2022 წლის რთველის მოკლე შეფასება
2022 წლის რთველის მოკლე შეფასება

სიახლე04-11-2022

საქართველოში ყურძენი პირველ რიგში კახეთში მწიფდება და რთველიც აქედან იწყება, შემდეგ გრძელდება ქართლით, იმერეთით, გურია-სამეგრელოთი და რაჭა-ლეჩხუმით მთავრდება. რთველი ყველაზე კარგად აჩვენებს ყველა პრობლემას, რაც მთელი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობაში არსებობდა და ისიც ნათლად ჩნდება, ამ მოსავლის წლიდან როგორ ღვინოს უნდა ველოდოთ სხვადასხვა რეგიონებში.

წელს კახეთში მევენახეების მთავარი სატკივარი სეტყვა, გაზაფხულის ხშირი წვიმები და ივლისიდან უკვე გვალვები იყო. ისიც ხდება ხოლმე, როცა დასაკრეფად გამზადებული ყურძენი წინა დღეს დასეტყვილა და მთელი წლის წვალება წყალში გადაყრილა. ზაფხულში მოსული სეტყვა ხომ ლამის ნორმად არის ქცეული და არც არავის უკვირს.

ხშირად ამბობენ, რომ ამ პრობლემიდან გამოსავალი ვენახების დაზღვევაა, მაგრამ ეს ყველაფერი სათქმელადაა ადვილი. რეალურად ვენახების დაზღვევა საკმაოდ ძვირი ჯდება (ეს არც არის გასაკვირი) და მევენახეებს ურჩევნიათ, გარისკონ, რადგან ზოგს უბრალოდ არ უღირს დაზღვევისთვის ფულის გადახდა, რადგან შემდეგ მოწეული ყურძენი საკმაოდ იაფად უნდა გაყიდონ და საერთოდ, ყურძენს გაყიდიან თუ ვერა – ისიც არ იციან. 

მევენახე-მეღვინე ზემო ალვანიდან, ალექსი ციხელიშვილი ამბობს, რომ წელს ახმეტის ზონაში მწვანე კახური და ჟღია რაოდენობრივად და ხარისხობრივად კარგი დაკრიფა. რქაწითელი ხარისხობრივად კარგი ჰქონდა, რაოდენობრივად კი ცოტა. 

მთელ კახეთში საფერავის მოსავალი შემცირებული იყო. განსაკუთრებით თელაველები და ახმეტელები დაზარალდნენ.  თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში თავიდან გაზაფხული ნორმალურად დაიწყო. ამას მოჰყვა გახშირებული წვიმები. გაზაფხულის ბოლო ცხელი იყო და ივლისიდან საშინელი გვალვადაიწყო. ამის გამო, მევენახეების დიდმა ნაწილმა მოსავლის 30-40% დაკარგა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

ანალოგიური პრობლემები იყო გარე კახეთში (ივრის ხეობა), სადაც გვალვის გამო ახალშენი ვენახების დიდი ნაწილი გახმა და თავიდან გახდა გასაშენებელი. დიდმა წვიმებმა და შემდეგ გვალვამ პრობლემა შეუქმნა ყვარლელებს, სადაც ვაზის ხმობა აქამდე იშვიათი იყო. 

მიუხედავად მცირე მოსავლისა, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი კახელი მევენახეები ამბობენ, რომ მცირე მოსავალი ღვინის ხარისხს ნაკლებად შეეხება და წელსაც კვლავინდებურად მაღალხარისხოვანი ღვინის დაყენების იმედი აქვთ.

უცნაური მოვლენები მოხდა ქართლში. მცხეთის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები ზაფხულში განსაკუთრებით დიდმა გვალვამ შეაწუხა (მიუხედავად იმისა, რომ იქ გვალვა არავის უკვირს) და ხშირი იყო ვენახის ხმობის შემთხვევებიც. გვალვას და მის თანმდევ პრობლემებს უჩივიან დიდი ლიახვის ქვემო წელის სოფლებიც (გორის მუნიციპალიტეტი). ამის პარალელურად, ორივე ფრონეს ხეობაში (ქარელის მუნიციპალიტეტი) ამბობენ, რომ  წელი მათთვის განსაკუთრებით კარგი იყო და მოსავალიც ხარისხოვანი მიიღეს. 

