პატარა რაჭის მცირე მარნების დიდი ხუთეული
პატარა რაჭის მცირე მარნების დიდი ხუთეული

სიახლე25-05-2023

პატარა რაჭა საქართველოს ნამდვილი მარგალიტია. რაჭული ღვინის უნიკალურობას გეოგრაფიული მდებარეობის, ნიადაგის და ყურძნის ადგილობრივი ჯიშების  ერთობლიობა ქმნის. ფერდობებზე გაშენებული ვენახები, განსაკუთრებით კი - ხვანჭკარის მიკროზონაში, მაღალი ხარისხის საღვინე ყურძენს იძლევა. ვაზის იშვიათი ჯიშები და ტერუარის სიკეთეები, მცირემიწიანი ვენახებით - ეს ის ნიუანსებია, რომელიც რაჭულ ღვინოს უნიკალურს ხდის. 

                                                                                          

ისტორიულად ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან ძმები დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანები ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მშრალ ღვინოს აყენებდნენ. „ყიფიანის ღვინო“ წარმატებით იყიდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საბჭოთა პერიოდში, რუსული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ალექსანდრეული/მუჯურეთულის ღვინო ნახევრადტკბილი გახდა, რასაც საბჭოთა მეღვინეობა აღწევდა სამაცივრე საცავებში ტკბილის დუღილის შეწყვეტით, ნარჩენი შაქრის დატოვებით და აუცილებელი ინდუსტრიული დამუშავებით, განსაკუთრებით - პასტერიზაციით, რათა შემდეგში ბოთლში მეორადი დუღილი არ განახლებულიყო. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ რაჭული ღვინო აუცილებლად ნახევრადტკბილი უნდა ყოფილიყო, რამაც საბჭოთა პერიოდში რაჭველების ოჯახურ მეურნეობებშიც გაიდგა ფესვები. ოჯახებში ამას აღწევდნენ დუღილის პროცესში ტკბილის ხშირი გადაღებით და ლექში არსებული ველური საფუვრების გამოცლით. საქმე იქამდე მივიდა, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს რაჭაში მშრალი ღვინო სანთლით საძებარი გახდა.

ბოლო წლების განმავლობაში რაჭაში ბუნებრივმა მეღვინეობამ გაიღვიძა. ბევრმა ადგილობრივმა გადაწყვიტა ბუნებრივი (ნატურალური) ღვინის დაყენება. ზოგიერთი მევენახე რაჭას დაუბრუნდა და ხელახლა ააღორძინა მიტოვებული ვენახები და მეურნეობა. სწორედ ბუნებრივი რაჭული ღვინო ანგრევს ათწლეულების განმავლობაში გაბატონებულ სტერეოტიპებს და რაჭის მევენახეობა-მეღვინეობაში აცოცხლებს ძველ ტრადიციებს. 

ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქტის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გატანით, ცდილობს, დააყენოს ისეთი ღვინო, რომელიც მდგრადია ბოთლში ჩამოსხმისას და ტრანსპორტირებისას. ამიტომ დაბოთლილ ღვინოში ნარჩენი შაქრის იმ დოზით დატოვება, როგორც ამას საბჭოთა პერიოდში აკეთებდნენ, პასტერიზაციის გარეშე, მოიცავს გარდაუვალ რისკს, რომ ადრე თუ გვიან, ღვინო მეორად დუღილს დაიწყეს და ბოთლებს ააფეთქებს.   

 

რაჭველი მეღვინეების წამოწყებას, რომ რაჭაში მშრალი ღვინის დაყენების ტრადიცია დააბრუნონ და შეინარჩუნონ,  ბევრი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, თავად მეღვინეები ფიქრობენ, რომ მშობლიურ ფესვებთან დაბრუნებით და ტრადიციული მეთოდებით მიღებული ღვინო სწორედ ის პროდუქტია, რომელიც ახლა არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ღვინის მოყვარულებსაც აინტერესებს. 

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ რაჭაში ხუთი წევრი ჰყავს. მათი ისტორიები განსხვავდება, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ. ამ ადამიანებს აერთიანებთ ხედვა, რომ რაჭის მეღვინეობას აქვს დიდი მომავალი. 

