სიახლე . 14-03-2022
გურჯაანის ბუნებრივი მეღვინეობა
საქართველოში ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებსა თუ ზვრებში მოყვანილი ყურძნით მზადდება. მუკუზანის, კარდენახის, ვაზისუბანის, ახაშენის ღვინოებს დიდი ხნის ისტორია და სახელი აქვს. თავის დროზე პოპულარული იყო მხარის ღვინო „გურჯაანი“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აღარ მზადდება. სამაგიეროდ, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს სხვა ნაკლებად ცნობილ სოფლებსა თუ პატარა ზვრებში მოწეული სხვადასხვა ვაზის ჯიშების ყურძნის ღვინოები, რომლებსაც ღვინის გურმანებს სწორედ ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი მცირე მარნები აცნობენ. მაგალითად, კარდენახის პატარა ზვარს - „წარაფს“ ბოლო წლებში სწორედ ბუნებრივმა ღვინომ გაუთქვა სახელი.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის და ბუნებრივად მოხდა ისე, რომ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრების დიდ ნაწილს მარნები და ვენახები სწორედ გურჯაანის მევენახეობა-მეღვინეობით განთქმულ სოფლებში აქვთ. NWA.GE ამჯერად სწორედ ამ მარნების საქმიანობის მოკლე მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
სოფელ ბაკურციხეშია მარანი„ჩვენი ღვინო რომლის ვენახები გაშენებულია ბაკურციხის და კარდენახის საუკეთესო ზვრებში (წარაფი, ახოები, უროები, ჭორტაული). მარანი მეგობრებთან ერთად დააარსა აწ გარდაცვლილმა სოლომონ ცაიშვილმა, რომელმაც 2005 წლიდან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ტრადიციული ქვევრის ნატურალური ღვინოების ექსპორტი საქართველოდან. ეს მარანი, ფაქტობრივად, იყო პირველი, ვინც ბოთლში ჩამოასხა ორგანული წესით მოვლილი ვენახების ყურძნისგან დაყენებული ბუნებრივი ღვინო „წარაფი“. „ჩვენი ღვინო“ აგრძელებს საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარმოებას.
სოფელ ბაკურციხეშია, ასევე, გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი, სადაც 150 წელია, არ შეწყვეტილა ქვევრებში ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენება. წარაფის თუ უროების ზვრებში მოყვანილი რქაწითელის, მწვანე კახურის და საფერავის ღვინოები ოჯახის ძველ ქვევრებშია დაყენებული. მარანი ნაწილობრივ ღვინის ტურიზმშიც არის ჩართული.
„ჭორტაულის ვენახები“ - ამ სახელწოდებით აწარმოებს ღვინოებს ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი, რომელმაც 10 წელზე მეტია, სოფელ ბაკურციხეში (ზვარი - ჭორტაული) მეგობრებთან ერთად გააშენა კახეთის იშვიათი ვაზის ჯიშების ვენახები, მიიღო გამოცდილება და ამის მერე საკუთარი მცირე საოჯახო მარანი დააარსა. მარნის მთავარი მიმართულებაა ქართული ვაზის ჯიშების და ზვარის - „ჭორტაულის“ პოპულარიზაცია.
„ნიკალას მარანი“, ასევე, აგრძელებს ძველ საოჯახო ტრადიციებს. კარდენახში ნიკალა მღვდლიაშვილის ასწლოვანი სახლის მარანში მეღვინეობა მისმა შვილთაშვილმა, ზურაბ მღვდლიაშვილმა აღადგინა და განავითარა. მისი ვენახები კარდენახის საუკეთესო ზვრებში - წარაფსა და ახოებშია გაშენებული. რქაწითელის და საფერავის ვაზის ჯიშების გარდა, „ნიკალას მარანი“ აწარმოებს მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და ბუდეშურისებრი საფერავის ღვინოებს.
სოფელ კარდენახში მდებარეობს მარანი ,,ხვთისიაც“. ზურაბ ხვთისიაშვილმა მარანი, ოჯახის წევრებთან ერთად, პაპა-ბებიის კუთვნილ სახლში მოაწყო. 2015 წლიდან მარანი რქაწითელის და საფერავის ღვინოებს ერთ ჰექტარზე მოწეული ყურძნის მოსავლით ამზადებს.
„ნაკალოვარი - ქართული ღვინის მემკვიდრეობა“ ვენახებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ფლობს. ამ მარნის დამფუძნებლებიც წინაპრების ტრადიციებს აგრძელებენ და ორი დასახელების ღვინოს - „ნაკალოვარს“ და „საფერავს“ აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ღვინო „ნაკალოვარი“ 6 კახური ყურძნის მიქსია: კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, რქაწითელი, მცვივანი კახური და ვარდისფერი რქაწითელი.