კასპელი მევენახე-მეღვინე ნიკო ბერიაშვილი 2022 წელს მაინც დადებითად აფასებს. „ვენახში შარშან არ მქონდა კარგი წელი. მოსავალი მთლიანად დამიზიანდა და წელს ფესვზე ვამუშავე, ვაზის რქა ორ კვირტზე გავსხალი. ნაზარდი კარგად განვითარდა. გაზაფხული და ივნისის თვეც ნალექიანი იყო და ვფიქრობ დაეხმარა. ივლისი-აგვისტო, სიმშრალის გამო, ცოტა გაგვიჭირდა და ამიტომ ვენახი მოვრწყე. საბოლოოდ კარგად განვითარებული და მომწიფებული რქა მივიღე და და ჯანმრთელი მტევანი“, - ამბობს ნიკო ბერიაშვილი.

2022 წელი მთლიანად იმერეთისთვის ცუდი წელი იყო. გაზაფხულიდან დაწყებული უწყვეტი ნალექის და მაღალი ტენიანობის გამო, რაც აგვისტომდე გაგრძელდა, ჭრაქის თავიდან აცილება გართულდა. იმერეთში აგვისტო გვალვიანი იყო და ამან დამატებითი პრობლემები შექმნა. ზესტაფონელი მევენახე-მეღვინე გიორგი მშვენიერაძე გვეუბნება, რომ საბოლოო ჯამში, ჭრაქის გამო, მოსავლის 60%-მდე დაკარგეს, მაგრამ რაც შეინარჩუნეს, იმ ყურძენს ხარისხის პრობლემა არ აქვს.

იდენტური პრობლემები ქონდათ თერჯოლელებს, ვანელებს და ბაღდათელებს. იმერეთში მოსავლის სიმცირის გამო, ბევრი მეღვინე იძლებული გახდა, ყურძენი კახეთში შეეძინათ და ამ გზით მაინც მოეხერხებინათ მოსავლის რაოდენობის ბალანსი. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წესების მიხედვით, ასოციაციის წევრ მეღვინეებს უფლება აქვთ მხოლოდ ბიოსერტიფიცირებული მევენახეებისგან ან ასოციაციის წევრებისგან და მათი პარტნიორებისგან შეიძინონ უკვე წინასწარ ინსპექტირებულ-შემოწმებულ ვენახში მოწეული ყურძენი. ეს წესი, ცხადია, ყველა კუთხეზე ვრცელდება. მაგალითად, ასოციაციის წევრ იმერელ მეღვინეს თავისუფლად შეუძლია კახური ყურძნის შეძენა და მისგან ღვინის დაყენება.

 

არ იყო სახარბიელო წელი რაჭველი და ლეჩხუმელი მევენახეებისთვისაც. გაზაფხული რაჭა-ლეჩხუმში მეტნაკლებად ნორმალური იყო. ყვავილობის პერიოდში დიდი წვიმები დაიწყო. ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში კი ჭრაქმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც ამბროლაურის, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ვენახებს. რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში იყო ადგილები, სადაც ჭრაქმა თითქმის გაანახევრა მოსავალი. ამას მოჰყვა ორთვიანი გვალვა. 

ასოციაციის წევრი მეგრელი მევენახეების თქმით, 2022 წელი სამეგრელოში ბოლო ათწლეულში ყველაზე რთული წელი იყო. თებერვლიდან მოყოლებული უხვი ნალექი მოვიდა. მხოლოდ აგვისტო იყო მშრალი და მაღალი ტემპერატურებით ხასიათდებოდა. ვენახები დაზიანდა ყვავილობის დროს ჭრაქით. მოსავლის დიდი ნაწილი ბევრს გაუფუჭდა და დაახლოებით 20-30%-ით ნაკლები მოსავალი მიიღეს. 

ოქტომბერი სამეგრელოში ნალექიანი გამოდგა. მევენახე-მეღვინე ზაზა გაგუა ამბობს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში სამეგრელოში ცოლიკოურში შაქრიანობა 20-21-მდე იყო, ოჯალეშში კი 19. შარშან და შარშანწინ რთველი სამეგრელოში უფრო ადრე დაიწყო და  ოქტომბრის ბოლოს უკვე დასრულებული იყო. წელს ნალექების გამო რთველმა დაახლოებით ორი კვირით გადაიწია. 

უდავოდ რთული წლისა და დასახელებული მრავალი პრობლემის მიუხედავად, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრი მევენახე-მეღვინეები მომავალს მაინც იმედიანად უყურებენ და ფიქრობენ, რომ 2022 წლის მოსავლის ღვინო საბოლოოდ ხარისხიანი იქნება. ამას კი საბოლოოდ 2023 წლის გაზაფხულზე გავიგებთ.