რთული წელი
რთული წელი

სიახლე21-08-2023

რთველი ახლოვდება და მევენახეები მოსავლის მისაღებად ემზადებიან. რთული წელი - ქართველი მეღვინეებისთვის მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს 2023 წელი როგორც მოსავლის ხარისხის, ასევე მოსავლის რაოდენობის კუთხით. ჭრაქმა, ნაცარმა, ვაზის სიდამპლემ და სხვა დაავადებებმა, რომლებიც ძირითადად უჩვეულოდ ხშირი და ინტენსიური წვიმებით იყო ნასაზრდოები, თითქმის მთელს საქართველოში (მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) ყურძნის მოსავლის ნაწილი გაანახევრა, ან საერთოდ გაანადგურა. კახეთში ამას დაემატა ვენახებზე რამდენჯერმე თავს დამტყდარი სეტყვა და ქარიშხალი.

 

წინა წლებში თუკი ისე ხდებოდა, რომ არცთუ კარგი წელი ვთქვათ კახელ მევენახეებს ჰქონდათ, ხოლო ქართლი, იმერეთი ან გურია გადარჩებოდა, 2023 წელს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მევენახეობით ცნობილ მხარეში ცუდ ვითარებაზე საუბრობენ და არის ადგილები, სადაც შეიძლება წლეულს ყურძნის მოსავალი საერთოდ ვერ მიიღონ.

ცუდი ვითარებაა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მთავარი პრობლემა დიდი წვიმების შედეგად არაერთგზის გაჩენილი ჭრაქი იყო და ამან ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. წლის უცნაურობა ის არის, რომ ჭრაქი პირველ რიგში შეხვდა რქაწითელს, რომელიც ამ სოკოვანი დაავადებისადმი მდგრადობით გამოირჩევა და ამიტომ კახეთში და ქართლში სწორედ რქაწითელის ვენახებია მეტწილად გაშენებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, საფერავი და სხვა ჯიშები ჭრაქს შედარებით გადაურჩა, მაგრამ არც ამ ვაზის ჯიშების ვენახებშია კარგი ვითარება.

ასოციაციის წევრი კონდოლელი მევენახე-მეღვინე გიორგი ღვარძელაშვილი ამბობს, რომ მას მოსავლის მინიმუმ 40% დაკარგა და დარჩენილი ყურძნის ხარისხიც ვერაა სასურველი. „ჩემს გარშემო თითქმის ყველა მევენახე-მეღვინე განადგურებულია. სოკოვანმა დაავადებებმა განსაკუთრებით თეთრი ყურძენი გააფუჭა. წელს ძალიან ცუდი წელი გვქონდა და მსგავსი ცუდი წელი არც კი მახსენდება“, - ამბობს გიორგი ღვარძელაშვილი.   

არც ახმეტაშია კარგი მდგომარეობა. ახმეტის სოფლებშიც მთავარი პრობლემა ჭრაქი იყო. მევენახე-მეღვინე ლექსო ციხელიშვილი, რომელსაც ვენახები ქალაქ ახმეტასთან ახლოს სხვადასხვა ადგილებზე აქვს, სოკოვანი დაავადებებისგან გამოწვეულ ზიანზე წუხს: „წელს ჭრაქმა ჩემს ვენახებში სრულად გაანადგურა რქაწითელის მოსავალი. მხოლოდ ახმეტაში გადამირჩა მწვანე კახურის ვენახები. იმ ზვარში, სადაც ჩემი ვენახია  (ობოლიძიანი), ყველას, ვინც ორგანულ მეღვინეობას ვეწევით, ფაქტობრივად ყურძენი აღარ გვაქვს. ასე რომ, წლევანდელ წელზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შემოდგომას“.

არც ყვარლელებს ულხინდათ. ქალი მევენახე-მეღვინე, თამუნა ბიძინაშვილი ამბობს, რომ სოფელ გრემში მდებარე ვენახებში მოსავლის 70% დაკარგეს და ამის მიზეზი ისევ და ისევ მომეტებული ნალექები და მისი თანმდევი ჭრაქი იყო. 

გურჯაანელებს წელს ჭრაქზე და ნაცარზე არანაკლებად პრობლემები ქარიშხალმაც შეუქმნა. გურჯაანის სოფლებში არის ადგილები, სადაც მოსავალს უკვე აღარ ელოდებიან და ერთგვარად ბედს შეეგუენ. ბაკურციხელი მეღვინე გუჯა გოდერძიშვილი კახური მცირე სიტყვაობითაც კარგად გამოხატავს 2023 მოსავლის წლის სირთულეს. „მოსავლის 50% თუ მივიღეთ, კარგი იქნება“ - გვითხრა მან. 

