სიახლე . 21-01-2023
ZERO COMPROMISE 2023 - ბუნებრივი ღვინის დიდი ზეიმი თბილისში
თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ქარვისფერი, ცქრიალა, შემაგრებული, შუშხუნა, დავარგებული თუ ახალი ბუნებრივი ღვინოები მრავლად იყო გამოფენილი 5-6 მაისს თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე საპრეზენტაციო სივრცეში, სადაც ფესტივალი ZERO COMPROMISE ჩატარდა.
ამ ფესტივალს, ტრადიციულად, ნატურალური ღვინის მწარმოებელ მეღვინეთა გაერთიანება - ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ატარებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომლის დახმარებითაც ფესტივალის პარალელურად მოეწყო ტრენინგები და სემინარები მევენახეობა-მეღვინეობის აქტუალურ თემებზე. მეორე წელია, ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია Veli Store.
ასოციაციის ძალისხმევით და მხარდამჭერთა დახმარებით, წლევანდელმა ფესტივალმა ბუნებრივი ღვინის კვირეულის სახე მიიღო. აქედან ორი დღე დაეთმო ღვინოების გამოფენას, რომელმაც სტუმრების რეკორდული რაოდენობა მიიზიდა. ფესტივალზე გამოტანილი ღვინის ნიმუშები საქართველოს ფაქტობრივად ყველა იმ რეგიონიდან იყო წარმოდგენილი, სადაც ღვინის დაყენების ტრადიციები არსებობს. თუკი კახეთის, ქართლის და იმერეთის ღვინოების სიმრავლე ბოლო წლებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებისთვის გამორჩეულად სასიხარულო ამბავი იყო რაჭის, ლეჩხუმის, სამეგრელოს და გურიის მეღვინეობის გააქტიურება. საქართველოს ამ კუთხეებში ღვინოს ტრადიციულად ყოველთვის აყენებდნენ და ეს ტრადიციები არსად გამქრალა, მაგრამ მარნების მომრავლება და მევენახეების მიერ ღვინის ბოთლში ჩამოსხმის სურვილი სამომავლო კარგი პერსპექტივების იმედს იძლევა. ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ამ რეგიონებიდან გასულ წელს რამდენიმე ძალიან კარგი მარანი შეემატა.
ზურაბ მღვდლიაშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დირექტორი: „წლევანდელი ფესტივალი ყველა თვალსაზრისით მასშტაბური აღმოჩნდა, რაც დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. ამიტომ მინდა, მადლობა ვუთხრა ფესტივალის საორგანიზაციო გუნდს. ამ ადამიანებმა ბევრი იმუშავეს, რომ ასეთი დიდი ზეიმი კარგად ყოფილიყო ორგანიზებული. წელს ფესტივალს პირველად ჰყავდა 1500-მდე სტუმარი ორ დღეში. ამ მაჩვენებლით, Zero Compromise გაუტოლდა მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფესტივალებს. შარშანდელთან შედარებით, სტუმრების რაოდეობა თითქმის გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ ბუნებრივი ღვინისადმი ინტერესი გაორმაგებულია. კარგია, რომ ეს წინასწარ გავთვალეთ და ორდღიანად დავგეგმეთ ფესტივალი, რამაც თავიდან აგვარიდა საპრეზენტაციო სივრცეში ზომაზე მეტი ხალხმრავლობა და სივიწროვე. ყველას მიეცა მეტი დრო უამრავი ღვინის გასასინჯად. ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო წინ წავალთ“.
წელს ასევე რეკორდული იყო ფესტივალში მონაწილე მარნების რაოდენობა - ქართველ და უცხოელ სტუმრებს ღვინოები წარუდგინა 100-მა მარანმა, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან და მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს აწარმოებენ - იცავენ ასოციაციის მიერ დაწესებულ მკაცრს სტანდარტებს და წესებს, რაც ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად არის საჭირო. ფესტივალს, ასევე, ორი უცხოელი მონაწილე ჰყავდა - ერთი მარანი უკრაინიდან, მეორე - საფრანგეთიდან.
დავით მოსულიშვილი, „მეღვინეობა დანო“: „ჩვენი საოჯახო მარანი - „მეღვინეობა დანო“ პირველად მონაწილეობდა ამ ფესტივალში. სხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილების ფონზე, ეს იყო სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული გარემო. იყო ძალიან ბევრი უცხოელი ღვინის მოყვარული, სპეციალისტი და რაც მთავარია, ბევრი ჩვენებური გურმანი, რაც აჩენს იმედს, რომ ძალიან მალე საქართველოში ბუნებრივ ღვინოს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩნდება და გაიხსნება ნატურალური ღვინის პროფილის კიდევ უფრო მეტი რესტორანი თუ ბარი, რაც დამატებითი სტიმულია ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნებისათვის! ძალიან კარგი იყო ფესტივალის ორდღიანი ფორმატი“.
