სიახლე . 27-12-2022
ღვინის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა
ღვინის ლაბორატორიული ანალიზი და ხარისხობრივი შემოწმება ქართველი მეღვინეების საქმიანობის რუტინულ ნაწილად იქცა. მეღვინეს მუდამ აინტერესებს, როგორ წარიმართა მის მიერ შექმნილ ღვინოში მთელი რიგი პროცესები, როგორი ხარისხის სასმელი დადგა და ხომ არ დაუშვა ისეთი შეცდომა, რამაც შეიძლება, ღვინის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს.
საქართველოში (ძირითადად - თბილისში) ბოლო დროს რამდენიმე ღვინის ლაბორატორია დაფუძნდა, რაც დარგში კონკურენციას წარმოშობს. ერთ-ერთი გამორჩეული ლაბორატორიაა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს. ამ ლაბორატორიასთან დღეისათვის ყველაზე მეტი მეღვინე თანამშრომლობს, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, ლაბორატორიის სანდოობით და მეორე მხრივ, საექსპორტო ღვინის პარტიაზე ლაბორატორიის სავალდებულო დასკვნის აუცილებლობით.
შპს „ღვინის ლაბორატორია“ როცა დაფუძნდა, იმ პერიოდში საქართველოში ღვინო ორგანოლეპტიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებზე არ მოწმდებოდა. მხოლოდ რამდენიმე დიდი ღვინის ქარხანა საკუთარი ძალებით ამოწმებდა ღვინოს უმარტივეს პარამეტრებზე და სულ ეს იყო. ღვინის ექსპორტი, იმპორტი და ადგილობრივი ბაზარი საერთოდ უკონტროლო იყო.
ღვინის ლაბორატორია დაფუძნდა 2006 წლის აპრილში, „საქართველოში ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშემწყობი ფონდის“ მიერ, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეღვინეობის კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა. 2003-2008 წლებში, ლაბორატორიის შექმნის პროცესში, უმნიშვნელოვანესი იყო, გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიამ იმ დროისთვის უახლესი აპარატურა შეიძინა, კონკურსის გზით შეარჩია და გადაამზადა კადრები, რომლებიც დღემდე ლაბორატორიის ბირთვს წარმოადგენს; დაინერგა საერთაშორისოდ აღიარებული ანალიზის მეთოდები; ლაბორატორიას დაეხმარნენ შიდა მენეჯმენტის სისტემის აწყობაში და ხელი შეუწყვეს აკრედიტაციის მიღებაში. ამის პარალელურად შემუშავდა ღვინის კანონმდებლობა საქართველოს მთავრობასთან ერთად.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ ლაბორატორიის გამართვაში მისი ახლახან გარდაცვლილი ხელმძღვანელის, ირმა ჭანტურიას უდიდეს წვლილს და მცირე და საოჯახო მარნებისადმი მის განსაკუთრებულ ყურადღებას.
2021 წლის აპრილის თვიდან ღვინის ანალიზის ფასმა მოიმატა. მცირე მარნებისთვის და განსაკუთრებით კი დამწყები მეღვინეებისთვის ამ მომსახურებაზე ფასის ზრდა მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, საინტერესოა როგორ ხდება ღვინის შემოწმება და ტექნოლოგიურად რამე ხომ არ შეიცვალა ამ კუთხით. სწორედ ამ საკითხებზე NWA.GE ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის დირექტორს, თინათინ ჯაჯანიძეს ესაუბრა.
თინათინ ჯაჯანიძე, ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის დირექტორი: ლაბორატორია ახორციელებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების კონტროლს. ჩვენ ვახდენთ სასმელების ტესტირებას ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებზე, აგრეთვე - ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე. ჩვენმა თანამშრომლებმა GIZ-ის პროექტის ფარგლებში გაიარეს გადამზადება და დღეს მუდმივმოქმედი სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისის წევრები არიან. სადეგუსტაციო კომისია ლაბორატორიაშიც ფუნქციონირებს და ასეთ მომსახურეობას ადგილზეც ვთავაზოთ ჩვენს დამკვეთებს.
შესამოწმებლად სასმელი ლაბორატორიაში ყოველდღიურად შემოდის, იქნება ეს საექსპორტო თუ არასაექსპორტო მიზნებით. მწარმოებლების ნაწილი ორიენტირებულია საექსპორტო ღვინის წარმოებაზე, ხოლო ნაწილს ადგილობრივი ბაზრების ათვისება აინტერესებს. ზოგიერთ მწარმოებელს, უბრალოდ, აინტერესებს თავისი სახლის ღვინის ან ჭაჭის ხარისხობრივი მონაცემები. ლაბორატორია ტესტავს როგორც მზა პროდუქციას - უკვე ჩამოსხმულ ღვინოს, ასევე - ნიმუშებს შუალედურ ეტაპებზეც. სატესტო ნიმუშის შემოწმებას მკაცრად განსაზღვრული წესი აქვს -ეტიკეტირებული ბოთლი შემოდის ლაბორატორიის მიმღებში, ენიჭება უნიკალური კოდი, შემდეგ გადაინაცვლებს საანალიზოდ ლაბორატორიაში. სხვადასხვა პარამეტრებზე ტესტირების შემდეგ, მონაცემები გროვდება ამავე კოდის ქვეშ, რის საფუძველზეც გაიცემა საგამოცდო ოქმი ქართულად, ან იმ ენებზე, რომელიც ქვეყნის ექსპორტისთვისაცაა განსაზღვრული ტესტირებული ნიმუში.
