სიახლე . 09-10-2023
როგორ შევინახოთ ბუნებრივი ღვინო
ხარისხიანი ყურძნის მომცემი ვენახის გაშენების გარდა, მევენახე-მეღვინის მთავარი სადარდებელი მარნის მოწყობაა. სადუღარი მარნის მოწყობისა და კარგი ღვინის დაყენების შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი გამოწვევა - როგორ შევინახოთ ღვინო.
საქართველოში მარნები, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ მოთხოვნებზეა მორგებული. ასეთ მარანს ღვინის შესანახი სივრცე ან საერთოდ არა აქვს ან ტემპერატურული რეჟიმი და სხვა პირობები არ იძლევა საშუალებას, რომ ამავე სივრცეში სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოებიც ინახებოდეს.
ქვევრში, ცისტერნაში ან მუხის კასრში ღვინის შენახვა კარგი გამოსავალია, როცა მარანში ღვინის შესანახი პირობებია. თუკი მეღვინეს მარანში არც შესანახი ჭურჭელი აქვს და არც ამ ჭურჭლისთვის სამყოფი და გამოსადეგი სივრცე, ცდილობს, გაითვალისწინოს მრავალი რისკი და რაც შეიძლება,მალე ჩამოასხას ღვინო ბოთლში. ასეთი სულსწრაფობა კი ხშირად კრახით მთავრდება.
ტრადიციულად, საქართველოში ქვევრიიდეალურ ჭურჭლად ითვლებოდა, როგორც სადუღრად ისე შესანახად. ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დღესაც უწყვეტად არის შენარჩუნებული, რის გამოც ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა.
ქვევრში ღვინის შენახვის ტრადიციას წარმატებით აგრძელებს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრთა უმეტესობა. შენახვისას გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხი. მაგალითად, რამდენ ხანს შეიძლება ქვევრში ღვინის შენახვა?
„სიმონ ჩხეიძის მარნის“ მევენახე-მეღვინე, მამუკა ჩხეიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში ღვინის შესანახად ქვევრს იყენებს. ქვევრები მას ეზოშიც აქვს დაფლული, სადაც 2-3 წლის წინანდელი „ოცხანური საფერეა“ შენახული.
მამუკა ჩხეიძე, „სიმონ ჩხეიძის მარანი“: „მზა ღვინოს ქვევრებში ვინახავ და პრობლემა თითქმის არასოდეს შემქმნია. ქვევრებში ვინახავ „ოცხანურ საფერეს“. ახლა, მაგალითად, 2015 და 2017 წლის მოსავლების „ოცხანური საფერე“ მაქვს ქვევრში და ღვინოს პრობლემა არა აქვს. ქვევრიდან მხოლოდ მაშინ ვიღებ, როდესაც ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა მინდა. ადრე პერიოდულად ვხსნიდი ქვევრებს და ვნახულობდი ხოლმე, ხან ლექსაც და პკესაც ვაცლიდი. ახლა ამასაც ნაკლებად ვაკეთებ. ჩემი ქვევრები არის მამაპაპისეული, ძველი და გამოცდილი. გარეცხვის შემდეგ, ქვევრებს კერხერით და 100 გრადუსზე გაცხელებული ცხელი წყლით ვამუშავებ და ამ გზით ბაქტერიებს ვსპობ. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქვევრის იარაღების სისუფთავეს, რადგან დაავადებები (მათ შორის - ე.წ. თაგვი), უმეტესად სწორედ იარაღების უსუფთაობის გამო შეიძლება გაჩნდეს“.
მამუკა ჩხეიძის მსგავსად, ღვინოს ქვევრებში ინახავს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები მევენახე-მეღვინე ალექსი ციხელიშვილიც. ისიც ღვინოს ქვევრიდან მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმის დროს იღებს.
ალექსი ციხელიშვილი, „ციხელიშვილის მარანი“: „ერთი წელი ქვევრში ყველა ღვინო გაძლებს თუ ქვევრი სუფთაა და მოვლილი. მე დაგოზილ ქვევრში მაქვს დატოვებული 2015 წლის ღვინო. ვფიქრობ, ამ ზამთარს გავხსნა და გავსინჯო, რა მდგომარეობაშია. წესით, დიდი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. ქვევრებს ცივი წყლით ბევრჯერ ვრეცხავ. მერე ვავსებ კირიანი წყლით და ასე მაქვს ერთი თვე. კირი რაკი ფსკერზე ილექება, შიგადაშიგ ქვევრს ამოვურევ ხოლმე, რომ კირიანი წყალი რძისფერი გახდეს. კირი საუკეთესოდ ინახავს ქვევრს. თუ საშუალება მაქვს, რომ ქვევრში დავტოვო ღვინო, მუდამ ქვევრში ვტოვებ და ბოთლებშიც ქვევრიდან ვასხამ. სანამ ორი წლის არ ხდება ჩემი ღვინო - ბოთლებში არ ვასხამ. მარანში, სადაც ღვინო ინახება, ტემპერატურის ცვალებადობას არ ვუჩივი. ადრე ცხელდებოდა მარნის სახურავი. მერე გავუკეთე იზოლაცია და სადღაც 18-19 გრადუსზე მიჭირავს ტემპერატურა“.
