სიახლე . 14-03-2022
ტრენინგი მარნებისთვის ღვინის ტურიზმისა და სურსათის უვნებლობის თემებზე
13 ივლისს თბილისში, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნებისთვის გაიმართა ტრენინგი ღვინის ტურიზმის და სურსათის უვნებლობის თემაზე. ტრენინგსუძღვებოდნენ ღვინის გიდი დარია ხოლოდილინა და სურსათის უვნებლობის ექსპერტები: თამარ ლაბარტყავა და ეკა ქიმერიძე.
GIZ-ისა და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ თანამშრომლობით ბოლო წლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა ასოციაციის წევრებისათვის და ეს კოოპერაცია წარმატებით გრძელდება.
დარია ხოლოდილინამ ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების დინამიკაზე, რაც ამავდროულად გამოწვევაც არის მარნებისთვის, რომლებიც საწყის ეტაპზე არ არიან მზად, მიიღონ ტურისტების მზარდი ნაკადი. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სამასპინძლო ბიზნესით დაინტერესებულმა მარნებმა გაიზიარონ რეგიონის საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ ინფორმაცია თუნდაც ამ დარგში წარმატებული მარნების მაგალითებიდან.
ღვინით დაინტერესებული ტურისტებიდან ყველაზე აქტიურები ამერიკელები და ევროპელები არიან, რომლებიც ქართული ღვინის შესახებ საწყის ინფორმაციას პრომო რგოლებიდან ან ინტერნეტის სხვადასხვა არხიდან იღებენ. აუცილებელია, დასავლეთელი ვიზიტორების მოლოდინები და მარნებში არსებული რეალობა ერთმანეთს არ იყოს აცდენილი, რაც დღესდღეობით ქართული ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა. ამ კუთხით, სოციალურ მედიაში ღვინის გიდების კრიტიკული კომენტარები ხშირია.
თამარ ლაბარტყავამ და ეკა ქიმერიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები, ფერმერთა პასუხისმგებლობა წარმოებული ყურძნის უვნებლობაზე და ღვინის ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ძირითადი საფრთხეები. მათ, ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, მეღვინეობის და საზოგადოებრივი კვების სექტორთან დაკავშირებული მოთხოვნები.საუბარი შეეხო ღვინის წარმოებისას გასათვალისწინებელ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალის პირადი ჰიგიენა და ქცევის წესები, საწარმოო საშუალებების და საღვინე ჭურჭლის რეცხვა-დეზინფექცია, მავნებლების კონტროლი, ნარჩენების მართვა, ნედლეულის (ყურძნის) მიღებისას, გადამუშავებისას, ასევე ღვინის ჩამოსხმისას გასათვალისწინებელი საკითხები და სხვა.