავადებებმა და სტიქიებმა შეიწირა
2023 წლის მოსავალი კახეთში დაავადებებმა და სტიქიებმა შეიწირა

სიახლე10-10-2023

საქართველოში რთველი კახეთიდან იწყება და დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებით სრულდება. რაკი კახეთში მთელი ქვეყნის ყურძნის მოსავლის უმეტესი ნაწილი მოდის, ბუნებრივია, ინტერესიც ამ კუთხისადმი განსაკუთრებულია. სახელმწიფოს თუ საზოგადოების ყურადღება კახეთს და კახეთის რთველს 2023 წელსაც არ აკლდა, მაგრამ ამას მევენახეებისთვის ბევრი არაფერი შეღავათი მიუცია. კახელი მევენახეების შეფასებით, რეგიონში წელს ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი მოსავალი მოვიდა და ზოგან ყურძენი საერთოდ ვერ დაიკრიფა.

 

ადრიან გაზაფხულზევე დაიწყო გახშირებული წვიმები და ამას თან დაერთო სოკოვანი დაავადებების კატასტროფული გავრცელება. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იყო სეტყვა კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, ღვარცოფი და არაბუნებრივად ძლიერი გრიგალები. 

 

დიდ ზარალს ვერ გადაურჩნენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი კახელი მეღვინეებიც. ჩვენ ვერ ვნახეთ მევენახე-მეღვინე, რომელსაც მოსავლის სულ მცირე 40-50% მაინც რომ არ გაფუჭებოდა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია. თელაველებმა და გურჯაანელებმაც მოსავლის ლამის ნახევარი დაკარგეს. რთული სიტუაცია იყო გარეკახეთში. ასოციაციის წევრი გარეკახელი მევენახე-მეღვინეების თქმით, წელს განსაკუთრებით თეთრ ყურძენს გაუჭირდა. ხორნაბუჯელმა (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) მეღვინემ კი გვითხრა, რომ დიდ ვენახში 500 კილოგრამი ყურძენიც კი ვერ დაკრიფა და გადაწყვიტა მთელი მოსავლით (სულ 300-400 კილოგრამი) ბოლო დროს ასე პოპულარული პეტნატი დაამზადოს.   

 

გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „ვენახები ახმეტაშიც მაქვს და ხაშმშიც. ორივეგან რთული წელი იყო. ბევრი წვიმის გამო მომძლავრებლმა ჭრაქმა ვენახებს გადაუარა და მოსავლის მინიმუმ ნახევარი გააფუჭა. ეს მდგომარეობაა აბსოლუტურად ყველგან“.

 

მიხეილ ჭონიშვილი, „ჭონას მარანი“: „რა რთველი, რის რთველი?! წესით, 15 ტონა ყურძენი უნდა დამეკრიფა და ჰა, ჰა შეიძლება 500 კილო ყურძენი დავკრიფო. ადრე სულ ვამაყობდი, ჭრაქი ვერაფერს მაკლებს-მეთქი და ისე მოხდა, რომ წელს ასოციაციის წევრებისგან მომიწევს ყურძნის ყიდვა, ღვინო რომ დავაყენო. ანალოგიური მდგომარეობაა მთელს თელავის მუნიციპალიტეტში“.

 

ნინო ჩიტოშვილი, „ჩიტოს მარანი“: „ჩვენ ვენახები გურჯაანის ორ სოფელში - ვაჩნაძიანში და ვაზისუბანში გვაქვს. განსაკუთრებით საფერავი დაგვესეტყვა, რომელსაც ძალიან კარგად ესხა. სულ ჰექტრიდან 3 ტონა დავკრიფეთ. სეტყვამ თეთრ ჯიშებსაც წამოჰკრა, მაგრამ იმას კიდევ არაუშავს. წელს საფერავის მოსავლის ნახევარი დავკარგეთ. ასევე დავკარგეთ თეთრი ჯიშების დაახლოებით 30%. საფერავს წვენი საერთოდ არ ჰქონდა. სეტყვის ბრალია ესეც. სეტყვის მერე მეოთხე დღეს დავკრიფეთ, შაქარი რომ აეღო. თეთრი ჯიშების ერთი ვენახი ნახევრად დამპალი დავკრიფე, რადგან შაქრის აწევას ველოდებოდი და ამ დროს ისიც დაისეტყვა“.

