ღVino Underground – ბუნებრივი ღვინის მოძრაობის დაბადების ადგილი
ღVino Underground – ბუნებრივი ღვინის მოძრაობის დაბადების ადგილი

Blog25-05-2026

 

საქართველოს ხშირად ღვინის აკვნად მოიხსენიებენ — ქვეყანად, რომელსაც მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. თუმცა გაგიკვირდებათ და საქართველოში პირველი ღვინის ბარი მხოლოდ 2012 წელს გაიხსნა, და ეს იყო ღVino Underground.

როგორ მოხდა, რომ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის ტრადიცია აქვს, ამდენი ხნის განმავლობაში არ გააჩნდა ღვინის ბარი.

საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინო ვითარდებოდა ცენტრალიზებული სისტემის ფარგლებში, სადაც მცირე კერძო მარნები და დამოუკიდებელი ღვინის წარმოება პრაქტიკულად აკრძალული იყო. ღვინო ეკუთვნოდა დიდ სახელმწიფო საწარმოებს და თითქმის არ არსებობდა სივრცე ინდივიდუალური მწარმოებლებისთვის ან საოჯახო მარნებისთვის, ისეთი სახით, როგორადაც დღეს ვიცნობთ.

კომუნისტური პერიოდის შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში ოჯახები მაინც აგრძელებდნენ ღვინის დაყენებას საკუთარ სახლებში და ამით აგრძელებდნენ და ინახავდნენ საუკუნოვან ტრადიციებს. თუმცა, მცირე მწარმოებლის მიერ ღვინის ჩამოსხმა და საკუთარი სახელით გაყიდვის პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობდა. 

კომუნისტური სტილის მასობრივი წარმოება რაოდენობას ანიჭებდა უპირატესობას, სადაც ინდივიდუალიზმის ადგილი არ რჩებოდა, რის გამოც ბოთლის ღვინო ბევრისთვის ინდუსტრიულ დაბალი ხარისხის წარმოებასთან ასოცირდებოდა. ბაზარზე დომინირებდა რუსეთის ბაზარზე გათვლილი წითელი და თეთრი ნახევრადტკბილი, ან მშრალი დაბალი ხარისხის, ხშირად ფალისიფიცირებული ღვინოები, რომლებიც არასდროს იწვევდა ქართველების პატივისცემას.

ამის პარალელურად, სახლის ღვინო დაკავშირებული იყო ნდობასთან, ოჯახურ ტრადიციებთან და ავთენტურობასთან. იმ პერიოდში იშვიათად შეხვდებოდით დიდ ქართულ სუფრას, სადაც ბოთლის ღვინო იქნებოდა მთავარი სასმელი. უფრო ხშირად ღვინო ოჯახის მარნიდან, ნათესავისგან, მეზობლისგან ან ნაცნობი ადამიანისგან მოდიოდა. საქართველოში ხომ ღვინო არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროდუქტი — ის ცხოვრების ნაწილი იყო.

 

თაობების განმავლობაში არსებობდა მკაფიო გამიჯვნა — სახლის ღვინო ეკუთვნოდა ოჯახურ მარნებსა და სოფლის მარნებს, ხოლო ბოთლის ღვინო — მასობრივ წარმოებას.

2005 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა.

იმ წელს მცირე ქართული მარნების ნატურალური ღვინო პირველად გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ(იტალიაში). ამ მნიშვნელოვან ამბავს სათავეში ედგნენ სოლიკო ცაიშვილი (ჩვენი ღვინო / Our Wine) და იაგო ბიტარიშვილი („იაგოს ღვინო“). ისინი იყვნენ პირველებს შორის, ვინც ბუნებრივი ღვინო სრულიად ახალ ამპლუაში — ბოთლში ჩამოსხმული და ეტიკეტირებული საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. ეს ამბავი დღეს ქართული ბუნებრივი ღვინის ახლიდან დაბადების დასაწყისად ითვლება. მაშინ ბევრი ადამიანისთვის, სახლის სტილის ნატურალური ღვინის ბოთლში ნახვა სრულიად ახალი მოვლენა იყო.

პირველ ექსპორტს მოჰყვა საერთაშორისო აღიარება მაგრამ მიუხედავად, მეღვინეებს საქართველოში საკუთარი ბუნებრივი ღვინოების გაყიდვა ძალიან უჭირდათ. იმ დროს ბუნებრივი ღვინის შეტანა ღვინის მაღაზიაში და რესტორნებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვევრში ნატურალური ღვინის დამყენებელ მცირე მეღვინეებს ხშირად უცნაურ ადამიანებად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით — ინდუსტრიული ღვინის სამყაროს წარმომადგენლები. ზოგიერთი სომელიე და ინდუსტრიული სტილის ცნობილი მეღვინე ქვევრს უწოდებდა დროში ჩარჩენილ წარსულის ჭურჭელს, რომლის ადგილიც, მათი აზრით, ქართული ღვინის მომავალში არ იყო.

