„ამერიმერი“ - მევენახე-მეღვინეების მოლოდინი ფესტივალის წინ
„ამერიმერი“ - მევენახე-მეღვინეების მოლოდინი ფესტივალის წინ

სიახლე08-12-2022

10 დეკემბერს ბუნებრივი ღვინის ფესტივალ „ამერიმერს“ წელს პირველად უმასპინძლებს ქალაქი წყალტუბო. ფესტივალში მონაწილეობას 80-მდე ღვინის მარანი მიიღებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

„ამერიმერი“, ისევე როგორც ფესტივალი-გამოფენა ZERO COMPROMISE ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ტარდება და მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ. 

NWA.GE ტრადიციულად დაინტერესდა, თუ როგორია „ამერიმერში“ მონაწილე მეღვინეების წინასაფესტივალო განწყობა და რა მოლოდინები აქვთ მათ. ზოგიერთი მცირე მარანი მსგავსი ტიპის ფესტივალში პირველად იღებს მონაწილეობას და ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად მნიშნელოვანია. 

ირაკლი მინაძე, ტარასი მინაძის მარანი „ფერსვი“: „ჩვენთვის და ალბათ, სხვა იმერელი მეღვინეობებისთვის „ამერიმერის“ მოლოდინი სიხარულით და მოჭარბებული ემოციებითაა სავსე.  სიხარულს მეტწილად ის განაპირობებს, რომ ჩვენი კუთხეა ამ შესანიშნავი მხიარულების, ემოციების გაცვლის, მეღვინეებისთვის ახალი ბაზრების და შესაძლებლობების გამოჩენის თუ აღმოჩენის მასპინძელი. წელს ფესტივალზე გვექნება 2021 წლის ღვინოები: „ცოლიკოური“, „კრახუნა“, „ოცხანური საფერე“ და „ძელშავი“. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ღვინოები კვლავ შეგვახვედრებენ უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს, ახალ-ახალ ღვინოებს და მათ გემოებს მთელი საქართველოდან“.

დავით კაპანაძე, „ტყლაპის მარანი“: „პირველ რიგში, მინდა, კოლეგა მეღვინეებს გავასინჯო ჩემი ღვინები და მოვისმინო მათი აზრი. ვიცი, რომ ფესტივალს ექსპორტიორებიც დაესწრებიან და შესაბამისად მომავალი პარტნიორების პოვნაზე ვამყარებ იმედებს. წელს წარვადგენ 2021 წლის „ციცქას“, „ცოლიკოურს“ და „ოცხანურ საფერეს“. 2022 წლის ღვინოები ჯერ არ იქნებიან საფესტივალოდ მზად“.

რეზო გეთიაშვილი, ვაჟა გეთიაშვილის მარანი: „ნატურალური ღვინის ფესტივალის „ღვინის დედაქალაქიდან“ „ღვინის რეგიონში“ წაღება რამდენად კარგი წამოწყება იყო, ეს პირველივე წელს დამტკიცდა - ფესტივალი შედგა და დამკვიდრდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს უკეთესის მოლოდინი გაქვს და ეს მოლოდინი ყოველთვის მართლდება. ვაჟა გეთიაშვილის მარანი „ამერიმერის“ სტუმრებს და მასპინძლებსაც ისევ რქაწითელით და საფერავით გაუმასპინძლდება. თუმცა, წელს პირველად გვექნება შავი და ვარდისფერი რქაწითელის ღვინოები. მარნის ტრადიციული ღვინოებიდან 2018, 2019 და 2020 წლის ღვინოებს წარმოვადგენთ. ბუნებრივია, ძველი და ახალი ღვინოები თავის ძველ და ახალ შემფასებლებს დაელოდებიან. რა თქმა უნდა, ფესტივალის მთელი ხიბლი საკუთარი ღვინოების წარდგენით არ შემოიფარგლება და ბევრი კარგი ღვინის გასინჯვის სიამოვნება ცალკე ამბავია“.

თამარ გერლიანი, „მალატი“: „ჩვენი მარანი  წარმოადგენს 2021 წლის მოსავლის სამი სახეობის ღვინოს: „რქაწითელი“, „საფერავი“ და ჩვენი მარნის საავტორო ღვინოს სახელწოდებით - „ლალი“. იმედია, ეს ფესტივალი საშუალებას მოგვცემს, გავაცნოთ ჩვენი ღვინო რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ასევე, ჩვენც გავსინჯავთ მონაწილე მარნების ღვინოებს“.