 

გურამ მაისურაძე, მარანი „ნადელები“: „ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ 2023 წელი კახეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წელია. ჩემს გარშემო გამოცდილი მევენახეები ამბობენ, რომ 20 წელზე მეტია, ასეთი რამ კახეთში არ მომხდარა - დაწყებული ვენახის დაავადებებით, დამთავრებული ჭარბი სეტყვით. ვინც დაავადებებს გადაურჩა, მათი დიდი ნაწილი შემდგომ სეტყვამ შეიწირა. ასეთი რთული წლის მიუხედავად, თელავთან ახლოს ჩვენი ვენახების უმეტესობამ საკმაოდ იყოჩაღა. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ყურძნის ხარისხში, იქიდან გამომდინარე, რომ ადრეულად დავიწყეთ ვენახის წამლობა, ჭრაქის პირველი შტამის გამოჩენისთანავე. დავაგვიანეთ წამლობა რქაწითელის ვენახში და 80% რქაწითელი ჭრაქმა იმსხვერპლა. სხვა ჯიშები (ქისი, ხიხვი, საფერავი) კი ერთმანეთზე კარგ შედეგებს ავლენენ ხასიათითაც და რაოდენობითაც. თუ არ ჩავთვლით რქაწითელს, ვფიქრობ ძალიან კარგი ხარისხი გვექნება 2023 წლის ღვინოებში. გაგვიმართლა იმაშიც, რომ სეტყვა ჩვენს ვენახებს ასცდა, რასაც ვერ ვიტყვით წინა წლებზე, როდესაც 3 წელი ზედიზედ დავისეტყვეთ და მოსავლის უმეტესობა დავკარგეთ“.

 

დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო“: „კრეფა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ დაახლოებით 500 კილოგრამ ყურძენს მოვაგროვებდი 42 რიგ ვენახში. სამწუხაროდ, ეს რაოდენობაც კი ვერ დავკრიფეთ. ხორნაბუჯში ერთ ვენახში (12 რიგი) მოვაგროვე 4 ვედრო ყურძენი. ვარდისფერი რქაწითელი უფრო გამძლე გამოდგა და ნაკლებად დაზიანდა. ხიხვიც ასე თუ ისე გადარჩა. ხიხვი ბევრი არა გვაქვს და ისიც ვენახის განაპირასაა. შეიძლება უფრო ნიავდება და ამან უშველა.

 

ანა დიდებულიძე, „რობის მარანი“: „წელს რთველი არ გვექნება, რადგან მთელი მოსავალი დავკარგეთ. გურჯაანის სოფელ ნანიანში ყურძენი წვიმებმა და ჭრაქმა საშინლად გააფუჭა და ირგვლივ თითქმის ყველგან ანალოგური მდგომარეობაა“. 

 

ნიკა გარსევანიშვილი, „ახმეტის ღვინის სახლი“: „გაზაფხულზე ვაზს ისეთი ყვავილი ჰქონდა, ვიფიქრე - ავშენდი-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად! ალავერდში მდებარე ვენახებს ჯერ კიდევ ყვავილობისას დაარტყა ჭრაქმა ისე, რომ ყვავილი სულ გააყრევინა და ახლა რომ შეხედო, დაკრეფილი გეგონება. მტევნის ჩონჩხიც კი არაა. არც ფოთოლი და არც რტო. ახმეტაში ვაზმა ცოტა მოასწრო გამოხორბლვა, მაგრამ იქაც ჭრაქმა გვაზარალა. 6 ტონის ნაცვლად, 2 ტონა მოსავალი თუ მოვიწიეთ, ბედნიერი ვიქნები. წელს ჩვენ სეტყვა არ გვქონია“.

 

ზურაბ ხვთიასიაშვილი, მარანი „ხვთისია“: „ძალიან ცუდი წელი იყო კარდანახშიც. მოსავალი განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს გაგვიფუჭდა. განსაკუთრებთ სეტყვამ და ქარმა დაგვიზიანა მოსავალი.  წელს რქაწითელის 50 % და საფერავის მოსავლის 40% დავკარგეთ“.

 

როგორც მევენახეები ამბობენ, წელს კახეთის უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ ყურძნის გარეშე დარჩა. ფაქტია, რომ 2023 ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წლის სახელით შევა კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიაში. იმედია, მსგავსი წელი აღარ განმეორდება. 2023 წლის მოსავლის ღვინოების ხარისხობრივი მხარე კი, რა თქმა უნდა, 2024 წლის გაზაფხულზე გვეცოდნება და ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით.

 

ლევან სებისკვერაძე