საუკეთესო წყვილი - ბოთლი და საცობი
საუკეთესო წყვილი - ბოთლი და საცობი

Blog08-08-2023

ლევან სებისკვერაძის ბლოგი

ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში არასოდეს უცხოვრიათ, ალბათ, ძველ ქართულ ფილმებში მაინც უნახავთ, რომ სუფრის სცენებში ღვინო ძირითადად ბოთლებშია და მიუხედავად იმისა, რომ სუფრაზე გასატანად თიხის დოქი ყოველთვის გამოიყენებოდა, დიდ თუ მცირე სუფრებზე (ძირითადად მაინც ქალაქებში) შიდა მოხმარებისთვის ღვინის მთავარი ჭურჭელი მაინც ბოთლი იყო.

დღეს არაერთმა მცირე თუ დიდმა საოჯახო მარანმა დაიწყო ქართული ღვინის ბოთლში წარმოება და რეალიზაცია, რაც ცხადია, სასიხარულო ტენდენციაა. ეს განსაკუთრებით კარგია იმ ფონზე, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკური პრობლემების დროს პრაქტიკულად გაქრა ბოთლირებული სახის ღვინის მოხმარების კულტურა და მთელი ქვეყანა ე.წ. გარაჟის მეღვინეობაზე გადავიდა, რაც ღვინის პლასტმასის ჭურჭელში დაყენებას და „ჩამოსასხმელი სახით“ მის რეალიზაციას ან დალევას გულისხმობდა.

ქართულ მეღვინეობაში არსებული უდავოდ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საქართველოში ე.წ. პირადი მოხმარებისთვის, მეღვინეებიც კი იშვიათად იყენებენ ბოთლირებული სახის ღვინოს და ამას იმით ხსნიან, რომ ბოთლს თავისი ღირებულება აქვს და დასანანია ბოთლის საკუთარი მოხმარებისთვის „გაფუჭება“, რაც ძალიან მოგაგონებთ იმ ადამიანის მიდგომას, რომელსაც გემრიელი ხილი მხოლოდ გასაყიდად წარმოუდგენია და საკუთარი თავისთვის არ ემეტება.

სუფრაზე ბოთლირებული ღვინის მოხმარება არა მხოლოდ იმიტომაა სასურველი, რომ სასმელის დასხმა ან თუნდაც შეფასება ასე უფრო ადვილია, არამედ ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ესაა ღვინის კულტურის ერთგვარი აუცილებელი სახე. ბოთლის ღვინოებს ჯერ კიდევ ორასი და მეტი წლის წინ მასობრივად მოიხმარდნენ ევროპელები და დღესაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩაძირულ გემებში, ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე ნაპოვნ ბოთლებში ღვინო კვლავ ჯანსაღი და დალევისათვის გამოსადეგი ყოფილა.

მიუხედავად მრავალი ალტერნატივისა, ფაქტია, რომ კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერ მოიგონა მინის ბოთლზე უფრო მოსახერხებელი, საუკეთესო, ადვილად გაციებადი და გადასატანად მარტივი ჭურჭელი. დღეს ბევრგან მზადდება თიხის, უჟანგავი ფოლადის, ხის, პლასტმასის თუ სხვა მასალის ბოთლები, მაგრამ მინის სრულფასოვანი ალტერნატივა მაინც არც ერთი არ არის.

საქართველოში ძალიან დიდი ხნის მანძილზე აღარ იწარმოებოდა ღვინის ბოთლები და ქართველი მეღვინეები იძულებულნი იყვნენ, ასე საჭირო ჭურჭელი ევროპის ქვეყნების გარდა, მეზობელი სომხეთიდან და რუსეთიდან შემოეტანათ. დღეს ქსანში მოქმედებს მინის ქარხანა, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთია, სადაც ღვინის ბოთლებიც მზადდებოდა. ამჟამად ამ ქარხანაში ღვინის ბოთლის წარმოების ხაზი გაჩერებულია, რაც გაკვირვებას იწვევს „ღვინის სამშობლოდ“ წოდებულ ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ბოთლი ღვინო მზადდება საექსპორტოდ თუ ადგილობრივი ბაზრისთვის. ქართველი მეღვინეების ნაწილი ბოთლებს ძირითადად ევროპიდან ეზიდება, რადგან მათ ბოთლის ევროპული ხარისხი იზიდავთ. ასევე გამოიეყენება რუსეთისა და სომხეთის მინის ქარხნების პროდუქცია.

