სიახლე . 25-12-2023
გასხვლა - საგაზაფხულო საუბარი ვენახთან
მევენახეებისთვის გაზაფხული, პირველ რიგში, ვენახის გასხვლასთან ასოცირდება. მთელი წლის მანძილზე ვენახში ჩასატარებელი აგროსამუშაოებიდან გასხვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია. NWA.GE-სთან საუბარში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მევენახე-მეღვინეები ამბობენ, რომ სხვლის სათანადოდ ცოდნა და დროულობა, მოწეული მოსავლის და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხზეც აისახება.
ვაზის გასხვლის რამდენიმენაირი ხერხი და მეთოდი არსებობს. მევენახეთა მიდგომებიც განსხვავებულია. გამოცდილი მევენახეების უმეტესობამ ვაზის სხვლა-ფორმირების მინიმუმ ერთზე მეტი წესი იცის. თუმცა, უპირატესობას მაინც იმ მეთოდს ანიჭებენ, რაც მათი აზრით, კონკრეტული რეგიონისა თუ კუთხისთვის არის ტრადიციულად დამახასიათებელი.
ზესტაფონელი მევენახე-მეღვინე არჩილ გუნიავა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მევენახეა. ის ამბობს, რომ სხვლის პროცესი მევენახისგან შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ვაზის თითოეულ ძირთან ინდივიდუალური მოპყრობაა საჭირო.
არჩილ გუნიავა, „არჩილ გუნიავას მარანი“: „სხვლა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში. ვენახი რომ სწორად გასხლა, ამისთვის მევენახეს სჭირდება შემოქმედებით მიდგომა და ხანგრძლივი გამოცდილება. მან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, როგორიცაა: ჯიში, ვაზის ასაკი, ნიადაგის ნაყოფიერება, ექსპოზიცია, ვაზის სიძლიერე და ა.შ. იმერეთში, ძირითადად, მიღებულია ტრადიციული „ქართული სხვლა“ - ერთი მოსახვევი (სანაყოფო) და ერთი ნეკი (სამამულო). ნეკი ვაზის შტამბზე, სასურველია, იყოს მოსახვევს ქვევით, რათა თავიდან ავიცილოთ ვაზის შტამბის სიმაღლეში გაქცევა. მევენახეს სხვლისას უწევს თითოეულ ძირ ვაზთან ინდივიდუალური მიდგომა და გადაწყვეტა, თუ რამდენად უნდა დაიტვირთოს ვაზი. უნდა შეარჩიოს ოქროს შუალედი, რაც ნიშნავს, რომ ვაზი იმდენად არ უნდა დატვირთოს, რომ ბლომად მოისხას და მერე მტევნების სრულად დამწიფება ვერ შეძლოს და დასუსტდეს. არც იმდენად მცირედ უნდა დატვირთოს, რომ ვაზი მთელი წელი მცირე მოსავლისთვის გაცდეს. ზედმეტად დატვირთულ ვაზს მომავალი გასხვლისას ეტყობა წინა წელს არასწორად გასხვლის კვალი - იგი დასუსტებულია და იძულებული ხარ, შეცდომა გამოასწორო - შეუმცირო დატვირთვა და მხოლოდ სამამულო დაუტოვო ანუ დანეკო, რათა ერთი წლით დაისვენოს და ძალები აღიდგინოს“.
არჩილ გუნიავას თქმით, იმერული ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშები ყველა ერთნაირად ისხვლება, წითელი ოცხანური საფერე კი მიღებულია, ფორმირდეს და გაისხლას ე. წ. ოლიხნარად. ასევე, როგორც აღმოჩნდა, განსხვავებული სხვლა დასჭირდა წითელყურძნიან ჯიშს - მგალობლიშვილს.