იმ შემთხვევაში, თუკი ბუნებრივმა ღვინომ ქვევრში შენახვის სტადია გაიარა და მეღვინემ გადაწყვიტა, ბოთლებში ჩამოასხას და ისე შეინახოს, იგი უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დგება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეღვინეობაში ღვინის დასაყენებელი მარნის აშენების გარდა, აუცილებელია ღვინის შესანახი სივრცის - ღვინის საცავის მოწყობაც. ღვინის ბოთლების საწყობის მოწყობისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მუდმივად გრილი და სტაბილური ტემპერატურის დაცვა, რადგან ტემპერატურის ცვლილებები ღვინოზე ხშირად გამანადგურებლად მოქმედებს. საუკეთესო შემთხვევაში, ღვინის შესანახი საწყობი მიწისქვეშ შენდება და ამ გზით ადვილად მიიღწევა ბუნებრივი და სტაბილური სიგრილე. თუმცა, ასეთი საწყობის აშენებას და მოწყობას სათანადო ცოდნა ჭირდება და უბრალოდ მიწაში ჩადგმული ოთახი ვერ უზრუნველყოფს ღვინის შესანახად აუცილებელ პირობებს.
ბოლო წლებში საქართველოში დაიწყეს ე.წ. ორდონიანი მარნების შენება, რაც მართალია, საკმაოდ დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, მაგრამ ამ გზით მეღვინე სრულად უზრუნველყოფს ღვინის საუკეთესო პირობებში დაყენებას, მოვლას და შენახვას. ორდონიანი მარანი გულისხმობს მიწისპირა დონეზე არსებული სადუღარი მარნის გარდა, მიწისქვეშა დონეზე შესანახი მარნის მოწყობას, ისე, რომ არქიტექტურულად ორივე სივრცე ერთ ჭერქვეშაა. ძალზედ მოსახერხებელიცაა, როდესაც მეღვინე მარნიდანვე კიბით საცავში თუ საწყობში ჩადის და არ უწევს კონკრეტულად სხვა შენობა-ნაგებობისკენ წასვლა თუნდაც იმავე ეზოში.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ თოფურიძე ღვინოს ორ რეგიონში - კახეთში და გურიაში აყენებს. მას უკვე საკმაოდ დაუგროვდა გამოცდილება ღვინის შენახვის კუთხით. როგორც თავად გვითხრა, ჯობია, ადამიანმა თავიდანვე დახარჯოს ენერგია და თანხა მარნის და საცავის სათანადოდ მოწყობაზე, ვიდრე მერე იზრუნოს მარნის კლიმატური პირობების გამოსწორებაზე, რადგან შეიძლება ეს ძვირი დაუჯდეს და ღვინოც კი გაუფუჭდეს.
ზურაბ თოფურიძე, მარანი „იბერიელი“: „კახეთში მარანი გრილ ადგილასაა - შუამთის ტყესთან, ზღვის დონიდან 750 მეტრზე და მოიცავს ორ შენობას: ქვევრების შენობას დუღილის პროცესისთვის და მიწისქვეშა სარდაფს ჩამოსხმული ბოთლების შესანახად. სარდაფის მშენებლობისას საკმაოდ ღრმად ჩავედი მიწაში და სარდაფი სრულად მიწაში მოვათავსე. სხვენის ბეტონის 25 სმ-იან ფილას კი 70-80 სმ სისქის მიწის ფენა დავაყარე. ქვევრების შენობა, სადაც დუღილი მიმდინარეობს, 50-55 სანტიმეტრიანი სისქის ქვა-კირით მაქვს აშენებული. ამ შენობის სხვენი - ხით, ხოლო გადახურვა - კრამიტით გავაკეთე. აქ იატაკი დაახლოებით მიწის დონეზეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრობლემებს მაინც წავაწყდი: სარდაფის ჰაერის ტემპერატურა ცხელ აგვისტოში ბუნებრივად მაინც თბება 22 გრადუსამდე. ამიტომ მომიწია გაგრილების სისტემის დაყენება 17 გრადუსამდე გასაგრილებლად. ქვევრების შენობაში კი ზამთარში 0-ზე დაბალი ტემპერატურის ჰაერი (ანუ ყინვა) სხვენიდან აღწევდა ქვევრებამდე. ამიტომ აქ სხვენის იატაკზე ქვაბამბის და პემზის ძალიან სქელი ფენის თბოიზოლაციის გაკეთება დამჭირდა“.
ძველ დროში ბუნებრივი ღვინის (მაშინ ინდუსტრიული ღვინო არც არსებობდა) საცავად ქვაბულებს და გვირაბებსაც იყენებდნენ. კლდეში ნაკვეთ ქართულ ციხე-ქალაქებში - უფლისციხესა და ვარძიაში დღესაც ნახავთ ბუნებრივ თუ ადამიანის მიერ გამოკვეთილ ქვაბულებს, რომლებიც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა. იქ არსებულ სტაბილურად დაბალ ტემპერატურას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ქვაბულების გამოყენება ღვინის შესანახად დღესაც შესაძლებელია.