ისევე როგორც ზოგადად მეღვინეობა მომხმარებლების გარეშე, ბოთლის ღვინის ტრადიცია საცობის (პირველ რიგში კი - კორპის საცობის) გარეშე წარმოუდგენელია. როგორც ცნობილია, კორპი არის კორპის მუხის ქერქის გარეთა შრე. თუმცა, ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი. ის არის მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური. კორპის მუხა იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ქერქი ამ ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან, სიცივისგან და ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართველი მეღვინეები წუხან იმაზე, რომ მათ მიერ შეძენილი ღვინის ბოთლის საცობები მასობრივად უხარისხოა და ამის გამო ღვინო არაერთ მეღვინეს გაფუჭებია. მეღვინეების ერთი ნაწილი საცობებს საქართველოში დიდ ჰიპერმარკეტებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ყიდულობენ. ბოლო დროს ბევრმა მეღვინემ დაიწყო ინტერნეტით საცობების გამოწერაც. ფაქტი კი ისაა, რომ პრობლემები ორივე დასახელებული გზით შეძენილ საცობებს აქვს.

თუკი საცობი არაა მასიური და მყარი, დიდია ალბათობა, რომ ღვინომ ბოთლიდან გამოჟონოს, რაც სასმელის გაფუჭების ერთ-ერთი წყაროა. არის შემთხვევები, როდესაც უხარისხო საცობის ღვინის ბოთლიდან ამოღება ძალიან ჭირს, კორპსაძრობში იფშხვნება და მომხმარებელი იძულებულია საცობი კი არ ამოიღოს, პირიქით - ბოთლში ჩააგდოს და ისე მოახერხოს ღვინის ჭიქაში დასხმა. ზოგჯერ, თავად საცობი იმდენად უხარისხო ნედლეულისგანაა დამზადებული, რომ თავად აფუჭებს ღვინოს და მეღვინეები შემდგომში ვერ არკვევენ, ღვინო საცობმა გაუფუჭა, მათ მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა თუ ღვინის შენახვის არასასურველმა პირობებმა.

როგორც იცით, ღვინის საწყობებსა თუ მაღაზიებში ბოთლები, როგორც წესი, დაწვენილ მდგომარეობაში აწყვია. ესეც საცობებს უკავშირდება. თუკი ღვინის საცობი კარგად არაა ღვინით გაჟღენთილი, მშრალმა საცობმა შესაძლოა ღვინოში არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესების დაწყება განაპირობოს და ასე არამხოლოდ ღვინის კონკრეტული ნიმუშები, მთელი წლის მოსავალიც კი გაფუჭდეს და გადასაღვრელი გახდეს.

პრობლემის არსებობა ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხიანი საცობების შეძენა მაღაზიებში და მეტადრე ინტერნეტით შეუძლებელია. რასაკვირველია არსებობს კარგი, გამძლე და რაც მთავარია, ნეიტრალური ღვინის საცობები. თუმცა, სანამ ამ მეტად მნიშვნელოვან და მეღვინეობისათვის აუცილებელ ატრიბუტს შეიძენთ, სასურველია, ჯერ კარგად გაარკვიოთ საცობის ხარისხი, წარმომავლობა, რეალურად იყენებენ თუ არა მათ ღვინის კომპანიები (გამოცდილი მეღვინეები ამ კუთხით საჭირო რჩევებს იძლევიან) და რაც მთავარია, თქვენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საცობის სიიაფემ არ უნდა განაპირობოს.