„ვაზის ამ ჯიშთან მუშაობის გამოცდილება დაკარგული იყო. ჩემს ვენახში მან ვერ აიტანა ,,ქართული სხვლა" - ვაზი ბევრს ისხამდა და სუსტდებოდა. მომავალ წელს მიწევდა მისი დანეკვა ანუ სანაყოფეს გარეშე დატოვება. ამის შემდეგ ვაზი ზედმეტად ძლიერდებოდა და აღარ ისხამდა, მერე ისევ ჩვეულებრივად ვტვირთავდი, ისევ სუსტდებოდა და ა. შ. ორი-სამი წლის წინ მივედი დასკვნამდე, რომ სადღაც შუალედი შემერჩია და ამ მიზნით ვაზებს არ დავუტოვე მოსახვევი ანუ სანაყოფე, მაგრამ დავუტოვე ერთის ნაცვლად ორი ნეკი. ამის შემდეგ მოსავალიც და სიძლიერეც დასტაბილურდა“, - გვითხრა არჩილ გუნიავამ.
ბევრი მევენახე ამბობს, რომ სხვლის სხვადასხვა წესი ისწავლა და მათ შორის ერთი წესი აირჩიეს, რომელიც მათი ვენახისთვის ყველაზე მისაღებად მიაჩნიათ. როგორც ბუნებრივი მეღვინეობა ითვალისწინებს, მევენახეები ცდილობენ, ვენახში მცირე რაოდენობის ყურძენი ჰქონდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, საღვინედ მეტად ხარისხიანი მოსავალი მიიღონ.
„ვაზი საერთოდ რომ არ გავსხლათ, გამოიბავს ბევრ რქას, დაისხავს დიდი რაოდენობით ყურძენს, რისი დამწიფებაც გაუჭირდება. ამ დროს ვაზის რქები იქნება სუსტი, ხოლო ყურძენი - წვრილმარცვლოვანი და მჟავე. სხვლის მთავარი ამოცანაა, დარეგულირდეს როგორც ვაზის მოსავლიანობა, ასევე მისი სწორი ზრდა-ფორმირება“, - ამბობს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი (მარანი „იაგოს ღვინო“). მისივე თქმით, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია სხვლის ე. წ. გუიოს მეთოდი, რაც გულისხმობს დაახლოებით რვა კვირტზე - ორი სანაყოფე რქის და ასევე ორ-სამ კვირტზე ორი სამამულე რქის დატოვებას.
ვაზის სხვლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს მცხეთელი მევენახე-მეღვინე, ბექა ასლანიშვილი (მარანი „ბეას ნები“): „ვაზი უნდა გაისხლას ყოველ წელს, წვენთა მოძრაობის დაწყებამდე. ვაზის სხვლა დაკავშირებულია ადგილობრივ მეტეოროლოგიურ პირობებთან, საძირესთან და ა.შ. გასხვლისას მევენახის მთავარი მიზანია ვაზზე რქების ისეთი განლაგება, რომ მცენარეს სინათლის მიღების საუკეთესო პირობები შეექმნას. რქა უნდა მოიჭრას ცერად, რათა გადანაჭრელი ადგილი არ დააზიანოს ყინვამ. რიგზე გაშენებულ დაბლარ ვენახზე ვტოვებთ (თუ იქნება ამის საშუალება) ორ სამამულე და ორ სანაყოფე რქას. სანაყოფე არის რქა, რომელმაც წლის მოსავალი უნდა მოგვცეს. სამამულე არის რქა, რომელიც რჩება ორ-სამ კვირტზე (რასაც ვეძახით დანეკვას), რათა მომავალი წლისთვის განივითაროს კარგი რქები და მერე იმ რქებზე გავსხლათ ვაზი. გასხვლისას კვირტები უნდა დავტოვოთ იმდენი, რამდენის ატანასაც შეძლებს კონკრეტული ვაზის ჯიში, მისი სიძლიერე. თუ წვრილია რქა და კვირტებს შორის მანძილი არის ახლო, ეს ნიშნავს, რომ ვაზი არ არის ძლიერი და მაქსიმალურად უნდა გადავჭრათ რქა მოკლეზე“.
სწორად სხვლის ძიების პროცესში ზოგმა მევენახემ აღმოაჩინა, რომ სხვლის წესები სხვადასხვაგვარია, განსაკუთრებით - იმერეთის და ქართლის ვაზის ჯიშების შემთხვევაში. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ თავად ვენახი ყველაზე კარგი მასწავლებელია და თვითონ გეუბნება, გკარნახობს, როგორი გასხვლა სჭირდება მას. მთავარია, მევენახეს ვაზის და ვენახის ენა ესმოდეს.