ლომთაძეების მარანი მდებარეობს სოფელ ველისციხეში. საოჯახო მარანმა 2022 წელს 122-ე მოსავალი დაწურა 1900 წელს დაფლულ ქვევრებში. ოჯახის განკარგულებაშია საფერავის, რქაწითელის და კახეთის იშვიათი ვაზის ჯიშის - ღვინის თეთრის ვენახები. ლომთაძეების მარანი ჩართულია ღვინის ტურიზმში.
„525“ ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 2021 წლიდან შეუერთდა. საფერავის, მწვანე კახურის, რქაწითელის ვენახები და მარანი სოფელ ბუშეტში მდებარეობს. ღვინოებს ქვევრებში აყენებენ.
მეღვინეობა „თილისმას“ ისტორია 2012 წელს დაიწყო, როდესაც ქეთევან და კრისტიან ჰუბერტებმა გადაწყვიტეს, სოფელ მუკუზანში შეეძინათ მიწა ვენახებისთვის. 2019 წელს დაიწყეს ტრადიციული მარნის მშენებლობა, ვენახებთან ახლოს. მარნის მიზანია, შექმნას ნატურალური ღვინოები მინიმალური ჩარევით და წაახალისოს ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის პრაქტიკა.
იქვე, მუკუზანში აქვს მარანი მევენახე-მეღვინე გიორგი მანაგაძეს, რომელმაც მეღვინეობის დიდი ისტორიის მქონე სოფელში სახლი და ვენახი რამდენიმე წლის წინ შეიძინა. „მუკუზანის მარანი“ საფერავის და რქაწითელის ღვინოს აწარმოებს.
მარანი Saro Wine მდებარეობს ქალაქ გურჯაანში. მარნის მფლობელია ორი ახალგაზრდა ძმა, რომლებიც თავიანთი ოჯახური მეურნეობით, ცდილობენ, გააგრძელონ მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციები. ამ ეტაპზე სამი ვაზის ჯიშის ყურძნის ღვინოს - „საფერავს“, „რქაწითელს“ და „მწვანეს“ აწარმოებენ.
ვაჟა გეთიაშვილის მარანი ვენახებს სოფელ კაჭრეთში ფლობს. მარნის დამაარსებელია ვაჟა გეთიაშვილი - პროფესიონალი მევენახე-მეღვინე, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა და ახლა მის საქმეს შვილები აგრძელებენ. რქაწითელის და საფერავის ვენახების გარდა, ბოლო დროს მარანმა ვაზის იშვიათი ჯიშების ვენახებიც გააშენა (ღრუბელა კახეთის, გრძელმტევანა, შავი რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი და ა.შ.).
რობის მარანი მდებარეობს სოფელ ნანიანში. მარანს საფუძველი ჩაეყარა 1933 წელს ნიკო ზირაქაშვილის მიერ. ამ ეტაპზე რობის მარანი აწარმოებს რქაწითელის ღვინოს.
ასევე, ასოციაციის წევრები არიან მარნები, რომლებსაც ვენახები აქვთ გურჯაანის სოფლებში, მაგრამ მარნები - თბილისში ან თბილისის სიახლოვეს.
„ტანინი“ ვენახებს გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში ფლობს. ხოლო მარანი თბილისთან ახლოს - კიკეთშია, სადაც ღვინის დასაყენებლად ქვევრები გამოიყენება. ღვინის საფირმო ნიშნად ღვინის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება - ტანინი შეირჩა.
„ალაფიანი“ კავკასსერტის მიერ სერტიფიცირებულ ბიოვენახებს ფლობს სოფელ ვაზისუბანში - ალაფიანის სახელით ცნობილ ზვარში. მარანი კი ორხევშია, სადაც საღვინედ ქვემო და შიდა ქართლის ვენახებიდან მოწეული ყურძნის ნედლეულიც გამოიყენება.
მეღვინეობა „მახარებელი“ ასევე ვაზისუბნის მიკროზონაში აქვს ურწყავი ვენახი, მარანი კი თბილისშია, სადაც უკვე წლებია, აწარმოებენ ქვევრის ღვინოებს - „საფერავს“ და „რქაწითელს“.
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 2022 წლიდან შემოუერთდა კიდევ სამი მარანი გურჯაანიდან: ექიმის ბიო ღვინო, რომლის მარანი და ვენახები მდებარეობს სოფელ ჩუმლაყში, „ღვინის სახლი გურჯაანი“, რომელსაც ვენახები სოფელ ფხოველში აქვს და „კოლაგის მარანი“, რომელიც როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სოფელ კოლაგში მდებარეობს.