ბაზრის ცვლილების მოლოდინის ნაცვლად, ბუნებრივი ღვინის პიონერმა მეღვინეებმა — სოლიკო ცაიშვილმა, მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა, ჯონ ვურდემანმა, ნიკა ბახიამ, ნიკი ანთაძემ, რამაზ ნიკოლაძემ და კახა ბერიშვილმა — გადაწყვიტეს საკუთარი გამოსავალი ეპოვათ და თბილისში (გალაკტიონ ტაბიძის 15) გახსნეს პირველი ღვინის ბარი ღVino Underground. მოგვიანებით ნიკა ბახიამ და ძმებმა ჯაყელებმა პროექტი დატოვეს და მათ ნაცვლად ბარის დაფუძნებლებს მეც შევუერთდი.

2013 წლის 17 მაისს საქართველოში პირველი ღვინის ბარის კარი გაიხსნა და ქართული ნატურალური ღვინის მოძრაობაში ახალი ეტაპი დაიწყო.

დასაწყისი რთული იყო. დიდი დრო დასჭირდა ღვინის მოყვარულების დარწმუნებას, რომ მცირე მარანში ბუნებრივად დაყენებული ღვინო შეიძლებოდა ყოფილიყო ბოთლში ჩამოსხმული და ეტიკეტიანი. ასევე რთული იყო იმის გაგება, რომ ნატურალური ღვინო შეიძლებოდა ყოფილიყო ამღვრეული, ჰქონოდა ნალექი ან იმ დროის ხალხისთვის უჩვეულო ვიზუალი და არომატი.

ყველა დამფუძნებელს თავისი როლი ჰქონდა ამ ღვინის ბარის განვითარებაში, ყველა იმით ცდილობდა დახმარებას რაც შეეძლოთ. მაგრამ აქ განსაკუთრებული ადგილი რამაზ ნიკოლაძემ დაიკავა. ის გახდა ღVino Underground-ის მასპინძელი და მოგვიანებით — მისი სახე. მან სრულიად ახალი ტიპის ურთიერთობა შექმნა იმ ადამიანებთან, ვინც ამ ახალ სამყაროში შემოდიოდა. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა — უბრალოდ ბუნებრივი იყო, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ხან, თუ ხასიათზე იყო, საათობით ლაპარაკობდა ღვინოზე, ხან კი საერთოდ ბევრს არაფერს ამბობდა.  

მისი ხასიათი და პიროვნება ახალი თაობის ნატურალური ღვინის მომხმარებლების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა — საათობით საუბრებით, დეგუსტაციებით და განათლებით, რომელსაც ადამიანები ხშირად ბევრი ღვინის სმის პარალერულად იღებდნენ.

ღVino Underground იქცა ადგილად, სადაც არ არსებობდა ღვინის სნობიზმი. ეს იყო თავისუფალი, ანტიინდუსტრიული აზროვნების სივრცე.

ადგილობრივად პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ბარის ცნობადობა ქვეყნის გარეთაც,  რაშიც ჯონ ვურდერმანმა გადამყვეტი როლი ითამაშა. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ღვინის მწერლები, ცნობილი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები საქართველოში, პირველად სწორედ ღVino Underground ში მოდიოდნენ და სწორედ აქ ეცნობოდნენ ახალბედა ბუნებრივ მეღვინეების ღვინოებს, ამ მეღვინეებისთვის ეს იყო ფანჯარა ღვინის ცივილიზებულ სამყაროში.

2015 წლისთვის ღVino Underground ქართული ნატურალური ღვინის მოძრაობის ნამდვილ ლოკომოტივად იქცა და ძალიან ცნობილი გახდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2015 წლის შემდეგ თბილისში ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა ახალი ღვინის ბარები. დღეს საქართველოში უკვე ათეულობით ღვინის ბარია და მათი უმეტესობა პირდაპირ ან ირიბად, წესით ღVino Underground-თან უნდა იყოს დაკავშირებული.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ღVino Underground ასევე არის Zero Compromise-ის — რეგიონის ყველაზე დიდი და გავლენიანი ბუნევრივი ღვინის ფესტივალის — დაბადების ადგილიც. პირველი Zero Compromise სწორედ ღVino Underground-ში ჩატარდა დაახლოებით 15 მარნის მონაწილეობით. მაშინ ძალიან ცოტანი ვიყავით.

როგორც მსოფლიოს მრავალი დამოუკიდებელი ღვინის ბარი და კულტურული სივრცე, ღVino Underground-იც ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას შეეჯახა. პრობლემები პანდემიის შემდეგაც გაგრძელდა, რის გამოც ბარის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ სივრცეს ახალი სიცოცხლე და ახალი ეტაპი სჭირდებოდა.

2026 წლის მაისში ღVino Underground-ს ახალი პარტნიორები — ნამდვილი ღვინის მოყვარულები და ამ იდეის გამზიარებლები შეუერთდნენ. ახლა ბარი ახალ ცხოვრებას იწყებს ახალი იდეებითა და ახალი ენერგიით. თუმცა, ფილოსოფია უცვლელი რჩება.

ღVino Underground მხოლოდ საქართველოს პირველი ღვინის ბარი არ იყო. მან შექმნა სრულიად ახალი ეკოსისტემა ნატურალური ღვინის გარშემო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის ჩამოყალიბებაში, რომლის გავლენაც კიდევ დიდხანს დარჩება ისტორიას.

და შესაძლოა ეს ამ ისტორიის მხოლოდ დასაწყისია..

 

ავტორი, ზურა მღვდლიაშვილი