ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ ამერს და იმერს უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ ამერს და იმერს უმასპინძლებს

სიახლე28-10-2022

10 დეკემბერს წყალტუბოში,ლეგენდს  სპა რეზორტში, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ გაიმართება. ამ ფესტივალში მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები მონაწილეობენ და სტუმრებს ორგანული წესების დაცვით მოვლილი ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან დაყენებულ ბუნებრივ (ნატურალურ) ღვინოებს სთავაზობენ. 

საქართველოს დედაქალაქის მიღმა მცხოვრები მოქალაქეები არ არიან განებივრებული ღვინის ფესტივალებით. მითუმეტეს, როცა საუბარია ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე, რის ტრადიციასაც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ დაარსებული ფესტივალი „ამერიმერი“ ტრადიულად ყოველი წლის მიწურულს ქუთაისში იმართებოდა ხოლმე. თუმცა, ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო, გასული ორი წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში არსებული ფაქტობრივად ერთადერთი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი არ გამართულა.

„ამერიმერი“ წელს უკვე მესამედ ჩატარდება  და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს შესთავაზებს. ფესტივალში, მონაწილეობას მიიღებს ასამდე მცირე მარანი, რომლებიც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები არიან და ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მეღვინეობის წესების სრული დაცვით აყენებენ. 

ბუნებრივი ღვინის სათავე ორგანული წესების დაცვით მოვლილი ვენახებია, სადაც არ გამოიყენება ჰერბიციდები, სისტემური პრეპარატები და მინერალური სასუქები, რაც შემდგომში უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვინოზე. სწორედ ამ მაქსიმალურად სუფთა ნედლეულისგან აყენებენ ღვინოს ასოციაციის წევრები, რომლებიც მარანში პრინციპულად არ იყენებენ ისეთ დამხმარე საშუალებებს და მეთოდებს, როგორიცაა: სელექციური საფუარი, გამწებავი საშუალებები, პასტერიზაცია, ღვინის მჟავები, ტანინები თუ სხვა მსგავსი ინდუსტრიული დანამატები.

წყალტუბოში დაგეგმილ „ამერიმერზე“ წელს მოსულ სტუმრებს ტრადიციულად საშუალება ექნებათ, უშუალოდ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი იშვიათი ღვინოები, ისიამოვნონ და აღმოაჩინონ ახალი გემოები. ფესტივალის სტუმრების დიდი ნაწილი პირველად გასინჯავს მცირე მარნების მიერ პანდემიის პერიოდში და მას შემდეგ დაყენებულ განსაკუთრებულ, ბუნებრივ ღვინოებს. 

ფესტივალი „ამერიმერი“ ჩატარდება წყალტუბოში მისამართზე: წყალტუბო,ლეგენდს სპა რეზორტი  რუსთაველის ქ.#23  12:00-დან 18:00  საათამდე.ბილეთის ფასი 20 ლარი.