გურჯაანში ჭრაქის გარდა ქარიშხალიც იყო პრობლემა. გარეკახეთის სოფლები მათთვის ასე კარგად ნაცნობმა უბედურებამ - სეტყვამაც გვარიანად შეაწუხა. კახეთში როგორც ამბობენ - სეტყვამ განმეორება იცის ხოლმე და გარეკახელებიც რამდენჯერმე დაისეტყვნენ. იქაურ სირთულეებზე კაკაბეთელი მევენახე-მეღვინე, „იასეს მარნის“ მფლობელი გოგიტა მჭედლიშვილი საუბრობს: „ყველა ვენახი დამესეტყვა. გზის დაბლა ვენახებში არაფერი დატოვა. სოფელში რაც მქონდა ვენახები, ისინიც რამდენჯერმე დასეტყვა. ჯერ კვირტში დასეტყვა და ნაყოფი ისედაც  ცოტა გამოიტანა. მერე მსხმოიარეც ორჯერ დასეტყვა და ამას დაემატა ჭრაქიც, რამაც ბოლომდე გააფუჭა მოსავალი. წლევანდელ წელზე მხოლოდ ცუდის თქმა შემიძლია“.

ქვემოქართლელი მევენახე-მეღვინე, მამა გაბრიელი (ხომასურიძე) იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ნორმალურ წელზე საუბრობს და გვაძლევს იმედს, რომ მაინც მოიძებნებიან მევენახეები, რომლებიც ჭრაქს სასწაულებრივად გადაურჩნენ. მას პატარა ეზოს ვენახი და მარანი თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში აქვს.

მამა გაბრიელი (ხომასურიძე), მარანი „გაბრიელის ღვინო“: „წლევანდელი წელი სხვა განვლილ წლებისაგან დიდად არ განსხვავდება. შესაბამისად, ვენახზე ჭრაქს, ნაცარს და სხვა დაავადებებს განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია. ამ ადგილის ყველაზე დიდი პრობლემაა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი სიცხეები და ძლიერი ქარი რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც ახალ ყლორტს ისე ზრდასრულ ვაზს. გასულ წელს ავიღე პირველი მოსავალი - 250 კგ ქართლის ღრუბელა. წელს გაცილებით მეტს ველოდი. მოხდა უცნაური რამ. ვენახი ასე თუ ისე კარგად გამოიყურება რქის ნაზარდიც კარგი აქვს, მაგრამ მსხმოიარობა არის დაბალი და თუ ვინმე დამეხმარება მიზეზის გარკვევაში - მადლობელი ვიქნები. რაც შეეხება წლის შეფასებას იყო მცირეოდენი გაურკვევლობები, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ“.

ქვემო ქართლელი მამა გაბრიელის ოპტიმიზმს არ იზიარებენ შიდა ქართლელები, რომლებიც ვაზის დაავადებების გარდა, ნაადრევმა ყინვამაც შეაწუხა. კახეთის მსგავსად, აქაც მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა.  

ივანე სტეფანაშვილი, მევენახე-მეღვინე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდან: „გაზაფხულზე კვლავ ყინვა გვეწვია (თეთრები ცოტა გადაურჩა) და ვენახის პრობლემები აქედან დაიწყო. მერე ეს წვიმები რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა. ჭრაქმა დაუსვა წერტილი ყველაფერს. ბოლოს რამდენიმე „საკონტროლო გასროლა“ სეტყვამ „იტვირთა“ და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასე დავკარგეთ“.

როგორც ვარაუდობენ, წელს იმერეთის თეთრ ყურძენს უპრეცედენტოდ მაღალი ფასი ექნებ და კილოგარმი 3 ლარზე ნაკლებად არ ეღირება. ამის მიზეზი მოსავლის სავარაუდო სიმცირეა.

„ძელშავი კიდე შეიძლება მივიღო იმის 60 %, რასაც წინა წლებში ვიღებდი. ციცქას ერთი ვენახი საერთოდ გაანადგურა ჭრაქმა და შუა ეტაპზე შევაჩერე წამლობაც. აზრი აღარ ჰქონდა. ჩემთან ის გარემოებაც ართულებს ვითარებას, რომ ვენახის სიახლოვეს არ ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში არ შემეძლო ვენახის საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება. იმედისმომცემი ისაა, რომ ამას ახერხებდა პარტნიორი მევენახე თავის ვენახში, ვისგანაც ყურძენს ვიმატებ. აქედან გამომდინარე, საერთო მოცულობით, ალბათ, წინა წლების რაოდენობის 50 % ღვინოს თუ დავაყენებ“, - ამბობს მევენახე-მეღვინე ლაშა გურული სოფელ ახალთერჯოლადან.

მთლად კახელებივით საშინელ წელზე არა, მაგრამ მაინც რთულ წელზე საუბრობენ ლეჩხუმელები, რომლებიც წელს განსაკუთრებით დიდ მოსავალს უკვე აღარ ელოდებიან. „ვენახს სიცივეებში ჭრაქი გაუჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რაოდენობაში ცოტა იქნება და ხარისხით უკეთესი, თუ რთველის დაწყებამდე ეს სიტუაცია შენარჩუნდა“, - ამბობს სოფელ ტვიშში მდებარე „ასათიანის მარნის“ წარმომადგენელი, ზვიად ასათიანი.

როგორც უკვე ვთქვით, ქართველი მეღვინეების აზრით, ეს წელი მთლიანობაში ძალიან ცუდად უნდა შეფასდეს. ცხადია, არსებობენ მცირე და სასიამოვნო გამონაკლისები. საბოლოოდ წელს ვენახებში არსებულ ვითარებას და პრობლემების შედეგებსაც ყველაზე უკეთ 2023 წლის მოსავლის ღვინოები წარმოაჩენს.

 

ლევან სებისკვერაძე