ფესტივალის მონაწილე მარნების მთავარ ინტერესს ქართული ღვინით მოვაჭრე უცხოელ ექსპორტიორებთან კონტაქტების დამყარება და შეთანხმებების დადება წარმოადგენდა. წლევანდელ ფესტივალს ღვინით დაინტერესებული ნეგოციანტები ნამდვილად არ აკლდა.
ალეკო ცქიტიშვილი, „ჭორტაულის ვენახები“: „წინა წლებშიც კი მოდიოდნენ ჩვენს მაგიდებთან ბლოკნოტებით და საწერი კალმებით შეიარაღებული უცხოელები, რომლებიც დაფიქრებული სახეებით გულმოდგინედ სინჯავდნენ ჩვენს ღვინოებს, მაგრამ წელს აშკარად თვალშისაცემად მეტნი იყვნენ და ახალი სახეებიც მრავლად იყო. ჩემთან მოვიდა მსოფლიოში ცნობილი ღვინის კრიტიკოსი და მარკეტოლოგი ჯული პეტერსონი, რომლის კომპანიაც ბოლო წლებში ეხმარება ქართული ღვინის მარკეტინგს. მერე ვხედავდი, როგორ გაყვა მაგიდებს და ყველა მონაწილესთან ასევე დიდხანს გაჩერდა, დეტალებზე ესაუბრა და ჩაინიშნა პასუხები დასმულ კითხვებზე. მოვიდნენ სხვა ნაცნობი თუ უცნობი იმპორტიორები, თბილისის ბუნებრივი ღვინოების რესტორნების წარმომადგენლები და რაც მთავარია - ჩემი საოჯახო მარნის ღვინოების გულშემატკივრები, რომლებმაც იციან, რომ ფესტივალებზე ღვინო ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება შეიძინონ თავიანთი მარაგისთვის. მათთან შეხვედრა ყოველთვის გვიხარია მეღვინეებს და დამატებით ვჩუქნით ახალ ღვინოებს, რომლებიც ჯერ არ გაუსინჯავთ“.
თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“: „ძალიან მნიშვნელოვანი „ზერო“ იყო ზოგადად ქართული ნატურალური ღვინისთვის და მევენახე-მეღვინეებისთვის. მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩვენი მარნისთვის, რადგან რამდენიმე ისეთი რამე გავიგე, რაც მომავალში ჩვენს ღვინოებს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. მაგალითად, გავსინჯე რქაწითელი, უჭაჭოდ დაყენებული, მხოლოდ წვენმა რომ იდუღა და დაღვინდა. უნაზესი, უცხო, ფაქიზი ღვინო იყო, როგორც დასტური, რომ ერთი ჯიშისგან სულ სხვადასხვანაირი სასმელი მიიღება, თუკი სხვადასხვა ტექნოლოგიას გამოიყენებ! დავაჭაშნიკე იმერული ღვინოებიც, რომლებიც პირდაპირ გვიყვებიან ამბავს იმერელი მეღვინეების ღვინისადმი დამოკიდებულების შესახებ. მივიღე ძალიან ძვირფასი რჩევა და საგულისხმო შენიშვნა იაგო ბიტარიშვილისგან. კიდევ ბევრი სხვა, ჩემთვის აუცილებელი შთაბეჭდილება და ფიქრი გამომყვა იმ ორი დღიდან. არაფერს ვამბობ ფესტივალის საუკეთესო ორგანიზებაზე“.
ფესტივალის მიმდინარეობისას ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ეზოში სტუმრებს წასახემსებლებით უმასპინძლდებოდნენ ცნობილი ბუნებრივი ღვინოების რესტორნები - g.vino, „პოლიფონია“, „აზარფეშა“, „ოქროს ღვინო, საიდანაა და Coffee LAB“.
გუჯა გოდერძიშვილი, „გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი“: „მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების ერთ სივრცეში შეკრება, რომლებსაც ერთი საერთო ინტერესი გვაერთიანებს. ეს ინტერესია ღვინო! ეს იყო ორდღიანი ზეიმი ბედნიერი სახეებით“.
ფესტივალის შემდეგ დღეებში, ბუნებრივი ღვინის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრების და სემინარების ციკლი გაიმართა. ღვინის მწერალმა ელის ფეირინგმა, ცნობილი რესტორნის - „ნომას“ სომელიემ, მედს ქლეფიმ, ღვინის კრიტიკოსმა და მარკეტოლოგმა, ჯული პეტერსონმა მსოფლიო მეღვინეობაში მიმდინარე ტენდენციებზე, ღვინის მარკეტინგზე, ქართული ღვინის პოტენციალზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.
ლევან სებისკვერაძე