გურამ მაისურაძე, „ნადელები“: „როგორც ყოველთვის , ახლაც მოუთმენლად ველი „ამერიმერს“. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ საყვარელ ხალხს, მეღვინეებს, გავსინჯავ ახალ ღვინოებს და აი, ეს ახალი გემოების ძიების პროცესი აღუწერელი შინაგანი სიამოვნებაა. იმერეთში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ ახერხებს თბილისში მოხვედრას ღვინის ფესტივალებზე და იქ ფესტივალის ჩატარება მათთვის დიდი სიხარულია. არამხოლოდ იმერლებისთვის, მთელი დასავლეთ საქართველოსთვის ასეა. წელს პირველად გამოვდივარ ჩემი ვენახების ღვინით. ღვინის 4 პოზიცია მექნება: საფერავი, მწვანე, ხიხვი და მაღრაანული ქისი. ასევე ორი სახეობა პეტნატი: „რქაწითელი“ და „ციცქა-ცოლიკოური“.

ეთო გზირიშვილი, „თედოს მარანი“: „წლევანდელ „ამერიმერზე“ 15-ზე მეტი დასახელების ღვინო გაგვაქვს და ეს მგონი სარეკორდო რაოდენობაა. ჩვენი წინასაფესტივალო მოლოდინი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალი კონტაქტების დამყარებას და ექსპორტის კუთხით წინსვლას ეფუძნება. ძალიან მომწონს ქალაქი წყალტუბო და ამ რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი ფესტივალი. მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ახალი ადგილი შეემატოს ქართული ღვინის რუკას“.

ლევან გოგოლაძე, „ლევანის მარანი ახმეტა“: „ამერიკაში წელს აღარ ვაპირებთ ღვინოების წარდგენას. სამაგიეროდ, გადავწყვიტე „ამერიმერში“ მივიღოთ მონაწილეობა. ფესტივალზე წარდგენილი გვექნება: რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. წყალტუბოს ფესტივალის გამართვის უპირატესობა ისაა, რომ ხარჯები ნაკლები იქნება და ის იმპორტიორები იქნებიან, ვისაც კონკრეტულად ქართული ნატურალური ქვევრის ღვინოები აინტერესებთ. იმპორტიორი თანხას და დროს რომ დახარჯავს საქართველოში ჩამოსვლაში, ის აუცილებლად შეარჩევს აქ ღვინოს - ჩემსას ან სხვისას“.

ამირან ვეფხვაძე, „ამირან ვეფხვაძის მარანი“: „ნებისმიერი ფესტივალი წარმოადგენს ახალი იმპორტიორების გაცნობის საშუალებას. ფესტივალი ასევე წარმოადგენს ახალი საინტერესო ღვინოების დაგემოვნებისა და ჩვენი ასოციაციის ახალი წევრების გაცნობის ადგილს. „ამერიმერზე“ მექნება: „კრახუნა“, „ცოლიკოური“, „ციცქა-კრახუნა“ და „ოცხანური საფერე“. იმერეთში ფესტივალის ჩატარებას  დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ხომ დასავლეთ საქართველოს გულია, სადაც იწარმოება მსოფლიოში საუკეთესო ღვინოები. მეგრული, აფხაზური, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და თვით იმერული ღვინოების დიდი მრავალფეროვნებაა. საქართველო და იმერეთი მსოფლიო მეღვინეობის ცენტრი უნდა გახდეს!“

მირიან იოსებაშვილი, „მირიანის მარანი“: „მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდია, განსაკუთრებით - ჩვენთვის,  ვისაც ჯერ ექსპორტი არ გვაქვს საზღვარგარეთ. ექსპორტის გაზრდისთვის „ამერიმერი“ იდეალური ფესტივალია. წყალტუბოში წარმოდგენილი მექნება: „კუნძა“, „კრახუნა“, „ძელშავი“, „ცოლიკოური“ და „მგალობლიშვილი“. ჩემი აზრით, წყალტუბოში და იმერეთში ფესტივალის ჩატარების იდეა ძალიან კარგია იმერეთის და დასავლეთ საქართველოს მეღვინეებისთვის. ამ გზით იზრდება ჩვენი ცნობადობა. ასევე, ერთგვარი უპირატესობაა ქუთაისის აეროპორტის სიახლოვე და ფრენის შედარებითი სიიაფე“.

გოგიტა მაკარიძე, „მაკარიძის მარანი“: „დარწმუნებული ვარ, „ამერიმერი“ იქნება სხვა ბევრი ფესტივალის თუ გამოფენის მაგალითის მიმცემი, თუ რა არის მნიშვნელოვანი ნატურალურ ღვინოში და რა სიკეთე მოაქვს ბუნებრივ ღვინოს და პროდუქტს. დასავლეთში, მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა მსგავსი ტიპის აქტივობებს. შესაბამისად, ეს ფესტივალი საშუალებას აძლევს სხვა მხარეებიდან ჩამოსულ სტუმრებს, გაეცნონ იმერეთის და დასავლეთის ღვინოებს. ასევე, ადგილობრივი ბაზრის წარმომადგენლებისთვის  არის შესანიშნავი საშუალება, გაეცნონ არა მარტო იმერეთის, არამედ ყველა კუთხის წარმომადგენლის უნიკალურ ღვინოებს. წარმოდგენილი მექნება: 2021 წლის მოსავლის „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ციცქა- ოცხანური საფერე“ და „ოცხანური საფერე“.