 

„პატარიძეების რაჭულის“ სახელწოდებით ქალი მეღვინე - შორენა პატარიძე ალექსანდროულის და მუჯურეთულის ღვინოს რამდენიმე წელია, აყენებს. ვენახები და მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოეთშია. ეს სოფელი დღესდღეობით მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია და სწორედ ეს მცირე მარნია ერთ-ერთი იმედი, რომ სოფელს ადამიანები დაუბრუნდებიან და მევენახეობა-მეღვინეობა კვლავ აღორძინდება. 2021 წლიდან შორენა პატარიძის მეურნეობის განვითარებას ფინანსურად მხარს უჭერს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფონდების ერთობლივი პროექტი GRETA („მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“). შორენა პატარიძის ღვინოების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

კერესელიძეების მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში მდებარეობს. საოჯახო მეურნეობა მოიცავს სახლთან ახლოს - ძირაგეულისა და სადმელის საზღვარზე გაშენებულ ვენახებს. ჯიშები: ალექსანდრეული, მუჯურეთული, ცოლიკოური, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე. ამ ვენახებთან ახლოს არის აპოლონ კერესელიძის მშობლების ძველი სახლი, ეზოს ვენახით, რომელიც ოჯახმა დატოვა 90-იან წლებში რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ და გადავიდა ახალაშენებულ სახლში, სადაც ახლა მარანია მოწყობილი. მარანი ღვინოს ძირითადად ცისტერნებში აყენებს და სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში ყიდის. კერესელიძეების ოჯახი, ასევე, ჩართულია სამასპინძლო ტურიზმში.

ხვედელიანების მარანი მდებარეობს ქალაქ ამბროლაურში. ვენახები არის სოფელ ხვანჭკარაში და ასევე - ამბროლაურში. „ხვედელიანების მარნის“ კუთვნილ ხუთ მცირე ვენახში გაშენებულია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას და ცოლიკოურის ჯიშის ვაზები. მარნის და ვენახის სამუშაოებს უძღვება მამუკა ჭელიძე, რომელმაც საოჯახო მეურნეობას სახელი გარდაცვლილი სიმამრის პატივსაცემად დაარქვა. ღვინოს აყენებენ ძველ, მამაპაპისეულ ქვევრებში ტრადიციული რაჭული წესით. 2022 წელს მოხდა მარნის კაპიტალური რესტავრაცია.

ტარიელ ლომთაძის მარანი მდებარეობს სოფელ ხვანჭკარაში, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ხვანჭკარას“ მიკროზონაში. ამ მცირე საოჯახო მარნის ღვინოები წარმოდგენილია სახელწოდებით „ლომთაძის ოჯახის ღვინო“. მარნის საკუთრებაშია 1 ჰექტარი ვენახი სოფელ ხვანჭკარაში,  სადაც გაშენებულია ალექსანდროულის, მუჯურეთულის და წულუკიძის თეთრას ვაზის ჯიშები. მარანი აწარმოებს კლასიკურ და ქვევრის ღვინოებს: „ხვანჭკარა“, წულუკიძის თეთრა, ალექსანდროული. ღვინის რეალიზება ხდება როგორც  შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე.

სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს, ასევე, ახობაძეების მარანი. ოჯახურ მეურნეობას უძღვება მერაბ ახობაძე, რომელიც ხვანჭკარაში ქალაქ ქუთაისიდან გადასახლდა ათიოდე წლის წინ და ამ ხნის განმავლობაში დიდი შრომა გასწია მარნის მშენებლობისთვის. მარანი აშენებულია რაჭაში მიტოვებული და დანგრეული სახლების თლილი ქვებისგან. ერთ-ერთი ვენახი ამ მარნის და სახლის გარშემოა. ვენახი გაშენებულია ფერდზე, ფრაგმენტულ ნაკვეთებად. მეორე ვენახი უფრო მაღლაა, დასახლებული ადგილებისგან მოშორებით. ვაზის ჯიშები: წულიკიძის თეთრა, რაჭული თეთრა (მერაბ ახობაძის მოსაზრებით, ეს ორი ვაზის ჯიში სხვადასხვაა), რაჭული მწვანე, ალექსანდრეული და მუჯურეთული. ვენახში ორი ძირი იშვიათი ვაზი - რატიანის თეთრაც ხარობს.

 

ლევან სებისკვერაძე