- საექსპორტო ღვინო, ალბათ, განსხვავებულად მოწმდება...
- ანალიზები კეთდება იმის მიხედვით, ღვინო რომელ ქვეყანაში მიდის და იქ რა მოთხოვნებია. არსებობს სხვადასხვა საანალიზო პაკეტები - ევროკავშირის ქვეყნებისთვის, დსთ-ს ქვეყნებისთვის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებისთვის (აშშ, ჩინეთი, იაპონია). ლაბორატორიაში შემუშავებულია, აგრეთვე, „პაკეტი ადგილობრივი ბაზრისთვის“ - 8 ძირითად პარამეტრზე. შემოსული ნიმუში მოწმდება კანონით გათვალისწინებულ ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებზე. თუ დამკვეთს დამატებით აინტერესებს მისი ორგანოლეპტიკური ანალიზი, ლაბორატორიას შეუძლია, ეს მომსახურებაც შესთავაზოს, რაც საერთო ფასს ცხადია, გაზრდის. ასეთ შემთხვევაში, მწარმოებლის მიერ მოტანილი 5 საანალიზო ღვინის ბოთლიდან 3 პარალელური ბოთლი იგზავნება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულ სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში. საბოლოოდ, ექსპორტისთვის მწარმოებელს სჭირდება როგორც ლაბორატორიული დასკვნა (ოქმი), ასევე სადეგუსტაციო კომისიის დასკვნა, რომ ღვინომ წარმატებით გაიარა შემოწმება.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ათავისუფლებს მცირე მარნებს დეგუსტაციის ვალდებულებისგან (გარდა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა) იმ შემთხვევაში, როცა საერთო გოგირდის შემცველობა ღვინოში არ აღემატება 40 მგ/ლ-ს და ერთი ლოტის ქვეშ ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა 3000-ზე ნაკლებია.
- რამ გამოიწვია ლაბორატორიის მომსახურებაზე ფასების ზრდა?
- ლაბორატორიული მომსახურეობის ფასმა 2021 წლის აპილიდან ნამდვილად მოიმატა. ანალიზის ფასის ზრდა განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, საგრძნობლად გაგვიძვირდა რეაქტივები, რომელთა გარეშე, რა თქმა უნდა, ანალიზი ვერ ჩატარდება. რეაქტივები, ძირითადად, უცხოეთიდან შემოდის. ასევე, მთელ მსოფლიოში ღვინის მიმართ წაყენებული მოთხოვნები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, ემატება ახალი საკვლევი პარამეტრები, რაც მოითხოვს ლაბორატორიის მუდმივად გადაიარაღებას და განახლებას. ამ მიზეზით ბოლო 5 წლის განმავლობაში ლაბორატორიამ შეიძინა რამდენიმე მაღალტექნოლოგიური აპარატურა: მასს სპექტროსკოპი, სითხური და გაზური სპექტრომეტრები. ხოლო შედარებით ადრინდელ, მაგრამ ასევე მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას დასჭირდა განახლება. ძირითადად, აპარატურა გერმანულია და ნაწილების ფასიც და მწარმოებლის მომსახურების ფასიც მუდმივად იზრდება. ფასის მატების მიზეზია კომუნალური გადასახადების (წყალი, ელექტრონერგია და სხვა) ზრდაც. ასევე, გასათვალისწინებელია პერსონალის ხელფასებიც. ლაბორატორია მთლიანად თვითდაფინანსებაზეა. ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი ლარის ინფლაციაცაა.
- ღვინის მცირე მწარმოებლებისადმი თუ არის შეღავათები და რა სახის მხარდაჭერა აქვს ლაბორატორიას მათდამი?
- ჯერჯერობით მცირე მარნებს (40 000 ლიტრზე ნაკლებს თუ აწარმოებენ წელიწადში) პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვისათვის კანონი არ ავალდებულებს, ღვინო ლაბორატორიულად იყოს შემოწმებული. თუმცა, ხშირად თვითონ მეღვინეები არიან დაინტერესებული, რომ შემოწმდეს მათი პროდუქცია.
ჩვენი ღვინის ლაბორატორია დღიდან დააარსებისა, ზრუნავს მეღვინეობის სფეროს, განსაკუთრებით კი - მცირე მეღვინეობის სეგმენტის განვითარებაზე. ამ მიზნით, ხშირად და პერიოდულობით ატარებს ტრენინგებს, გადამზადებას მეღვინეებისთვის და მარნების ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის. ხშირად მცირე მარნებს და დამწყებ მეღვინეებს ღვინის ლაბორატორიის თანამშრომლები საკონსულტაციო მომსახურებას (ორგანოლეპტიკური შემოწმება, ღვინის დამუშავებასთან, მარნის ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები) სრულიად უსასყიდლოდ უწევენ. მე, როგორც ამ ლაბორატორიის დირექტორი, სურვილს გამოვთქვამ, შემდგომშიც გავაგრძელოთ მცირე მარნის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, დახმარება და თანადგომა, რაც დაეხმარება არა მარტო კერძო სექტორს - მეწარმეს გახდეს კონკურენტუნარიანი შიდა და გარე ბაზრის ათვისებისას, არამედ, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად მეღვინეობის დარგს განვითარებაში.