ნამდვილი და ყალბი ალადასტური
ნამდვილი და ყალბი ალადასტური

სიახლე15-07-2022

ალადასტური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვაზის ჯიშია. ხშირად მოისმენთ ლეგენდებს ჯიშის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. „საქართველოს ამპელოგრაფიის“ ავტორებმა (ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე) ალადასტური გურიის წითელყურძნიან ვაზის ჯიშად აღწერეს. გეოგრაფიულად კი ეს ჯიში იმერეთშიც ფართოდ არის გავრცელებული. 

„ალადასტური“ არაბული სიტყვათშეთანხმებითაა მიღებული (ალაჰ, დასტურ), რაც ალაჰის თანხმობას ნიშნავს. არსებობს ლეგენდა, რომ მიუხედავად რელიგიური აკრძალვებისა, საქართველოში მოსულ არაბ დამპყრობლებს ალადასტური ძალიან მოეწონათ და ამ ღვინის სიყვარულის გამო, თავის გასამართლებლად თქვეს, რომ ეს ისეთი კარგი ღვინოა, ამის დალევაზე ალაჰმაც კი მოგვცა დასტურიო.

მიუხედავად იმისა, რომ ალადასტური ამპელოგრაფების მიერ დეტალურად არის აღწერილი და ცნობილია მისთვის დამახასიათებელი მრავალი სპეციფიკური ნიშანი, დღესდღეობით აღმოსავლეთ საქართველოს კერძო ვენახებში თუ ეზოებში მასობრივად არის გაშენებული სრულიად სხვა ვაზის ჯიში, რომელსაც ალადასტურს ეძახიან. სინამდვილეში ეს არის მოლდოვადან შემოტანილი ჰიბრიდული ვაზის ჯიში, რომელსაც ნამდვილ ქართულ ალადასტურთან საერთოდ არაფერი აკავშირებს.

მევენახეები რამდენიმე წელია, საუბრობენ ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებელი, რამაზ ნიკოლაძე, რომელიც ალადასტურის ყურძენსაც და ღვინოსაც კარგად იცნობს, ვარაუდობს, რომ თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ვენახებში, ძირითადად, სწორედ მოლდოვური ჰიბრიდული ვაზია გაშენებული, რასაც განსაკუთრებული მოვლა და შეწამვლა არ ჭირდება. სწორედ ამის გამო გახდა ეს უხარისხო და მეღვინეობისათვის სრულიად გამოუსადეგარი ვაზი ასე პოპულარული.

როგორც „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ ვკითხულობთ, ქართულ ლიტერატურასა და ხალხურ ფოლკლორში ასე ფართოდ ქართული ვაზის, ალბათ, არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ალადასტური. ალადასტური ნახსენებია ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმებსა და ანდაზებშიც კი. ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და ა.შ.) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი - გურია-იმერეთს მოიცავდა.

ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ისტორიული მეხსიერების იქით, გემოვნურ მეხსიერებაში ნამდვილი ალადასტური საერთოდ გაქრა და მხოლოდ ამის გამო შეიძლება მოხდა ამ უნიკალური ვაზის ჯიშის სრულიად გაურკვეველი ჰიბრიდული, ყალბი ჯიშით ჩანაცვლება.

ლევან უჯმაჯურიძე, პროფესორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი: „თავის დროზე მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვის კვლევით ცენტრში გამოიყვანეს ვაზის სასუფრე ჯიში „მოლდოვა“, რომელიც კიდევ სხვა ჯიშია. შემდეგ იგი შემოიტანეს საქართველოში და პირველად გაშენდა მცხეთის სოფელ ქანდაში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაში. სწორედ აქედან გავრცელდა ეს ჯიში, ძირითადად - ქართლში და თბილისში და ალბათ, გარეგნულად მიამსგავსეს გურულ ვაზის ჯიშს, რის გამოც დაარქვეს ალადასტური. არადა, ესაა სასუფრე ჯიში და არაფერი აქვს საერთო იმ ალადასტურთან, რომელიც დღეს ძირითადად გურიაში და ქვემო იმერეთშია შემორჩენილი. ფერით და მარცვლის ფორმით „მოლდოვა“ შეიძლება ჰგავდეს ალადასტურს, მაგრამ მტევანი და მარცვლები ალადასტურზე მკვეთრად დიდია და პირველყოვლისა, ამით შეგიძლიათ, განასხვავოთ". 

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი: „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ალადასტურის ჯიშის თაობაზე. მოსახლეობა უცოდინრობის გამო ნამდვილ ალადასტურს და ე.წ. მოლდავანკას ერთმანეთთან აიგივებს. ეს უკანასკნელი მოლდოვაში ამ 45 წლის წინ გამოყვანილი ჰიბრიდული ვაზია და ჩვენებურ ალადასტურთან საერთო არაფერი აქვს. მისი ღვინის ღირსება ნულოვანია. ალადასტური გურიის წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ის კარგადაც ინახება და ადგილობრივი მოსახლეობა სასუფრე ყურძნადაც იყენებს. ჯიში საგვიანოა და მისი რთველი ნოემბრის ბოლოსკენაა. „მოლდავანკას“ მარცვალი საკმაოდ მოგრძოა, რითაც ის ჩვენებური ალადასტურის ყურძნისგან ძლიერ განსხვავდება. გარდა ამისა ალადასტურის ფოთოლი ქეჩისებურად ძლიერაა შებუსული, რაც „მოლდავანკას“ შემთხვევაში, ასე არაა. განსხვავებულია ასევე ფოთლის ფორმა და მისი ნაკვთიანობა, ვეგეტაციის პერიოდი, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი… ერთი სიტყვით - ყველაფერი სხვადასხვაა“. 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ რამდენიმე მეღვინე დასავლეთ საქართველოდან ალადასტურის ღვინოს მრავალი წელია, აყენებს და ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში. ალადასტურისგან ვარდისფერი (როზე) ღვინოც კარგი გამოდის. გიორგი ბარისაშვილის თქმით, ასევე, არსებობს ალადასტურის ღვინის დაყენების განსხვავებული წესიც - ყურძენი ხანდახან პირველი თოვლის მოსვლის დროს იკრიფებოდა. მას წნულებზე დააწყობდნენ და ასე აჩერებდნენ გარკვეული ხანი. ამ დროს ყურძნიდან ზედმეტი წყალი ორთქლდებოდა და მასში შაქრის კონცენტრაცია მატულობდა. შედეგად მიიღებოდა მოტკბო, ხშირად კი შუშხუნა ღვინო, რომელსაც მოსახლეობა საშობაო მარხვის დასრულებისას, ანუ შობის დღეებში მიირთმევდა.