ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE 5-6 მაისს გაიმართება
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE 5-6 მაისს გაიმართება

სიახლე03-02-2023

2023 წლის 5-6 მაისს, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისი კვლავ უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE. 

ფესტივალს ტრადიციულად მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 

წელს ფესტივალის მხარდამჭერებს  ციფრული საყიდლების ველი - VELI.store  ( https://veli.store/ ) შემოუერთდა, რომელიც ბუნებრივი ღვინოების ონლაინ შეძენის შესაძლებლობას აქტიურად უჭერს მხარს.

ZERO COMPROMISE ისტორიაში პირველად ორდღიანი იქნება და ამის მიზეზი ბოლო წლებში მომრავლებული სტუმარია. ორი დღის განმავლობაში ბუნებრივი ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს, ღვინის ექსპერტებს და იმპორტიორებს უკეთ შეეძლებათ გაეცნონ ბოლო წლების მოსავლის ქართულ ბუნებრივ ღვინოებს.

ბუნებრივი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ასოციაციის წევრი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნები და შესაბამისად, წარმოდგენილი ღვინოები იქნება ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით დამზადებული. 

 შესაძლებელი იქნება ტრადიციულად ერთდღიანი ბილეთების შეძენაც.  თუმცა, თუკი  სტუმრები  შეიძენენ ფესტივალის ორდღიან ბილეთს,  მათთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

ერთდღიანი ბილეთის ფასი: 30 ლარი.

ორდღიანი აბონიმენტის ფასი: 50 ლარი.

ფესტივალი გაიმართება ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქუჩა # 59.